ლექსო იმან მოკლა, ვინც...
13-07-2021
ლექსო იმან მოკლა, ვინც...
დღეს, ერთობ რთულია ჩემთვის რამის თქმა, მით უფრო, როცა ჩემი კოლეგა გარდაცვლილია. ერთობ რთულია, როცა პოლიტიკური გამარჯვების ფინიშთან მიღწევის სურვილით გამოცვივდნენ არენაზე და გარდაცვლილი აღარ ახსოვთ. როდესაც დაუძინებელი მტრები გავხდით ერთმანეთის და დამნაშავეს მხოლოდ სხვა მხარეს ვეძებთ...
სინამდვილეში არავითარი ორი მხარე არ არსებობს. ვერცერთ მათგანში ვერ იპოვი სიმართლეს. სინამდვილეში ხელისუფლება აინტერესებთ და არა სახელმწიფოს სიძლიერე. მოქალაქეები დავიღალეთ ილუზორული პოლიტიკით, მოჩვენებითი ამოცანებით, ფიქტიური საკითხებით, ყალბი ჭეშმარიტებით და ყალბი ღმერთით.

აი, ამ რთულ
დღეებშიც კი შემიძლია თამამად ვუთხრა ჩემს კოლეგებს, ნუ აუფასურებთ ჩემს პროფესიას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედეთ და თქვით სიმართლე. ლექსო იმან მოკლა, ვინც ჟურნალისტიკას უღალატა, ვინც გააყალბა სიტყვა, ვინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ვინც თავგზას ურევს და შუაზე ხლეჩს საზოგადოებას, ვინც ფულზე ჰყიდის
საქმეს, ფულზე ჰყიდის სიმართლეს, ვინც ძალაუფლებისთვის წამსვლელია ყველაფერზე... და მიუხედავად ყველაფრისა, პრეტენზია აქვს ჭეშმარიტებაზე.

ვერ ნახავთ დღეს პოლიტიკოსს და ჟურნალისტს (რამდენიმეს გამოკლებით), რომლებზეც იტყვით, რომ ის არის სახელმწიფო მოღვაწე თავისი თვალთახედვით, შრომით, პატიოსნებით, დიაპაზონით... რას ითხოვთ? მოდი, გავჩერდეთ და ყველამ ჩვენს თავებს შევხედოთ.

როდესაც საუბრობთ პროფესიულ მოვალეობაზე, გულწრფელად თქვით, რას გულისხმობს ეს? თეორიულად მაინც არ გისწავლიათ? პროფესიული მოვალეობის შესრულება ნამდვილად არ არის, რასაც თქვენ ჩადიხართ რესპონდენტთან ურთიერთობისას ან პრობლემის გაშუქებისას. დღეს მედია ჭეშმარიტებას არ გამოხატავს! ის, უბრალოდ, თავის თავს გამოხატავს და ამაში ცუდი ისაა, რომ საკუთარი თავის აღვირახსნილ სიყვარულს აქცევს კულტად და შემდეგ, მას მთელ საზოგადოებას ახვევს თავს... რთულია ამის თქმა, მაგრამ გამოსავალი საკუთარი თავის დანახვაა...
უნდა გეყოთ სითამამე და უთხრათ ხალხს, - შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება! იმ სისტემას, რომელმაც დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი მოიტანა, თქვენც ქმნით, მეც ვქმნი, ყველა ვქმნით და ძალიანაც ჰარმონიულად ვცხოვრობთ მასში, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებებისა.

ბევრმა ჩემმა კოლეგამ გამოთქვა წუხილი, როცა თავს გვესხმით, გაიხსენეთ, რომ თქვენი პრობლემების მოგვარებაში ჟურნალისტები გეხმარებიანო. მეც იმავეს ვაკეთებ, რადგან მოქალაქეს ჰგონიხარ "ღმერთი", მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის სწორი. არ არის სწორი, რადგან განვითარებულ ქვეყანაში მოქალაქეს საქმეს ჟურნალისტი კი არა, სახელმწიფო უწყებები უგვარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად არ ზრუნავს...

საერთოდ, ყველა პრობლემა გვაძლევს შანსს, რომ გამოვფხიზლდეთ და განვითარების სწორ გზას დავადგეთ. სამწუხაროდ, ქუჩაში გამოვარდნილი ადამიანებისგან ამას ვერ ვხედავ. სხვას ედავებიან იმას რასაც თვითონ აკეთებენ. ლექსოზე წუხილის გულწრფელობას კი ვერ დავიჯერებ იმ ძალისგან, რომელიც გირგვლიანის და სხვა უამრავი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას დღემდე ამართლებს... ამ ქაოსში კი მართლა განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები იკარგებიან. სამწუხარო ჩემთვის ის კი არ არის, ადამიანები ქუჩაში თუ გამოვლენ, არამედ ის, რომ ჩვენ სიმართლე დღეს არ გვჭირდება, გვაწუხებს!

ჩემს კოლეგებზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი ბერკეტი, უკეთესობისკენ შევცვალოთ ქვეყანა. ძირითადი პასუხისმგებლობა კი მოდის ხელისუფლებაზე. დიახ, ასეა, მესამე პირში რომ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, თავს ჩაგრულად ასაღებს, თავს და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე როა დახურდავებული მთელი პოლიტიკური სპექტრი, პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს.

ვეღარაფერს ვიტყვი გარდა ერთისა: "ქართველმა ხალხმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს. ვინ ვიყავი, მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?
შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისაკენ. ასაშენებელი თავისუფლებისკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილისაგან დაიბადება ენერგია ფერიცვალებისა..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
*******
20 ივლისი 2021 09:51
მადლობა უფალს თქვენნაირების არსებობისთვის, მთლად არ ყოფილა ჩვენი საქმე საგანგაშო, არა და ამ ბოლო ხანის ყველა ჟურნალისტზე ერთნაირი წარმოდგენა მქონდა, კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბებას არ მოვსწრებივარ, მაგრამ დღევანდელი ჟურნალისტების შემხედვარე ვხვდები როგორები იყვნენ პარტაქტივისტები და ინტრიგანი გოგო-ბიჭები. თქვენ ბევრის სათქმელი თქვით, ყველა რომ ასე აზროვნებდეს ამხელა ღვარძლი და აგრესია ნამდვილად არ იქნებოდა ერში, სულხან-საბასი არ იყოს ენით დაკოდილს ცულით დაკოდილი სჯობიაო და ეს ყველა ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს სანამ რამეს იტყვის.
bela
20 ივლისი 2021 01:54
მადლობთ, რომ ობიექტურად მსჯელობთ წარმატებები თქვენ საქმიამობაში და პირად ცხოვრებაში....
.
19 ივლისი 2021 20:04
ნინო! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ეს რომ სახელმწიფოს მეთაურმა სთქვას, მთელ საქართველოს შეუყვარდება, მაგრამ?????

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები