ვინ არის ლგბტ თემი? ამბები, რომელიც ყურადღებას ითხოვს... - კვირის პალიტრა

ვინ არის ლგბტ თემი? ამბები, რომელიც ყურადღებას ითხოვს...

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ამბები, რომლებსაც დღეს ლგბტ პირებზე დავწერ. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ფაქტებს ვწერ და ერთად გაანალიზებას გთავაზობთ.

გეების შესახებ შეკითხვას: არის ეს გადახრა, ავადმყოფობა თუ არჩევანი? - ინგლისური რადიოს ტოკშოუში მსმენელები პასუხობდნენ. როცა სამმა სხვადასხვა მამაკაცმა დარეკა და თქვა (ერთი პაკისტანელი, ერთი ინდოელი და ერთი ინგლისელი), რომ ისინი მთელი ცხოვრება ჩვეულებრივი მამაკაცები იყვნენ და ერთ დღეს გადაწყვიტეს, თავისივე სქესის ადამიანთან ეცადათ სექსი იმ აჟიოტაჟის გამო, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ატეხილი, წამყვანი ვერ იჯერებდა, რომ ასეთი რამ შესაძლოა, მოხდეს. ისინი კი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ხანდახან ეს შეიძლება არჩევანიც კი იყოს. არ ვიცი, ეს იყო სერიოზულობა თუ ხუმრობა, მაგრამ მე მოვიყვან 3 ცნობილ ადამიანს, რომლებმაც სქესი ზრდასრულ ასაკში შეიცვალეს.

სემ სმიტმა, რომელიც ძალიან პოპულარული მომღერალია ინგლისში, რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ შეეშვა იყოს ჰეტეროსექსუალი, მას სურს, გაიჩინოს ბოიფრენდი, რადგან გრძნობს რომ ასე უფრო კომფორტულად იქნება. მან ამის გამო ათასი დამცირება მიიღო მსმენელისგან, რის შესახებაც მოგვიანებით პრესაშიც დაწერა.

რიტა ორა - ასევე ცნობილი წამყვანი და მომღერალი, რომელსაც "ბოიფრენდი" ჰყავდა, დღეს თავად უწევს "ბოიფრენდობას" ძალიან ცნობილ ინგლისელ მოდელს.

კეტლინ ჯენა (კრის ჯენერი) - ეს კაცი კიმ კარდაშიანის მამინაცვალია. კარდაშიანის დედას ორი გოგო საკმაოდ ცნობილი მოდელი ჰყავს ამ კაცთან. მაგრამ ერთ დღეს განაცხადა, რომ კეტლინი დაირქვა და ქალად გადაკეთდა. მისი შიშველი ფოტოები ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდა, რამაც უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. გოლფის პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ ნამდვილი ჯენერი მათთვის მოკვდა, თუ ეხლა უკვე კეტლინს რაიმე ქულების დაგროვება სურს, სპორტი ნულიდან უნდა დაიწყოს (ის ცნობილი სპორტსმენი გახლდათ).

ამით არაფერს ვამტკიცებ. ეს არ ნიშნავს, რომ გეების მდგომარეობა მასობრივად არჩევითია და მათ აირჩიეს ეს გზა. ნამდვილად არა. ამ შემთხვევაში ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით, გააჩნია ფაქტებს და ადამიანებს, თორემ ის სამივე სახით (როგორც გადახრა, ავადმყოფობა თუ არჩევანი) შესაძლოა დაფიქსირდეს. თან დღეს იმდენად ძლიერია ეშმაკი დედამიწაზე, რომ ყველას და ყველაფერს აქვს ორი მხარე და ყოველთვის გონიერებაა საჭირო და არა - საკუთარი ერის დისკრიმინაცია. შეცდომაა, შენს ხალხს ეძახო უგუნურებო და გაუნათლებლებო, ეს ხომ არჩევანი არ არის, როცა მსოფლიოში დღეს უკვე არაერთი შემთხვევაა მსგავსი.

რაც შეეხება ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს ყველაფერი მათი ეკლესიების ხელშეწყობით მოხდა. მაგალითად, ამერიკელმა სასულიერო პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ამერიკის ყველა შტატში ერთსექსიანთა ქორწინების დაშვებით და ეს დაიბეჭდა კიდეც პრესაში. ასევე იყო ირლანდიასა და შოტლანდიაში, როდესაც მღვდლები გულისტკივილით მიმართავდნენ ახალგაზრდობას.

უბრალოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენთან ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, ღმერთი - ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.

ჩემთვის საკუთარი ერის მასობრივად დისკრედიტაცია უფრო არის სიძულვილის ენა, ვიდრე სიტყვა - მამათმავლობა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობლობებში ეწერა. ან გეები, როგორც ავადმყოფები, რომლის გაბათილებაც გაერომ და ევროპის ქვეყნებმა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ან ვიღაცის მოსაზრება, რომ აღიზიანებს, არ აინტერესებს გეები, ამ საკითხზე გამოკიდება...

ადამიანებო, მთელი გულწრფელობით გეუბნებით: ის პროცესები, რაც მსოფლიოში და მათ შორის - ჩვენთან მიდის, ფაქტია, რომ ცოდვასა და უცოდველობას შორის ზღვრის წაშლისთვის მიდის და არა - "განსხვავებული" ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ეს აშკარაა და თავს ნუ მოიტყუებთ.

აქვე შეგახსენებთ: წავშალოთ ზღვარი ცოდვასა და უცოდველობას შორის, ეს ნიშნავს მოვექცეთ უწონადობის მდგომარეობაში...

შფოთმა მოიცვა არა მხოლოდ ჩვენი ყოფა, ყოველდღიური ცხოვრება ან პოლიტიკა, რომელიც პრიმიტიული თამაშის წესებს დაუქვემდებარეს, არამედ - შფოთი შევიდა ეკლესიებშიც და ცდილობენ, სულიერება მიწიერი ღირებულებებით გადაფარონ და განსაჯონ. და, ვინც "ხეირობს" შფოთით, იერიში მიაქვს ზნეობაზე, რაც დღეს გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ - ზოგადად, ადამიანურ ღირებულებებთან.

და, ეს ქრისტიანული ჭეშმარიტება, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობს დეფორმირებული ლიბერალიზმი, მასებში გაბატონებული ნიჰილიზმი, უბრალოდ, ფილოსოფიური ჭეშმარიტება კი არ არის, ესაა ცხოვრებისა და ცხონების ჭეშმარიტება. ამ დეფორმირებულ, სახეცვლილ ლიბერალიზმზე დავწერ, ალბათ, ერთ დღეს, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა, მოკლედ ვიტყვი, რომ ქრისტიანი ყველაფერში ღმერთს ხედავს, თანამედროვე ლიბერალი კი - მხოლოდ "რასას", "სქესს" ან "წარმოების საშუალებას"

ჰოდა, ვართ ასე ჩაბჟირებულები სქესზე და სექსზე. არადა, ადამიანს განსაზღვრავს უკვდავი სული და მისი საქმეები, სექსუალობა არაფერს არ განსაზღვრავს! და თუ არ არის დაცული მოქალაქის სიცოცხლე და თავისუფლება, აქ თავისთავად იგულისხმება, რომ არ არის დაცული არც ჩემი, არც შენი და არც გეის უფლება.

თუმცა, რასაც ახლა ვწერ სულაც არ ნიშნავს, რომ ლგბტ თემის მიმართ მუქარა და ძალადობა გამართლებულია.

თქვენ ხომ გრძნობთ, რომ რადიკალური ძალები და ე. წ. ლიბერალური ოპოზიცია სულზეა ეკლესიის გაშავებას. ჰოდა, მშვენივრად გამოსდით. როდესაც ეკლესია რაღაც თემებზე კომენტარს არ აკეთებდა, მასობრივი ლანძღვა მიდიოდა მედიის მხრიდან, რატომ არაფერს ამბობსო. ხმას ამოიღებს და რატომ იღებს ხმასო... ეს პროცესებიც, რაც 5 ივლისიდან განვითარდა, რადიკალური ჯგუფების პარპაშის ბრალია, რაზეც ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს.

და თუკი სადმე აგრესიული სასულიერო პირი თუ მოქალაქე დაფიქსირდა, ყველა ღმერთის სახელით მოძალადეს ვეტყოდი, თქვენთვის სულიერება ტრადიციულ რელიგიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ცოცხალ ღმერთთან. რომის პაპზე უკეთესი კათოლიკე ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი ქრისტიანული ხედვა ასეთია: ქრისტიანობამ შეძლო და წინ აღუდგა დემონს არა ლოზუნგებით, არა ძალადობით, არამედ - ადამიანიდან ადამიანამდე მიტანილი ჭეშმარიტებით.

სათქმელი კიდევ ბევრია. თუნდაც ის, რომ ევროპულ ქვეყნებში კანონი კანონობს, ყველას უფლებები დაცულია, მაგრამ ლგბტ თემის საპროტესტო აქციები მუდმივად იმართება. საინტერესო აქ ის არის, თუ რა გზებით ცდილობენ ისინი გარკვეულ წრეებში შფოთის შეტანას. ამის შესახებ ერთ დღეს აუცილებლად მოვუყვები ჩემს მკითხველს.

დღეს კი, ბლოგს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია-მეორის სიტყვებით დავასრულებ:

"ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს