ჩემი წლევანდელი აღმოჩენები... გამომყევით ფეხდაფეხ - კვირის პალიტრა

ჩემი წლევანდელი აღმოჩენები... გამომყევით ფეხდაფეხ

მე ეხლა ვიმყოფები ლენტეხისა და ცაგერის გზაგასაყარზე. ჩემგან ხელმარცხნივ იწყება ლენტეხის რაიონი, ხოლო ხელმარჯვნივ - ცაგერის რაიონი. ეს არის ულამაზესი ადგილი, სადაც დღეს უნდა ვიმოგზაურო და თქვენც გაგაცნოთ. გაღმა მოჩანს ხვამლის მთა და მწვანეში ჩაფლული სოფელი ჩხუტელი. ხიდი, რომელზეც მე ეხლა ვდგავარ, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელშია და პირდაპირ უკავშირდება წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ეკლესიას. წმინდანის საფლავიც სწორედ აქვე ყოფილა, რაც ჩემთვის აღმოჩენა იყო. მე, განახებთ როგორ გამოიყურება გარედან ეს ულამაზესი კომპლექსი. სამწუხაროდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის მოლოცვას ვერ შევძლებ, რადგან ეკლესიის გუმბათისა და შიდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.... ხელოსნები გვაიმედებენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში წმინდა მამის ხსენების დღეს, სარემონტო სამუშაოები დასრულებული იქნება და შეგვეძლება სტუმრობა. აქვე გეტყვით რომ ეს ტაძარი ამ მხარეში დაფუძნებული ეპარქიის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და წმინდა ნაწილები აღმოჩენილია მამათა მონასტერში. ნაპოვნია სხვა ნაწილებიც, რომლებიც წმინდანის მოწაფეებს ეკუთვნოდათ.

მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2005 წლიდან დაიწყო. მონასტრის წინამძღვარი მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) გახლავთ.

სწორედ მეუფე სტეფანემ რამდენიმე პირთან ერთად მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო...

აქვე მოკლედ გეტყვით, რომ მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმინდა მამა გახლდათ. წმინდა მაქსიმეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიის მოსახლეობაში. მწვალებლობაში მყოფი იმპერატორი და სასულიერო პირები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ნეტარი მამა რომელიმე ცრუმოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. მათი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ხელი და ენა მოჰკვეთეს ნეტარ მამას და თავის ორ მოწაფესთან ერთად გადაასახლეს...

აი, ამავე გზაზევე, ციცაბო კლდეზე ვიწრო კიბეებია ასასვლელი. მე, დღეს პირველად უნდა დავლაშქრო მურის ციხე. როგორც გადმოცემით ვიცი მურის ციხესთან მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც მაქსიმე აღმსარებლის სახელს უკავშირებენ.

პირველად ავდივარ აქ და თან მარტო, იმედი მაქვს მშვიდობით მოვივლი და ხელის გულზე გადაშლილ ლეჩხუმს განახებთ.

სხვათა შორის მურის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონიც იხსენებს. აგებულია შუა საუკუნეებში და მე-19 საუკუნემდე მოქმედი ყოფილა. ის გამორჩეული ძეგლია. მტრის შემოსევის დროს ცხენისწყლის ხეობიდან ბარისკენ მიმავალ გზებს კეტავდა...

აქ უნდა იყოს 3 კოშკი. ციხის კომპლექსის სამივე ციხეს თავისი სახელები ერქვა: "დაუხვდი", "ჰკა მაგას" და "არ გაუშვა". ეს სახელები დღემდე შემორჩა.

ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტიკური ხანის ქვევრ-სამარხები, ბრინჯაოს, რკინის, კერამიკის და ოქროს ნივთები.

არსებობს ასეთი ლეგენდა: მტერი შემოესია ამ ციხეს. ბრძოლის დროს აქედან მტერს გადააყარეს კირი. კირით გამურულმა და დამწვარმა მტერმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მას შემდეგ ამ ციხის კომპლექსს დაერქვა მურის ციხე.

აქედან ეგრისის ქედის ნაწილიც მოსჩანს. ამ ქედს შუაზე ჰყოფს ცხენის წყალი... მოკლედ, მე ჩემს ამპლუაში აღმოვჩნდი, ულამაზეს ადგილებს ლექსებს ვუკითხავ. და, მთელი მონდომებით ვეძებ ახალ ციხე-ნანგრევებს....

მეორე მხრიდან ჩამოვედი. ახლოსვე ორბელის გადასასვლელია და მერე რაჭისკენ მიდის გზა.

იმოგზაურეთ საქართველოში, სხვა რა ვთქვა. აღმოაჩინეთ საოცარი ადგილები და იყავით ბედნიერები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს