აქაურობა ჩაკეტილ კორპუსებს არ ჰგავს, ანუ იმისათვის, რომ ადამიანები გადავრჩეთ
აქაურობა ჩაკეტილ კორპუსებს არ ჰგავს, ანუ იმისათვის, რომ ადამიანები გადავრჩეთ
"მართალია, აცრებით და სხვადასხვა ვიტამინის საშუალებით იმუნიტეტის გაძლიერება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ბუნებასთან სიახლოვეს ალტერნატივა რეალურად არ აქვს. კორონა ვირუსმა დიდი საფრთხე შეუქმნა კაცობრიობას მთელ მსოფლიოში, მაგრამ ასევე დაგვანახა, რომ ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებელია" - მეუბნება ჩემი მასპინძელი. თუმცა, ჩვენ ვირუსზე არ ვსაუბრობთ, ხოშარაულები არც მსოფლიო პანდემიას დალოდებიან, მანამდე აირჩიეს მიწა და დედაქალაქიდან სოფელში გადასახლდნენ.

მოდით ცოტა ხანს დაივიწყეთ ეს დაძაბულობა და ქაოსი, რაც თქვენს ირგვლივ არის და გამომყევით სიმშვიდეში, ჩვენი
ქალაქიდან არც ისე შორს.

თბილისიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში (სიონთან ახლოს) სოფელი კოჭბანია. აქ ფშავური სილაღით მხვდება გელა ხოშარაულის ოჯახი. ფშავში კი სოფელი "ხოშარა" ხალხისგან დაცლილა. დღეს იქ ციხეებისა და სიპით ნაშენი სახლების ნანგრევებია თურმე შემორჩენილი. ხოშარაულები სალოცავში მაინც ადიან, არ სურთ იქაურობას მოსწყდნენ.
დღეს
ადამიანების უმეტესობა ქალაქისკენ გარბის, ზოგი ლუკმაპურის საშოვნელად, ზოგი რისთვის და ზოგიც რისთვის. გელა, პირიქით - ქალაქიდან სოფელს მობრუნებია. ხოშარაულების ოჯახი "კოჭბანში" მოკრძალებულად დასახლდა.

ქვით ნაშენ ხის აივნიანი სახლი ბევრი შრომისა და დაღლის შემდეგ სასურველი საცხოვრისით ჩაანაცვლა. ეს სახლი სავსეა სითბოთი, სიყვარულით, სტუმართმოყვარეობით...
"თავის დროზე, მთა რომ იცლებოდა, ჩემს წინაპარს უყიდია მიწა აქეთ... მას შემდეგ ჩემი გვარ-ჯილაგი აქა ვცხოვრობთ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, იქ შევქმენი ოჯახი, იქ მეყოლა სამი შვილი. გულმა კი აქეთ გამომიწია," - მეუბნება გელა და ეზო-კარს თვალს ღიმილით ავლებს.

"ტკბილი ბებო მყავდა, მართა პატარაშვილი, კარგი მოლექსე ქალი იყო. ის რომ დაიღუპა, აქაურობა გავერანდა, ვიფიქრე, პატრონი ხომ უნდა ამ ყველაფერს, ფესვები რათ უნდა დავკარგო-მეთქი. ქალაქში აუცილებელ საქმეზე მივდივარ. განა ჩემი ქალაქი კი არ მიყვარს, მაგრამ..."
მაინც ქალაქი თუ სოფელი? ვაწყვეტინებ გელას საუბარს. ასეთ პასუხს კი აღარ ველოდი: "მე იმ წინაპრის შტოდან ვარ,/ სადაც არ ქრება სანთელი,/ სადაც პირდაპირ იტყვიან,/ თუ რამე არის სათქმელი..." ეს მართა ბებოს ლექსია- იხსენებს მასპინძელი. "თქმა ვიცი ხოლმე, ნეტავ დედაჩემს ეცოცხლა ცოტა ხანს მაინც, დედის გარეშე კერიას სითბო მოაკლდა..."
გელა ლიქიორს ასხამს ჭიქებში, სტუმარს ლოცავს და მეუბნება: "ჩვენს ხელმარჯვნივ ჭეხილას ციხე და კვირიას სალოცავი მოჩანს. ჩვენი შემწე იყოს წმინდა გიორგი და მარიამ ღვთისმშობელი. შეგვარგოს წუთისოფელი, მინამ ცოცხლები ვართ"

მანამდე მე სოფლის სახელის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ხალხში დღემდე შემორჩა. არის ერთი პატარა სოფელი - სასადილო. ამ სოფლის სახელი თამარ მეფის დროინდელია. ძველად ხალხში ამბობდნენ, თამარ მეფეს თავისი ამალით აქ გამოუვლია და უსადილია, იმიტომ უწოდეს სასადილო. მერე იქვე, მეორე სოფელშიც გადმოსულა, ამ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა არ ყოფილა. თამარს მდინარეში კოჭიც დასველებია. ხალხი ამბობდა თურმე, თამარს ჩვენსა კოჭიც დაუბანიაო. ასე შეარქვეს სოფელს კოჭბანი. საკმაოდ გრილა აქ და ბოლო დროს ასე ნანატრი ჟანგბადიც შეგიძლია ისუნთქო.
ჩვენმა მასპინძელმა ხანდახან ფშაურად გალექსვაც იცის, მაგრამ ამჯერად ბებოს იხსენებს და მეუბნება, რომ მართა ბებოს სკოლაში არ უვლია, მაგრამ კარგ ლექსებსა წერდა. ერთხელ, ვახუშტი კოტეტიშვილის გადაცემაში უნდოდა თურმე გამოსვლა და მისთვის წერილის ნაცვლად ეს ლექსი მიუწერია: " მინდოდა, პოეზიაში მენაც მიმეღო წილიო,/ რა ვქნა არ დავბადებულვარ თეკლე ბატონიშვილიო,/ ზოგმა დაუკრა ჩონგური, ზოგმა დაუკრა სტვირიო,/ მე კი არც ერთი არ ვიცი, იმით ჩავკიდე ცხვირიო,/ სულ მაგის მოლოდინში ვარ, ცრემლები მამდის ხშირიო,/ ეგება როგორ მიმიღოთ, მიმაღებინეთ წილიო." ვახუშტის მართა ბებოს ლექსები დიდად მოუწონებია.

ვიცი აქედან ძნელია ვინმესთვის მოწოდება, მაგრამ მაინც მგონია, იმისთვის, რომ ახლაც და მომავალშიც, ადამიანები გადარჩნენ, უნდა აღდგეს მემცენარეობა, აბსოლუტურად სუფთა მეურნეობას მივყოთ ხელი.
შრომა აუცილებელია. ამის გარეშე არაფერი გამოვა. მეტი კავშირი ვიქონიოთ ბუნებასთან. სოფელს უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა. არ მეთანხმებით?

შენი ეზო სამოთხეს ჰგავს, შვილიშვილებს უხარიათ აქ ამოსვლა? კითხვას კითხვითვე ვპასუხობ.
რანი ვართ ამ მიწისა და ერთმანეთის გარეშე? ტირის მიწა უპატრონობით. დაუმუშავებელია დიდი ნაწილი ჩემიც და სხვისაც, ბავშვობაშივე მიყვარდა აქაურობა. ერთი სული მქონდა როდის დამეწყებოდა არდადეგები რომ გამოვქცეულიყავი სოფელში, ბებო-პაპასთან.

ბავშვებსაც აქ უხარიათ. აქაურობა ჩაკეტილ კორპუსებს არ ჰგავს, აქ სივრცე აქვთ ბავშვებს ბუნებასთან გაჯერებული, ნამდვილი, უტყუარი, ხალასი, აი, სუნთქვას რო გრძნობ სამყაროსთან ერთად.
ბედნიერები ვართ, ჩვენ რომ გვაქვს ეს მიწა-წყალი დედა ღვთისმშობლის ნაბოძები და ისე უნდა დღეს გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა როგორც არასდროს...

ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი ასეთია, ნაჩუქარი სტრიქონი, რომელიც საგზლად მომაქვს: "წლები გაფრინდნენ, გაიქცნენ,/ ბრძოლას მიცხადებს სიბერე,/ იქნებ სიცოცხლე არ გინდა, იქნებ ვეღარა იფერებ,/ დაწვები, ვერ დაიძინებ,/ ღამეს სულ თეთრად ითენებ,/ სიკვდილ-სიცოცხლეს ვინ გასცემს,/ ვინ გეტყვის, რომელს ინებებ,/ წუთისოფელი კარგია, თუ კაცი გამაიყენებ."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები