საქართველოს ახალი ათონის მთა და სექტემბერში აღნიშნული ახალი წელი
საქართველოს ახალი ათონის მთა და სექტემბერში აღნიშნული ახალი წელი
თუკი ვიტყვი, რომ ამ ურთულესი წლის უდავოდ მადლიერი ვარ, მკითხველს ალბათ ეჭვი გაუჩნდება... არადა, ყველაფრისგან შეგიძლია დადებითი მიიღო ან დაინახო. წელს მართლა იღბლიანი აღმოვჩნდი. რამდენი საკითხია გასარჩევი და ხმამაღლა სათქმელი ამ წინასაარჩევნო პერიოდში , მაგრამ დღეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდო და ერთ საოცარ ადგილზე უნდა დავწერო. ამასთანავე, ახალი წელიც ემთხვევა და ორმაგი მიზეზი მაქვს. მინდოდა მეთქვა, საეკლესიო ახალი წელი, რომელიც მოსახლეობას, მგონი, არც ახსოვს.
საეკლესიო ახალ წელზე ოდნავ მოგვიანებით
მცირე, მაგრამ საინტერესო შტრიხებს მოგაწვდით, მანამდე კი ვიტყვი, რომ იმ ულამაზეს და მადლიან მხარეს მეც აღმოვჩნდი, რომელსაც ქარმელი ჰქვია. აქაურები მას ახალი ათონის მთას უწოდებენ, და აქ იმ დროს ამოვედით, როდესაც საეკლესიო ახალი წლისთვის ემზადებოდნენ.

ორი სიტყვით გეტყვით, რომ აქაურობას ქარმელი ბიბლიური სიუჟეტ
ის გამო ეწოდა. ის ელია წინასწარმეტყველს უკავშირდება. ქარმელის მთაზე წმინდა ილია წინასწარმეტყველმა დაამტკიცა ჭეშმარიტი სარწმუნოება, როდესაც ერთ-ერთი ლოცვის დროს ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდა. ამის მსგავსად ამ ადგილს დაერქვა ქარმელის მონასტერი.
მთის თავზე, მონასტრიდან ოდნავ მოშორებით, ახლაც მოსჩანს ძველი ციხის ნანგრევი. ეს ისტორიული ციხეა, რომელიც ძამის ციხეს უკავშირდებოდა და მასთან ერთად მთავარ დამცავ ბურჯად ითვლებოდა. ძამას ხეობას მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი და სულ მაინტერესებდა სტუმრობა. ნამდვილად შთამბეჭდავია, რომ ამ ხეობის გაცნობას ქარმელით ვიწყებ.

გზას გარიჟრაჟზე დავადექით, ნაწვიმარია და ვფრთხილობთ. რთული გზაა. გზაში ვფიქრობ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება.
გასულ საუკუნეებში ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში დასახლებაც ყოფილა. ქარმელი ძამის ხეობაში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, სოფელ ციხისგვერდის ნასოფლარზე, მდინარე ძამის დასავლეთით და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. იქვე, ახლოს, უძველესი ციხე-კოშკია, რასაც უკავშირდება ამ სოფლის სახელის - "ციხისგვერდის" დარქმევა. გასულ საუკუნეებში ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში დასახლებაც ყოფილა. სოფელ ციხისგვერდიდან მოსახლეობა აყრილა და ახლომდებარე ბარის სოფლებში დასახლებულა.

2007 წლიდან ამ მადლიან ადგილას სამონასტრო კომპლექსი აშენდა. ადრე, ამ ადგილს მონადირეების გარდა, არავინ ცნობდა, თურმე.
ნასოფლარს ერთ-ერთი მოლოცვის დროს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა მიაკვლია და გადაწყვიტა მონასტრის აშენება. მეუფის ლოცვა-კურთხევით მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ზაბულონს დაევალა.
ქარმელის მამათა მონასტერში: წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ღია ტრაპეზი და წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრებია. აქვეა ბერების საცხოვრებელი სენაკები.
მონასტერს საკუთარი მეურნეობა და სათბური აქვს. მამები ამუშავებენ მიწის ნაკვეთს. აქაურობას მართლა საოცარი მადლი აქვს.

როგორ მინდა, ფოტოებშიც ისე მკაფიო და ლამაზი ჩანდეს ყველაფერი, როგორც ბუნებრივად არის. საკმაოდ მაღალი წერტილია და აქედან ხელის გულზე ჩანს მთელი ხეობა.

შეუძლებელია არაფერი ვთქვა ღია ტრაპეზზე. ღია ტრაპეზის ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. მრევლი მონაწილე ხდება იმ პროცესისა, რაც ტრაპეზის გარშემო ხდება. ტრაპეზი - ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლო ქრისტიანულ ტაძარში, სადაც უმთავრესი ქრისტიანული რიტუალი აღესრულება. პური და ღვინო გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად...
დღეს აქ ხალხის სიმრავლე საეკლესიო ახალ წელს უკავშირდება. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა.

ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროს იყო ცნობილი. ქრისტიანულმა ეკლესიამ, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო. ამასთანავე, წმიდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული". 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1-ლი სექტემბრიდან იწყება.

მოკლედ, დღეს არის საეკლესიო ახალი წელი და დაე, იყოს ეს დასაბამი ქართველი ერის სულიერი ამაღლებისა და სულიერი აღმშენებლობისა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები