რამდენიმე დღეში არჩევნებია და, ჩვენ რა შუაში ვართ? ანუ სანახაობა მუდამ გვაქვს, მაგრამ პური არ გვეღირსა... - კვირის პალიტრა

რამდენიმე დღეში არჩევნებია და, ჩვენ რა შუაში ვართ? ანუ სანახაობა მუდამ გვაქვს, მაგრამ პური არ გვეღირსა...

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დემოკრატია იმ საზოგადოებაში, სადაც მანიპულირებს ყალბი და პირადი ინფორმაცია? შესაძლებელია აქ ამომრჩეველს მოსთხოვო პასუხისმგებლიანი, გააზრებული დამოკიდებულება არჩევნებისადმი? სადაც საზოგადოება ხვდება, რომ ბევრი ინფორმაცია სულაც არ არის მისი უკეთ ინფორმირებულობისთვის გავრცელებული, არამედ - იმისთვის, რომ ყურადღება გადაგატანინონ, გაგართონ, დამალონ სიმართლე ან მოგატყუონ. მანიპულაციისთვის იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "საზოგადოებრივი კეთილდღეობა" და "საზოგადოებრივი ინტერესი". თავის მხრივ, დისკუსია თითქოს საჯარო სფეროში მიმდინარეობს, თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, ყალბია.

პოლიტიკოსები, როგორც უბნის ძველი ბიჭები, ისე იქცევიან. ყველაფერზე წასვლის პოლიტიკურ სიტუაციაში უკვე კარგად იგრძნობა საზოგადოებაში არსებული, ეს შეგუბებული დაძაბულობა. მაგრამ, პოლიტიკოსებისა და ხალხის პრობლემები აბსოლუტურად სხვადასხვაა. ასე მგონია, მეათედ ვწერ ამ ფრაზებს. მეასედ ამბობენ, არჩევნების წინ რომ ტემპერატურა მოიმატებს. მეათასედ გაეჭიმებიან ერთმანეთს ქვეყნის ზიზღში მყოფი "მმართველები" და ჟურნალისტები აჟიტირებული ტონით გააკეთებენ "საბჭოთა ტერმინებით" სავსე გადაცემებს... და კიდევ ერთხელ ეს პროცესები არანაირ კავშირში არ იქნება ხალხის ცხოვრებასთან.

ანუ სანახაობა გვაქვს, მაგრამ პური არ გვეღირსა.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ოდესმე ამ ქვეყანაში ვინმემ რამეზე პასუხი აგოს? ერთადერთი ვინც მახსენდება, კალაძე იყო, ვინც თქვა, რომ წითელი ხაზები უნდა დაწესდეს მდარე, უკადრის ხერხებთან მიმართებაშიო. ასე არაა? არ არის საჭირო ამაზე ოდესმე ფიქრი? ეს კონკურენცია აღარ არის, ეს არის უკანასკნელი მოსისხლე მტრების ბრძოლა, რომლის მიღმა ხალხია. აქედან გამომდინარე, არ შემშლია, რომ ვიკითხე ჩვენ რა შუაში ვართ? არჩევნების იგნორირებას არ ვქადაგებ, მინდოდა მეთქვა, ამ სიტყვებს ხალხი მეუბნება. სწორედ მოქალაქეები თვლიან, რომ არჩევნებს ველოდებით პოლიტიკური კულტურის სიღატაკის ფონზე. და, გაღატაკებული ხალხის პარალელურად, გაცილებით საცოდავად ჩანან "გაღატაკებული" პოლიტიკოსები.

დააკვირდით, ვინ არიან ჩვენთან "სახეებად" მიჩნეულები - აგრესიით სავსე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, საეჭვო რეპუტაციის, დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანები და... ამის შემდეგ ქვეყნის განვითარების შედეგები გვიკვირს? ტელევიზიის დირექტორს შეუძლია "მართოს" პროცესები და არც ერთმა "მეგობარმა" ჟურნალისტმა არ დასვას შეკითხვა: საიდან აქვთ ჟურნალისტებს უშიშროების ინფორმაცია და თან რა უფლებით იყენებენ ისე, როგორც მათ სურთ? თორემ ქვეყნის უსაფრთხოება რა შემთხვევაში შეიძლება უსმენდეს ხალხს ან როგორ არის მოწყობილი ეს პროცესი ევროპაში, შემდეგში დავწერ.

ეხლაც კი, იცით, რა განცდა მაქვს? როდესაც არასწორი პოლიტიკოსები იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ეს არ ქმნის სამართლებრივ გარემოს, ეს, თავის მხრივ, საზოგადოებაში წარმოშობს უნდობლობას, ეს უნდობლობა კი - აგრესიას.

ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურად გაუმართავი სახელმწიფო და მთავარი პრობლემა ამაშია სწორედ და არა - პერსონებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგიერთები გარეთ ვერ გაჭაჭანდებოდნენ. ჩვენი ცხოვრების წესი არის საზოგადოებრივი მანკიერება. 30 წელია, ვითმენთ საარჩევნო კამპანიის აბსოლუტურად მდარე პროცესს. მოსაზრებას, რომ წინასაარჩევნო დუღილი აუცილებელია და ამ დუღილში მაინცდამაინც უნდა იყოს ცილისწამება, ზიზღი, ერთმანეთის დაჭრა, უცხოელ პარტნიორებთან ერთმანეთის დასმენა, ქვეყნის პარალიზება. ისევ მაქვს განცდა, რომ პოლიტიკოსების ცხოვრება და ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის.

ასეთმა ჯგუფებმა შეუძლებელია დაძლიონ პოლიტიკური უკულტურობა, დაეუფლონ პოლიტიკური დიალოგს, მოერგონ კანონს და ქვეყანას. ეს ხომ წინასწარ გათვლილი პიარია და ვის რაში სჭირდება, როცა ხალხი დაიღალა და აღარ ტყუვდება. ხელოვნურად შექმნილი მესამე ძალაც ვერაფერ ახალს ვერ გვთავაზობს.

ამ ჭაობისმაგვარ პოლიტიკურ ვითარებაში წნეხში ისევ ხალხი ექცევა, ხალხი, რომელმაც ისწავლა თავის შეცდომებზე და აღარ სურს ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა. მარგინალი პარლამენტარებიც ბევრი გვახსოვს, მაგრამ მოქალაქეები მართლა ვეღარ ვარკვევთ, ვინ რა მოგებას ღებულობს, იქიდან, თუკი წინასაარჩევნო ჭიდილი არა რეალურ პრობლემებზე კინკლაობას, არამედ - ჩვენთვის აბსოლუტურად უინტერესო საკითხებით წარიმართება.

შეგნებულად გადავავლე თვალი ექსპერტ-პოლიტოლოგების მოსაზრებებს პოსტ-არჩევნების მოსალოდნელ მდგომარეობაზე და ხალხს აღარ გვიკვირს ისევ იგივე დასკვნები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვისმენდით: "არჩევნების შემდეგ სრულიად სხვაგვარ რეალობაში აღმოვჩნდებით", "არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ", "არჩევნების შემდეგ...." სინამდვილეში კი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს