ვის უნდა მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება? ანუ, შეთქმულება, რომელიც კვლავ ხალხის დათრგუნვისთვის მომზადდა... - კვირის პალიტრა

ვის უნდა მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება? ანუ, შეთქმულება, რომელიც კვლავ ხალხის დათრგუნვისთვის მომზადდა...

ამ, "დემოკრატიად" წოდებულ ქაოსში, რაც დღეს ქვეყანაშია, ე.წ. პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ არხებად წოდებულ ჯგუფებს აქვთ უკიდურესი თავისუფლება, ბევრი ფული (რა წაიღო მიშამ საქართველოდან ამისთანა?), ცხოვრობენ, როგორც უნდათ და კვირაში ერთხელ სიბინძურეს "ისვრიან" ხალხის დასათრგუნად, ისე რომ, კაცი - ადამიანი სამართლებრივ პასუხს არ სთხოვს. არ მგონია, მათ ამ კომფორტის დაკარგვა მიშას ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ უღირდეთ. წარმომიდგენია, მართლა ძალაუფლების მოპოვების შანსი რომ მიეცეს, როგორ მოისროდა სანაგვეზე გვარამიას მაგვარ "ხელის ბიჭებს" და დახურავდა გრიგოლიას მსგავს გადაცემებს... შეხსენებისთვის: მიშას, არათუ ქაოსი, რეალური სიმართლეც არ აწყობდა მისი მმართველობის დროს. ადამიანების ქუჩაში ხოცვას და სისტემის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს დღესაც სოციალურ ნიადაგზე ჩადენილ გაუგებრობებს ეძახის და ჩვეულებრივ მოვლენად ასაღებს. ერთ-ერთი, რაც შემიძლია შეგახსენოთ, სოციალური ტოქ-შოუების დახურვა იყო და აკრძალვა, რომ მსგავს თემაზე აღარ გველაპარაკა. ეს, ხანდახან მაინც გაიხსენეთ ხოლმე, "ადამიანების ბედით შეწუხებულო" არხებო.

სინამდვილეში სულ არ მაინტერესებს, მიშა, ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში, ვის რომელ სანაგვეზე გადააგდებს. მაფიქრებს ერთი რამ, რატომ აქვს ჩვენს ხალხს მუდმივად წარსულისკენ სწორება? და რატომ "ჩამოიყვანეს იგი"? ჩემი ეჭვები შეთქმულების თეორიის შესახებ, რომელიც დღითი დღე ღრმავდება, ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლების გადაბარებაა. არ არის გამორიცხული, - ივანიშვილს მობეზრდა მმართველობა და ქვეყანას ფეშქაშად უკან უბრუნებს მიშას, თავისი საწყისი მდგომარეობით, როგორიც სააკაშვილმა 2003-ში ჩაიბარა...

აქვე ვიტყვი, ვინმე რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იბრძოდეს, წინა ხელისუფლების გაკეთებული საქმეების გაანალიზება სისტემატურად მოხდებოდა და არავინ გააფუჭებდა უკვე გაკეთებულს...

შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი ვარიანტი კი ის არის, რომ მიშამ "ქოცებს" წინასაარჩევნოდ საქმე გაუკეთა, ხალხი არჩევნებზე მიიყვანა და "საჩუქრად" ამნისტიას მიიღებს. ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ, რაც უფრო დიდხანს იქნება მიშა ქართულ ციხეში, მით მეტად გამოკვებავს "ქართული ოცნება" მოსახლეობას ახალი საკენკით, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში 9 წელზე სწორება იყო...

მთავარია, რომ შეთქმულება არის! ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება ჩამოშორდეს მთავარ პრობლემებს, ქვეყნის განვითარების საკითხებს, ჩამპალ სისტემას, რომელიც ყველაფრის სათავეა.

არც მიშაა ისეთი ბრიყვი, ამათ ჩაბარებოდა და თავი გაეწირა, როგორც მის "ხელის ბიჭებს" ჰგონიათ და არც ქართველი სამართალდამცავები არიან ისეთი ბრიყვები, როგორც გვარამიას ტელევიზია წარმოაჩენს... ჩემთვის მიშას ჩამოსვლამ ხელოვნურად შექმნილი მესამე ძალა ეგრევე, უკან ჩააჩოჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ახალი (ხედვების) ძალას, ამ ქვეყანაში კიდევ დიდხანს არ ექნება გასაქანი. და სწორება ისევ ორი პოლიტიკური ძალის მიმართ გადანაწილდება.

ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება კაცმა არ იცის როდემდე გასტანს. შენარჩუნდება არასწორი ხალხი ქართულ პოლიტიკაში და ინსტიტუციურად გაუმართავი სახელმწიფო, სადაც მთავარი კომპრომატი: "არა შენი 9 წელი და არა ჩემი 9 წელი" ახალი შეფუთვით და განახლებული სათაურით გასაღდება.

უიტჰედი "დიდ იდეებში" თანამედროვე პრობლემებს ასე აღწერს: "განათლება - ზედამხედველობად, ინფორმაცია- რეკლამად, აღზრდა - მანიპულაციად აქციეს..." აბსოლუტურად სწორ შეფასებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ესადაგება, დავამატებდი - პოლიტიკა ლანძღვად გადაიქცა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ინფორმაცია - ვაჭრობის საგნად... სამწუხაროდ, ამ ფონზე, ადამიანები ხმას აძლევენ და ვერ ხვდებიან რისთვის აძლევენ ხმას? ამომრჩეველს არანაირი ბერკეტი არ აქვს საკუთარი ხმის დაცვისა და, ამასთანავე, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის მართვადი იყოს და, უნდა თუ არა, არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის გააკეთებინონ.

პოლიტიკური სიყალბეები ვახსენე და, ადამიანს ვერ იპოვი ჩვენს ქვეყანაში, ვინც ანგარებით არ აკეთებს საქმეს, ვინც ანგარებით არ ამბობს სიტყვას. უბრალოდ, ექსპერტს ვერ იპოვი, ვინც პოლიტიკურ ექსპერტიზას გააკეთებს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და არა, რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ. გარედან დაფინანსებული არასამთავრობოების მეშვეობით ივსება მართვადი ოპოზიციური ნიშა, რომელიც გაბატონებული სისტემის მიხედვით თამაშობს და ხელს უშლის სხვა არასისტემურ ძალებს, რომლებსაც არსებული მდგომარეობის შეცვლა ნამდვილად სურთ...

კარგი, დავუბრუნდები მიშას აქციებს. ვცდილობ, განვაგდო ჩემი აზრებიდან ზემოხსენებული "შეთქმულების თეორიები". მინდა ვიფიქრო: მილიონრები შეთანხმდნენ, მიშა "თამაშობს", მალე უკან გაუშვებენ უკრაინაში. შეიქმნება კოალიციური მთავრობა, არავითარი მტრობა. მით უფრო - "ნაცები" აღარ იქნებიან აგრესიულები და კაცთმოძულეები. ხალხი გაერთიანდება და დავიწყებთ ქვეყნის განვითარებაზე რეალურ ფიქრს და ცვლილებებს... ეჰ, გული მეუბნება, რომ ეს ჩემი ილუზიაა.

და, ხალხო! ხვდებით, რა დღეში ვართ?! ვინმე, პატიოსანი და ქვეყანაზე მოფიქრალი შემორჩით ამ ქვეყანაზე?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს