უცნობი ფაქტები "თბილისობის" დღესასწაულის შესახებ ანუ მართლა გორგასალმა დააარსა თბილისი? - კვირის პალიტრა

უცნობი ფაქტები "თბილისობის" დღესასწაულის შესახებ ანუ მართლა გორგასალმა დააარსა თბილისი?

თუკი "თბილისობის" შესახებ ინფორმაციის მოძიებას გადაწყვეტთ, ეს, ძირითადად, ასეთი იქნება: "თბილისობის" დღესასწაული კომუნისტების ეპოქაში, 1979 წელს დაარსდა. ის, ძირითადად, რიყეზე, მეიდანის და ვახტანგ გორგასლის ძეგლის მიმდებარედ იმართება, სადაც გოგირდოვანი წყლის აბანოებია განლაგებული. ლეგენდის თანახმად, ეს თბილი წყაროები ვახტანგ გორგასალმა ნადირობისას აღმოაჩინა და ამ ადგილზე ქალაქი გააშენა, რომელსაც თბილი წყაროების გამო თბილისი დაერქვა, შემდეგ კი ქართლის დედაქალაქი მცხეთიდან აქ გადმოიტანა. თბილისის არსებობის ისტორია 1800 წელს ითვლის...

თუმცა, შესაძლებელია, სულ სხვა, არანაკლებ მიმზიდველი ისტორიაც აღმოვაჩინოთ.

არქეოლოგიური აღმოჩენებით უკვე დიდი ხანია, დადასტურებულია, რომ საქართველოს დედაქალაქის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და პირველი დასახლება არა ფეოდალური ხანის ძველ თბილისშია საძებნი, არამედ - გაცილებით გვიან, ექვსი ათასი წლის წინანდელში, სადაც დელისის ტერიტორია უძველეს რაიონად ითვლება...

მეორე მხრივ, გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, თვით თბილისის დასახელებაც ნაკლებ კავშირშია ვახტანგ გორგასლის მიერ აღმოჩენილ თბილ წყაროებთან. 1877 წელს საფრანგეთში გამოცემული "მოკლე საყოველთაო ძველთა და ახალთა ნათესავთა" გვამცნობს: "ქართველები იაფეთის მეხუთე შვილის - თობალისაგან მომდინარეობენ. სადაც თობალი დადგა და დასახლდა, ეწოდა თობალისი, აწ თბილისი".

თბილისის სახელწოდების ძველი ისტორიული ვარიანტებია თუბალისი, ტებელოსი, ტიფილადო... რაც ქართველების წინაპრებზე - თუბალებზე მიგვანიშნებს. თობალი მჭედლისა და სამჭედლო საქმის აღმნიშვნელი სიტყვაა. ბიბლიური თუბალ კაენიც სამყაროში პირველი მჭედელია. ქართველების ისტორიულმა წინაპრებმა - თუბალებმა, მუსკებმა (მესხებმა) და ხალიბებმა, პირველებმა დაიწყეს რკინის დამუშავება და ძველ მსოფლიოში ლეგენდარულ მჭედლებად იყვნენ ცნობილნი.

გადმოვინაცვლოთ საბჭოთა საქართველოში და მწერალ დავით ჩიხლაძის წერილებს მივყვეთ. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ საქართველოდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პიროვნებად იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) ითვლება, ვისი ფსევდონიმიც პირდაპირ მიანიშნებს ფოლადზე. 1910 წელს, სოლვიჩეგოდსკში გადასახლების დროს, მან ოცდაათი საბრძოლო ფსევდონიმიდან სწორედ ეს აირჩია. მწერალი დავით ჩიხლაძე წერს, რომ "სტალინმა ქართველებისა და თბილისის წარმომავლობის ისტორია გაითვალისწინა და დიდების მომტანი სახელიც აქედან აიღო". მწერლის თქმით, სტალინი თავის თავს აიგივებდა ქართველების უძველეს წინაპრებთან თუბალებთან და, შესაბამისად, მათი ადრეული რწმენა-შეხედულებების შინაარსთან, ფეოდალური ქრისტიანული კულტურის ნაცვლად. ამის დადასტურებაა მისი მეორე, ასევე საყვარელი საბრძოლო ფსევდონიმი კობა, რომელიც რაც უნდა მოულოდნელი იყოს, ისევ თბილისს უკავშირდება.

ქართულ ისტორიულ წყაროებში არსადაა მითითებული, მაგრამ სპარსული მატიანე კი გვამცნობს, რომ საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში სპარსეთის მეფე კობადმა მე-6 საუკუნეში გადმოიტანა, ხოლო მანამდე, დიდი ხნით ადრე ქალაქი თბილისი ალექსანდრე მაკედონელის ხაზინადარ ბითლისს დაუარსებია. საინტერესოა, რომ მეფეთ მეფე კობადს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კომუნისტური წყობის სახელმწიფო ჰქონდა ჩამოყალიბებული და დიდებულთა საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა. მეფე კობადი და მისი იდეოლოგია ახალგაზრდა სტალინისთვის, თურმე, მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა.

საქართველოს შორეული წარსულისადმი სტალინის განსაკუთრებულ ინტერესს ადასტურებს, ასევე, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ 1939 წელს გამოცემული ბიოგრაფიული რომანი "ბელადი", "იქ ნათლად წერია, რომ სტალინის ბავშვობის პირველი მასწავლებლის - მიხა ქილიფთარის აზრით, მირიან მეფეს ნადირობის დროს მზის დაბნელება რომ არ შემთხვეოდა, საქართველო არ გაქრისტიანდებოდა და ქართველი ხალხი ამოწყვეტას გადარჩებოდა...

სამღვდელოებისადმი ღრმა სიძულვილით განმსჭვალული მიხა ხელაღებით უარყოფდა ქრისტიან მეფეების როლს. ფარნავაზს დიდად აქებდა; პირველ არაქრისტიან მეფეს (და, ასევე, ვახტანგ გორგასალსაც)... ქრისტიანული ფეოდალიზმი რომ სტალინის იდეალს არ წარმოადგენდა, ისედაც გასაგები იყო, მაგრამ მას ასეთი აღზრდა ბავშვობიდან ჰქონდა მიღებული. სტალინის ერთადერთ რელიგიური სულისკვეთების ლექსსაც "მთვარეს" ჰქვია და ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუ გავიხსენებთ, რომ არცთუ ისე შორეულ წარსულში და მე-18 საუკუნემდეც კი საქართველოში უპირველესი ადგილი ეჭირა მთვარესთან, როგორც უმაღლეს ქალღმერთთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს.

ამ სახალხო წეს-ჩვეულებების შესახებ გვამცნობს იტალიელი მისიონერი და მოგზაური არქანჯელო ლამბერტი საკუთარ წიგნში: "სამეგრელოს აღწერა". ლამბერტი 1631 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ორი წელი დაჰყო გორში, შემდეგ კი თექვსმეტი წელი სამეგრელოში გაატარა" (მწერალი დავით ჩიხლაძე).

როდესაც ლეონიდ ბრეჟნევი, 1966 წელს, თბილისში ჩამოვიდა, იქიდან მოყოლებული, თბილისობის დღესასწაული მის ყველაზე გამორჩეულ დღედ იქცა.

ეს არის საინტერესო დეტალები, რომელიც დღემდე ფართოდ ცნობილი არ იყო. დავუბრუნდეთ თანამედროვეობას. კარგად მახსოვს, ყველაფრის მიმართ კრიტიკის თვალით მომზირალი "თბილისოლოგები", მხოლოდ ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალით რომ იჩენენ თავს, გვიმტკიცებდნენ, რომ შევარდნაძის მოგონილია "თბილისობა" და რიგ შემთხვევაში თანხაც არ უნდა დახარჯულიყო ამისთვის.

ძველი მასალების საფუძველზე ჩანს, "თბილისობა" 1960-იან წლებში უკვე აღინიშნებოდა. თუმცა იმას, რომ ეს დღესასწაული ტრადიციად ქცეულიყო, დრო დასჭირდა. რთული სოციალურ-ეკონომიკური პერიოდის გამო, 1989-დან 1994 წლის ჩათვლით, საქართველოში "თბილისობა" არ აღნიშნულა. დღესასწაულის აღნიშვნა 1995 წლიდან განახლდა.

თანამედროვე "თბილისობა" შინაარსითაც და დატვირთვითაც სულ სხვანაირია, ვიდრე წლების წინ იყო.. დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად მრავალფეროვანია.

თბილისი ყოველთვის საინტერესო ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული და თვითმყოფადობით გამორჩეული კულტურები თანაარსებობდნენ. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ყოველ წელს დიდი სიყვარულით ელოდებიან თბილისელები და ქალაქის სტუმრები.

წელს "თბილისობის" დღესასწაული მოკრძალებული იქნება. ტრადიციული ღონისძიებებიდან მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია და საშემოდგომო ნობათის გარე ვაჭრობა გაიმართება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს