დათა პაპა "ჩააბარეს" და... - ხანდაზმული ადამიანის უთანასწორობის ტვირთი - კვირის პალიტრა

დათა პაპა "ჩააბარეს" და... - ხანდაზმული ადამიანის უთანასწორობის ტვირთი

როგორც ყვებოდა, სამამულო ომის დროს ისეთი ახალგაზრდა იყო ფრონტზე ლამის ომის მიწურულს წაიყვანეს, სოფლად დაბრუნებულმა ვენახი გააშენა, სიბერემდე მიწას ამუშავებდა და სამი შვილი დაზარდა.

დათა პაპა სოფლის მოგონებების იმ წლებში ტივტივებს, როცა ბავშვობაში ლაღად დავრბოდი. ერთ დღესაც, სოფელში ხმადაბლა საუბარი დაიწყეს "დათამ ცოტა აურიაო". "არეულიც" თავიდან მშვიდი იყო, ჯოხზე დაყრდნობილი სახლის კართან გვიან საღამომდე მდუმარედ იჯდა და მხოლოდ სალამზე გვიქნევდა თავს. თავიდან, ოჯახი მასზე ზრუნავდა, მერე და მერე ან გაუჭირდათ ან ზრუნვითაც დაიღალნენ.

ერთ დღესაც, სოფელში ხმა დაირხა "ჩააბარესო". ჩაბარება რას ნიშნავდა ან ჩაბარებულები სად და როგორ ცხოვრობდნენ იმ დროს არ ვიცოდი, მაგრამ მას მერე სოფელში ცოცხალი დათა პაპა არავის უნახავს.

საქართველოში მოსახლეობის 2%, რაც 80 000 ადამიანზე მეტია საჭიროებს ხანგრძლივ მოვლას.

ფსიქო-სოციალური საჭიროების მოხუცები კი ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფია ქვეყანაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ვგებულობთ, რომ 60 წლის და უფროსი ადამიანების 20% იტანჯება ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევებით. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მეტად გავრცელებულ ნეიროფსიქიკურ დარღვევად დემენცია და დეპრესია გვევლინება. შფოთვითი აშლილობები აღენიშნება ხანდაზმული ადამიანების 3.8%-ს;

ხანდაზმულობის ასაკში, ანუ 60 წლის და უფროსი ადამიანების სიკვდილობის 25% გამოწვეულია თვითდაზიანებებით; ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, ან არასწორი დიაგნოზის შედეგია.

ფაქტია, რომ საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თვითონ ხანდაზმული ადამიანები არასაკმარის ყურადღებას აქცევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო სტიგმა, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ დაავადებებს, აიძულებს ხანდაზმულთა ოჯახის წევრებს არ მოითხოვონ და არავის მიმართონ დასახმარებლად.

ზოგადად, საქართველო, სათემო ფსიქიატრიული სერვის დანერგვაში მრავალი წლით ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს. ჩვენ ქვეყანაში სერვისი, რომელიც გულისხმობს მკურნალობას შინ და არა საავადმყოფოში სულ რაღაც 2013 წლიდან ამოქმედდა.

რატომ შინ? საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველთვის იპოვით თავს ფსიქიატრიულ კლინიკებში არასათანადო მოპყრობაზე. არასათანადო მოპყრობა არ არის მხოლოდ ადამიანის წამება, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე, აქ იგულისხმება, არასათანადო საცხოვრებელი პირობები და ღირსების შემლახავი დამოკიდებულებებიც.

საქართველოში არის ჯერ კიდევ საბჭოთა გადმონაშთების ფსიქიატრიული დაწესებულებები მოძველებული ინფრასტრუქტურით, სადაც დიდია პაციენტზე ძალადობის რისკი.

გვიფიქრია კი როგორ გვესმის დაბერება და ჯანმრთელობა ? რეალურად ხანდაზმულებს ვაძლევთ კი იმას, რის საჭიროებასაც გრძნობენ? თუ ვიცით, როგორ დავეხმაროთ ხანდაზმულ ოჯახის წევრს დაკარგული უნარების გამკლავებაში?

სოციალური ცვლილებები კვლავაც გრძელდება და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხანდაზმულ ადამიანებს, რათა მათ შეძლონ ქაოტურ გარემოსთან შეწყობა, რათა მათი სიცოცხლის ბოლო წუთების ამბები "არეულის ჩაბარების" დამღით არ ქრებოდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს