(არა) მწეველის დღიური, ანუ როგორ დავანებე თავი სიგარეტის მოწევას - კვირის პალიტრა

(არა) მწეველის დღიური, ანუ როგორ დავანებე თავი სიგარეტის მოწევას

თუ ჯერ კიდევ მწეველი ხართ,  შევეცდები ჩემს დღევანდელ ბლოგში ის სასარგებლო რჩევები გაპოვნინოთ,  რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ. ადამიანებმა, რომლებმაც დაამარცხეს სიგარეტი, თავიანთ დღიურში აღწერეს გამოცდილება, რომელიც სხვებს ძალიან დაეხმარება.

(არა)მწეველის დღიური:

თათა, 30 წლის: "12 წელია სიგარეტს ვეწევი, პირველად რომ მოვწიე, 18 ან 19 წლის ვიყავი. ამ 12 წლის განმავლობაში მეორედ ვანებებ თავს სიგარეტს და ორივე შემთხვევაში ამის მიზეზი ორსულობაა. პირველად, როდესაც თავი დავანებე, მშობიარობის შემდეგ, სამ თვეში, ისევ დავიწყე მოწევა, თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ისევ მოვწევდი, ძალიან მინდოდა. მეორე ბავშვზე ვარ ორსულად და ორსულობის გაგებიდან 9 დღეში დავანებე თავი სიგარეტს, საერთოდ არ გამჭირვებია. ვგრძნობ, რომ უფრო ჯანსაღი ვარ, მსუბუქი, უსუნო და აღარ ვაპირებ მოწევას. ამ გადაწყვეტილებაზე რა თქმა უნდა სიგარეტის ფასმაც იმოქმედა. სიგარეტი, რომელსაც ვეწეოდი 4.70 ლარი გახდა და ძალიან რთულია ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს თითქმის 5 ლარის სიგარეტში გადახდა. ბავშის გამო საერთოდ აღარ მინდა მოწევა, ზიზღი გამიჩნდა სუნის მიმართ. ბავშვის ინტერესები და მისი ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაზე მთავარია, ამიტომ სიგარეტს აღარ მოვწევ!

ხათუნა, 36 წლის: "სიგარეტს დაახლოებით 10 წელი ვეწეოდი. დანებებაზეც ხშირად მიფიქრია, მაგრამ ღერების რაოდენობის შემცირება ყოველთვის თავის მოტყუებად მიმაჩნდა. რეალურად როცა მოვინდომე, ფსიქოლოგიურად თავის შემზადება დავიწყე. გავიხსენე ის დრო, როცა არათუ მწეველი არ ვიყავი, ნიკოტინის გემოც კი არ ვიცოდი. ყველაფრის კარგად გააზრების შემდეგ ერთბაშად გადავწყვიტე აღარ მომეწია. რამდენიმე მეგობარმა ერთდროულად დავთქვით დღე, როცა აღარ მოვწევდით. პირველი შეგრძნება ყველაზე მძაფრი იყო, დილით არ მაწუხებდა ნიკოტინის მოთხოვნილება, აღარც ტანსაცმელს და არც თმას თამბაქოს სუნი არ ასდიოდა. საჭმელმა, ხილმა, ტკბილეულმა გამორჩეულად გემრიელი გემო დაიბრუნა და რაც მთავარია, ყოველი დილა ბედნიერების შეგრძნებით იწყებოდა, სიხარულს კონკრეტულ მიზეზს, რომ ვერ უძებნი და მაინც ფრთაშესხმულივით გრძნობ თავს. საერთოდ არ მომნატრებია, რადგან სანამ თავს დავანებებდი დიდხანს ვფიქრობდი და ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ მომენტისთვის.

მაია, 55 წლის: თურმე შეუძლებელი არაფერია! მთავარია გადაწყვეტილება მიიღო და აღარ შეცვალო. ასეთ დასკვნამდე მივედი იანვრის პირველ რიცხვებში, როდესაც ვირუსმა შემომიტია და ექიმებმა, სავარაუდოდ, ფილტვების ანთების დიაგნოზი დამისვეს. შემრცხვა, შემეშინდა და უარი ვთქვი სიგარეტზე, რომლის მოხმარების 30-წლიანი სტაჟი მაქვს. და გგონიათ გამიჭირდა? არც ისე, როგორც მეგონა. სიგარეტი ჩავანაცვლე მზესუმზირით, დილის ვარჯშით და დიეტით. ერთი კვირის შემდეგ საოცარი სიმსუბუქე ვიგძენი. თითქოს რაღაც მთლიანად შეიცვალა ჩემს ორგანიზმში. ჯანსაღი ცხოვრების რიტმმა მომიცვა მთლიანად და დილის საუზმის შემდეგ სასიამოვნო გაბოლება, სასიამოვნო დილის სირბილით ჩავანაცვლე. ერთი თვის შემდეგ სიამაყის გრძნობა დამეუფლა. ერთი თვე სიგარეტის გარეშე. მერე კი თითქოს არც არასდროს ვეწეოდი, ისე გაგრძელდა ცხოვრება. ეხლა უკვე ვხვდები, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია და ისე დაანებებ თავს სიგარეტის მოწევას, რომ არც წონაში მოიმატებ და არც დეპრესიაში ჩავარდები. მთავარია, თქვა არა, არა მოწევას, ამ მავნე ჩვევას, რომელიც ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით საშინლად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და არ შეცვალო ეს გადაწყვეტილება.

კახა, 27 წლის: 19 წლის ვიყავი მოწევა რომ დავიწყე და 8 წელი ვეწეოდი. ერთერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თავი დავანებე, არის სუნი - ძალიან მაწუხებდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ შუადღემდე არ მქონდა მოწეული და გადავწყვიტე აღარც მომეწია, მაინტერესებდა თუ შევძლებდი. პირველი 2 დღე ძალიან გამიჭირდა. იყო დრო, როდესაც სულ ვეწეოდი, მაგალითად, ძილის წინ, მანქანის დაქოქვის მომენტში, ჭამის შემდეგ. ახლა ტიკ-ტაკი მაქვს თან და ამით ვირთობ თავს. თვენახევარია რაც თავი დავანებე. მთავარია ყურადღება არ მიაქციო და რამით ჩაანაცვლო სიგარეტი, ჩემ შემთხვევაში ეს საწუწნი კანფეტი იყო.

გურამი, 35 წლის: პირველად, რომ მოვწიე 12 წლის ვიყავი. აქტიური მწეველი ვარ მე-9 კლასიდან და 20 წელი ვეწეოდი. თავის დანებება გადავწყვიტე, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა გულზე, კონკრეტულად კი სინუსური ტაქიკარდია. გული გადამეტვირთა და კარდიოლოგმა კატეგორიულად ამიკრძალა მოწევა. იმ დღის შემდეგ აღარ მომიწევია, დაახლოებით ორი წელი ხდება, რომ ვუფიქრდები, ვხვდები შიშმა დამანებებინა თავი. დღეს უკვე ვგრძნობ რამხელა რესურსი ქონია ორგანიზმს, ფილტვებში თითქოს იმაზე მეტი ჰაერი ჩამდის, ვიდრე ჩამდიოდა, აღარ ვიღლები, ხასიათი გამომისწორდა, დილას, რომ ვიღვიძებ, აღარ მაქვს უსიამოვნო შეგრძნება. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ სიგარეტი ძალიან მიყვარს, მაგრამ მას ჩემი თავი მირჩევნია. გირჩევთ არ მოწიოთ საერთოდ! თუ თავის დანებება გინდათ, დღესვე დაანებეთ, ღერების შემცირებით და წვრილ სიგარეტზე გადასვლით თავს ვერ დაანებებთ მოწევას. ბოლო ღერი მოწიეთ და შეეშვით სიგარეტს!

P.S. ბლოგში გამოყენებული ფოტო მოწევის საწინააღმდეგო 17 საუკეთესო რეკლამაშია.