სიყვარული და კოკაინი - კვირის პალიტრა

სიყვარული და კოკაინი

ერთი ნახვით შეყვარება

ეს იყო მადრიდში. მე და ჩემი ორი მეგობარი გოგო სამოგზაუროდ წავედით. ქალაქში სამდღიანი ბოდიალის შემდეგ, მეგობარი შემეხმიანა, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს და საღამოს რესტორანში დაგვპატიჟა. დაღლილ და სიარულით გათანგულ ჩემ მეგობრებს წამოსვლა არ უნდოდათ, ბოლოს უარი ვეღარ მითხრეს და რესტორანში წამომყვნენ. დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა ბიჭმა სასტუმროსთან მომაკითხა. ჩემი ორი დაქალი გავაცანი, მახსოვს მომენტი, როცა ერთმანეთს შეხედეს. მას შემდეგ გოგოების მზერა შეიცვალა. დანარჩენი ორი დღის განმავლობაში, რომელიც ერთად გავატარეთ, ჩემი ორივე მეგობარი ერთად აღნიშნავდა, რომ "რაღაც"დაემართათ, ვეღარ გრძნობდნენ დაღლას, მოუხშირეს სარკეში ყურებას, დაებათ ენა და ბოლოს ორივე შეთანხმდნენ, რომ ჩვენი მადრიდელი მასპინძლის მზერამ ისინი მონუსხა. საკმარისი იყო შეეხედათ და ორივეს მაშინვე მოუსვენრობა იპყრობდა. ერთი ნახვით შეყვარების ზოგს სჯერა, ზოგს კი - არა, მაგრამ ჩემი მიზანი თქვენი ამაში დარწმუნება სულაც არ არის. თუ თქვენთვის ეს მდგომარეობა ნაცნობია, მაშინ დაგაინტერესებთ, რას განიცდის ამ დროს ადამიანის ტვინი: ის დიდი რაოდენობით დოფამინსა და ნორეპინეფრინს გამოიმუშავებს. ვიცი ეს ორი სიტყვა თქვენთვის უცნობია, ამიტომ ქვემოთ შევეცდები განვმარტო მათი მნიშვნელობა, რადგან ჩვენი სიამოვნებისა და ბედნიერებისათვის მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.

დოფამინი - ჩვენი ორგანიმზი გამოიმუშავებს ნეირომედიატორს -  დოფამინს, რომელსაც მისი ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია. ის პასუხს აგებს ტვინში სიამოვნების ცენტრის მართვაზე. ორგანიზმში ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის დონის კლებას მივყავართ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე: დეპრესია, იმედგაცრუება, ემოციებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები და ა.შ.

ნორეპინეფრინი ან ნორადრენალინი - მონაწილეობს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიული აშლილობის ჩამოყალიბებაში, დეპრესიის და ჰიპერტენზიის განვითარებაში. ნორადრენალინი მოქმედებს თავის ტვინის იმ სფეროებზე, სადაც ყურადღების და რეაქციების ცენტრებია; მონაწილეობს " ბრძოლის" რეაქციის ფორმირებაში; აჩქარებს გულისცემას; ავიწროებს სისხლძარღვებს; გლუკოზის მობილიზაციას ახდენს კუნთებში.

თქვენ თავს გრძნობთ როგორც ნამდვილი ნარკომანი? რატომ ნარკომანი? ამაზე გიამბობთ ზუსტად, მანამდე კი აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ასეთივე განცდები აქვთ ცხოველების ტვინსაც შეყვარების პროცესში, თუმცა ეს მდგომარეობა მათთვის მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება, ადამიანებისთვის კი თვეები და ზოგჯერ წლებიც.

რას განიცდის ტვინი?

ორი ადამიანის ურთიერთობა ზოგჯერ ფსიქოზს (ფსიქოზი - გონების პათოლოგიური მდგომარეობა, ცნობილი როგორც "რეალობასთან კავშირის დაკარგვა") ჰგავს. თუ ამ მდგომარეობას ბიოქიმიური მხრიდან შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სიყვარული ძალიან ჰგავს ნარკომანიას. ექიმი ჯონ მარსდენი, ბრიტანული ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სიყვარულზე ადამიანი შეიძლება იყოს ისეთივე დამოკიდებული, როგორც კოკაინსა და სისწრაფეზე. ანტროპოლოგ ჰელენ ფიშერის აზრით, შეყვარებულობის პერიოდში ადამიანის ტვინის ის სფეროები აქტიურდებიან, რაც კოკაინის გამოყენების დროს, ასეთ დროს ადამიანი ისეთივე ეიფორიას გრძნობს, რასაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ განიცდის.

კეროლ კინგი მშვენივრად აღწერს თავის სიმღერაში "ვგრძნობ, როგორ მეცლება მიწა ფეხებქვეშ" შეყვარებულობის პირველ პერიოდს. ქიმიური რეაქცია, რომელსაც ტვინი შეყვარების მომენტში გამოიმუშავებს, სხვადასხვა ფიზიკურ რეაქციებს იწვევს: უძილობა, მადის დაქვეითება, პულსის აჩქარება, ნერვიულობა, შფოთვა, ღელვა, ეიფორია, გულის აჩქარება. სიხარული მისი დანახვის მომენტში, რომელიც არ კონტროლდება და სევდა, როდესაც ვერ ხედავ - ეს შეგრძნებები ტვინის იმ ნაწილში იყრის თავს, რომელიც ქვეცნობიერსა და ინსტიქტებზე არის პასუხისმგებელი. ეს ნაწილი რაციონალურ აზროვნებაზე გაცილებით ძლიერია. ამით აიხსნება შეყვარებული ადამიანის ირაციონალური საქციელი. წინა წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ სიყვარულმა შესაძლოა საგრძნობლად გააუმჯობესოს ადამიანის მდგომარეობა, განკურნოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა სიმსივნე და სხვა მძიმე სნეულებები.

როგორია ჩვენი ტვინი სასიყვარულო ემოციებისა და ნარკოტიკის ზემოქმედების დროს?

ახალი ტექნოლოგიები, უფრო კონკრეტულად კი "Nuclear magnetic resonance (NMR)" და ასევე "Magnetoencephalography (MEG)" ადამიანის ტვინზე დაკვირვების ახალ შესაძლებლობებს გვათავაზობს, მეცნიერებს შეუძლიათ დააკვირდნენ ადამიანის ტვინს, ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე.

ტვინის რეაგირება 2002 წელს ბრიტანელმა ნეორობიოლოგებმა შეისწავლეს. მათ შეარჩიეს ათეულობით მონაწილე, რომლებსაც ახალი დაწყებული ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობები. როდესაც ამ ადამიანებს თავიანთი შეყვარებულის ფოტოს აჩვენებდნენ, ტვინის აქტიურობა მკვეთრად იცვლებოდა იმასთან შედარებით, როდესაც ისინი მეგობრის ფოტოს უცქერდნენ.

ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ რომანტიკული გატაცება ტვინის იმ სფეროებს ააქტიურებს, სადაც დოფამინის რეცეფტორებია კონცენტრირებული. (დოფამინი -ჰორმონი - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს ადამიანის ტვინში ძლიერდება, მრავლდება) ეს ჰომონი გავლენას ახდენს სიამოვნებაზე, მას ხშირად ბედნიერების ჰორმონს ეძახიან. როდესაც ორი ადამიანი შეყვარების პროცესშია დოფამინის დონე მკვეთრად მატულობს: ისინი მოზღვავებულ ენერგიას გრძნობენ, მათ არ სურთ ძილი და ჭამა, ისინი კონცენტრირებულნი არიან დეტალებზე, ამ დროს უდიდეს სიამოვნებას ღებულობენ ახალი ურთიერთობის პატარა წვრილმანებიდანაც კი. ბრიტანელმა ნეირობიოლოგებმა რამდენიმე განსხვავებულ ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ტვინს სკანირება გაუკეთეს: სექსუალურად აღზნებული, ბედნიერების მოზღვავებული გრძნობით და კოკაინის ეიფორიაში მყოფი. აღმოჩნდა, რომ ამ სამი განსხვავებული ემოციის მქონე ადამიანების ტვინი ზუსტად იდენტურად გამოიყურებოდა.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე თქვენ ხედავთ ადამიანის ტვინის სკანირების შედეგს.

მარცხენა ფოტოზე ნაჩვენებია შეყვარებული ადამიანის ტვინი, მარცხნივ კი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ტვინი. შეუიარაღებელი თვალითაც კი მიხვდებით, რომ სურათი იდენტურია. ასე რომ, შეყვარებული ხართ თუ ნარკოტიკების ზემოდმედების ქვეშ, თქვენი ტვინისთვის ეს ერთი და იგივეა. (პირველს გირჩევთ). სკანირების შედეგად გაირკვა ასევე, რომ დედები, თავიანთი ჩვილის დანახვისას იგივეს გრძნობენ, რასაც შეყვარებული ადამიანი გრძნობს, ანუ ტვინის ის სფეროები აქტიურდებიან, რაც საყვარელი ადამიანის დანახვისას აქტიურდება.

P.S. მადრიდში მოგზაურობამ კარგად ჩაიარა. სასიამოვნო მოგონებებთან ერთად, ამ ბლოგის დაწერის იდეაც გაჩნდა. როდესაც ფოტოებს ვათვალიერებთ ჩემ ორ მეგობარს სახის ის გამომეტყველება უბრუნდებათ, რაც მაშინ, მადრიდელი მასპინძლის დანახვისას მიიღეს და მთელი მოგზაურობის პროცესში შეინარჩუნეს.

(ბლოგი მომზადებულია ალან და ბარბარა პიზების წიგნის მიხედვით)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს