ლედი რენდოლფ ჩერჩილი და მისი საყვარლები - ვინ იყო მე-20 საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსის მამა?! - კვირის პალიტრა

ლედი რენდოლფ ჩერჩილი და მისი საყვარლები - ვინ იყო მე-20 საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსის მამა?!

ჯენი ჯერომი 1854 წლის 9 იანვარს ნიუ-იორკში ცნობილი ფინანსისტის, ვაჭარისა და სპორტსმენის ლეონარდ ჯერომისა და მისი მეუღლის კლარისა ჰოლის ოჯახში დაიბადა.

ოპერით გატაცებულმა მამამ ქალიშვილს სახელი მისი საყვარელი შვედი სოპრანოს, ჯენი ლინდის პატივსაცემად დაარქვა. განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ჯენი ყოველთვის განსხვავდებოდა დანარჩენი დებისგან და მამის ფავორიტობაც სწრაფად დაიმსახურა. ჯენი ფუფუნებაში გაიზარდა. ლეონარდ ჯერომს ეკუთვნოდა პირველი ამერიკული ჟოკეის კლუბი, გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" აქციები და თეატრი მედისონ ავენიუზე, რომელიც მისი გართობის მთავარი ადგილი გახლდათ, თუმცა ეს კომფორტი ყველაზე მეტად ლეონარდის მეუღლისთვის აღმოჩნდა აუტანელი.

ქმრის დაუფარავი ღალატით სასოწარკვეთილი ქალი პროტესტის ნიშნად, ქალიშვილებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. იმ დროისთვის ჯენი უკვე 13 წლის იყო. ჯერომების ოჯახმა, სამეფო ოჯახთან დაახლოების შემდეგ, სწრაფად დაიმკვიდრა თავი საფრანგეთის დედაქალაქში.

რამდენიმეწლიანი პარიზული ცხოვრების შემდეგ, ოჯახი უკვე ლეონარდთან ერთად, ინგლისში, კონკრეტულად კი კაუსში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ გაიცნო ჯენიმ თავისი მომავალი მეუღლე, მალბოროს მეშვიდე ჰერცოგის 23 წლის შვილი რენდოლფ ჩერჩილი.

ფულმა, ტიტულმა და გარეგნობამ იმდენად მოხიბლა ახალგაზრდა ჯენი, რომ ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. გაცნობიდან მალევე მათ დაქორწინება გადაწყვიტეს, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ჰერცოგის ოჯახის წევრები. რენდოლფს ჯენიზე ქორწინება აუკრძალეს. ეს ქორწინება არ შედგებოდა, რომ არა უელსის პრინცი. სასიძოს ოჯახზე გავლენა მოახდინა პრინცისა და ჯერომების ოჯახის მეგობრობამ.

ჯერომებთან დაახლოებულმა პრინცმა რეკომენდაცია გაუწია ამერიკელ ლამაზმანს და რენდოლფის მამაც დათანხმა პირველ ამერიკულ-ბრიტანულ ქორწინებას.

მოგვიანებით უელსის პრინცი ხშირად ეხუმრებოდა უინსტონ ჩერჩილს: "მე რომ არა, შენ ვერ დაიბადებოდიო".

ქორწილი შედგა 1874 წლის 15 აპრილს, ჯენიმ მიიღო ის, რაც ძალიან უნდოდა, ტიტული -  ლედი რენდოლფ ჩერჩილი.

ახალდაქორწინებული წყვილი უელსის პრინცის მახლობლად ჩარლზ სტრიტზე დასახლდა. ჯენი სწრაფად მოექცა ბრიტანული საზოგადოების ეპიცენტრში. ყოველდღიური წვეულებები და სალონური საღამოები პრინცის სახლში, ჯენის ცხოვრების წესად იქცა.

იმ დროს უელსის პრინცი "მტაცებლის" რეპუტაციით სარგებლობდა, მისი ყურადღების მიღმა არ რჩებოდა არცერთი ლამაზი ქალბატონი და რა თქმა უნდა, არც ჯენი. საზოგადოებაში მისი გატაცება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მხიარული ჯენის გვერდით, უფრო და უფრო შეწუხებული და უბედური ჩანდა იმ დროისათვის უკვე სიფილისით დაავადებული რენდოლფი.

უინსტონი 1874 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა დღე დღეზე შეიძლებოდა დაწყებოდა, იმ დღეს ჯენი მაინც წავიდა მეჯლისზე, რომელსაც ჰერცოგი მალბორო, უინსტონის ბაბუა, თავის საგვარეულო სასახლეში, ბლენჰეიმში, აწყობდა. საღამოს ლედი ჩერჩილმა თავი ცუდად იგრძნო და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს, რომელიც ქალების გასახდელი აღმოჩნდა.

სწორედ იქ დაიბადა უინსტონ ჩერჩილი. ბლენჰეიმის სასახლის ბინადარნი უკმაყოფილოები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ სახელგანთქმულ მალბოროს ჰერცოგის ერთ-ერთი შთამომავალი გასახდელში დაიბადა. ჯენიმ დროზე ადრე, ორსულობის მეშვიდე თვეზე იმშობიარა, მაგრამ ბავშვი არ გავდა შვიდთვიანს, ის სრულიად ჯანმრთელად და ყოჩაღად გამოიყურებოდა...

მაშინდელი წესისამებრ, მეორე დღესვე, "ტაიმსის" პირველ სვეტში, მაღალი წრის ქრონიკაში ეწერა, რომ სერ რენდოლფ ჩერჩილის მეუღლემ, ჯენიმ შვა პირველი შვილი და რომ მშობიარობა ნაადრევი გახლდათ.

ლედი ჩერჩილის ნაადრევმა მშობიარობამ აზრთა სხვადასხვაობა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

ჯენის მეორე ვაჟის ჯონის დაბადებისთვის, რენდოლფი უკვე მძიმედ იყო დაავადებული სიფილისის მეორე სტადიით, რაც უფრო მეტად ადასტურებს მოსაზრებას, რომ ჯონის მამა რენდოლფი კი არა, ირლანდიელი არისტოკრატი, ჯონ სტრენჯ ჯოსლინი, როდენის მეხუთე გრაფი იყო, რომელთანაც ჯენის იმხანად რომანი ჰქონდა...

შვილების გაჩენის შემდეგ ჯენი აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და გავლენიანი ფიგურა გახდა. ის იყო ერთ-ერთი დამაარსებელი ქალების პირველი პოლიტიკური კლუბის, რომელიც თავის არსით ირლანდიურ პოლიტიკურ კლუბს "ორანჟს" ჰგავდა. ეს იყო ქალთა მასონური ლიგა. კლუბს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დედოფალ ვიქტორიასთან და თავის გავლენას ახდენდა იმ პერიოდის პოლიტიკაზე.

ჯენი დაეხმარა რენდოლფს კარიერულ წინსვლაში. მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა. ჯენი ყოველთვის უმაგრებდა ზურგს ქმარს, უწერდა საჯარო გამოსვლის ტექსტებს, რაც უფრო მეტად ამყარებდა მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირს. ამ პერიოდისთვის ჯენი უკვე თავისუფალი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს.

რენდოლფი, მამაკაც მეგობრებთან ერთად, ხშირად მიდიოდა ხანგრძლივ მოგზაურობებში. მალე ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებაც.

პარალელურად ჯენის და უელსის პრინცის-ბერტის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში გადავიდა.

ჯენიმ თავისი ოფიციალური და არაოფიციალური ურთიერთობების ხარჯზე პოლიტიკურ კარიერაში ხელი შეუწყო როგორც ქმარს ასევე შვილს. სწორედ ჯენის ძალისხმევით და გავლენიანი მეგობრების წყალობით მიიღო 33 წლის უინსტონმა პირველი პოლიტიკური თანამდებობა და ვაჭრობის მინისტრის პოსტი დაიკავა.

თავისი ცხოვრების განმავლობაში ჯენიმ არაერთი სამეფო წარმომავლობის საყვარელი გამოიცვალა, რომელთა შორის იყვნენ: უელსის პრინცი, მომავალი მეფე ედუარდ მეშვიდე, გრაფი კარლ ანდრეას კინსკი (ჩეხი არისტოკრატი), სერბეთის მეფე მილან მეოთხე, სერ უილიამი გორდონ მინგი, გრაფი დე ბრეიტელი... შესაბამისად, მუდმივად იყო ეჭვი, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსისა და სტრატეგის უინსტონის ძარღვებშიც შესაძლოა სამეფო სისხლი ჩქეფდა...

მიუხედავად ჯენის გატაცებებისა, მას არ მიუტოვებია ქმარი. სიკვდილის ბოლო წუთებში კი მის გვერდით იდგა.

რენდოლფი 45 წლის ასაკში სიფილისის ბოლო სტადიით გარდაიცვალა. რენდოლფის გარდაცვალების შემდეგ ჯენიმ კიდევ ორჯერ იქორწინა, თუმცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უელსის პრინცი სულ მის გვერდით იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა