როგორ გავიცანი Tu Pac-ის სიდედრი - კვირის პალიტრა

როგორ გავიცანი Tu Pac-ის სიდედრი

მსახიობი და მოდელი პეგი ლიპტონი ძირითადად დევიდ ლინჩის სერიალ "ტვინ პიქსში" შესრულებული როლით არის ცნობილი, თუმცა თავის დროზე მომღერლის საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა. ის ქუინსი ჯონსის მეუღლე გახლდათ.

პეგი კალიფორნიაში, სანაპიროსთან ახლოს პატარა სახლში ცხოვრობს. პირადი მიმოწერის შემდეგ, ერთმანეთი გავიცანით და ინტერვიუც დავგეგმეთ. პეგიზე ინტერნეტში მრავალ საინტერესო ფაქტს წავაწყდი, თუმცა, მინდა, მისი ცხოვრების ერთ ეპიზოდზე მოგიყვეთ, ამ თემაზე არ გვისაუბრია, რადგან ვიცი, რომ ეს პეგისა და მისი ოჯახისთვის მტკივნეული თემაა - Tupac Shakur-ი.

თუფაქ ამარუ შაკური, იგივე 2 Pac-ი ცნობილი იყო თავისი სასიყვარულო ურთიერთობებით, თუმცა ერთ-ერთი ქალი, ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა და ვისაც, საცოლის სტატუსი მიანიჭა ქიდადა ჯონსი იყო.

ქიდადა ჯონსი - ქუინსი ჯონსისა და პეგი ლიპტონის ქალიშვილი და რეპის მეფედ წოდებული Tupac-ი მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს.

ცნობილია, რომ 21 წლის წინ, 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში შაკურს ოთხჯერ ესროლეს. იგი გადაიყვანეს სამხრეთ ნევადას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა. Tupac-ი მკვლელობის ღამეს ქიდადასთან მიდიოდა. ქუინსი ჯონსის ქალიშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ბოლოს გარდაცვალებამდე ესაუბრა.

"ვაშინგტონ პოსტთან" მიცემულ ერთადერთ ინტერვიუში ქიდადა იხსენებს:

"ის უკვე საავადმყოფოში იყო, როდესაც მე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა", - "მეც"- მიპასუხა და ეს მისი ბოლო სიტყვები იყო".

ქიდადა ჯონსი მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს. ჩემი და ქიდადას დედის - პეგის აქტიური მიმოწერისა და გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, პეგის ვთხოვე ქალიშვილს ინტერვიუს შესახებ დალაპარაკებოდა, წინასწარ ვუთხარი, რომ მისი და Tupac-ის უერთიერთობის შესახებ მინდოდა საუბარი. სამწუხაროდ, ქიდადამ უარი მითხრა, თუმცა ქუინსი ჯონსის მემუარებისა და ქიდადას ერთადერთი ინტერვიუს მიხედვით, მინდა, მათი სიყვარულის ამბავი მოგიყვეთ.

ჯონსისა და Tupac-ის ურთიერთობა კონფლიქტით დაიწყო. რეპერმა რამდენიმე უხამსი განცხადება გააკეთა სხვადასხვა რასის წარმომადგენლების ქორწინებისა და მათი შთამომავლების შესახებ. ქუინსი ჯონსმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო. ქიდადა კლუბში შეხვდა რეპერს და მისი შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამოს იკამათეს, Tupac-მა ბოდიში მოუხადა ქიდადას და მათი ურთიერთობაც აქედან დაიწყო.

4 თვის დაწყებული იყო მათი ურთიერთობა, როდესაც ლას-ვეგასში წავიდნენ.

"ვიცოდი, რომ ვეგასში არ უნდა წავსულიყავით. საშინელი გრძნობა მქონდა. ვცდილობდი არ მეფიქრა ცუდზე. წესით, ჩვენ იქ არ უნდა ჩავსულიყავით. ეს იყო ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. მე დღემდე არ ვიცი ვინ ესროლა მას. დამშვიდობებაც ვერ მოვახერხე. ამას არავის არ ვუსურვებ", - იხსენებს ქიდადა ჯონსი.

სექტემბრის იმ საბედისწერო ღამეს ქიდადა Tupac-ს სასტუმროში ელოდა, როდესაც დაურეკეს და მისი დაჭრის შესახებ აცნობეს. საავადმყოფოში მისვლის შემდეგ, რეპერის ტანსაცმელი გადასცეს. მამამისის მემუარებში ქიდადა დეტალებში იხსენებს იმ საბედისწერო ღამეს, ემოციებს, Tupac-ის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წელს ის ჯეფრი ნაშზე დაქორწინდა, თუმცა ქორწინებამ მხოლოდ სამი წელი გასტანა.

მემუარებში ქიდადა მისი და თუფაქის ურთიერთობაზე წერს - "თუფაქი ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო. ჩვენ 4 თვე ვიცხოვრეთ ერთად, 1996 წელს ის ლას-ვეგასში მოკლეს. ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ახლა, როცა ასაკი მომემატა, მოდელობა ძალიან მსიამოვნებს"