"ინგლისმა არ მაპატია და არც მე ვაპატიე მას" - რატომ თქვა უარი მეფობაზე ედუარდ VIII-მ? - კვირის პალიტრა

"ინგლისმა არ მაპატია და არც მე ვაპატიე მას" - რატომ თქვა უარი მეფობაზე ედუარდ VIII-მ?

ბესი უოლის ვარფილდი, იგივე უოლის სიმფსონი რომ არა, დღეს შეიძლება ინგლისის მონარქი არა ელიზაბეტ II, არამედ სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო. XX საუკუნის ყველაზე სკანდალური და ემოციური სიყვარულის ისტორია ელიზაბეტის ბიძას – ედუარდ VIII-ს გადახდა.

მეფე ედუარდ VIII დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 10 თვის განმავლობაში იყო. ოფიციალურად კორონაცია არ იყო ჩატარებული, როდესაც მან უარი თქვა ტახტზე და ცოლად შეირთო უოლის სიმფსონი. ქორწინებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა.

უოლისი და ედუარდ VIII ერთმანეთს პირველად 1934 წლის 10 იანვარს მეგობართან წვეულებაზე შეხვდნენ. მაღალი, არისტოკრატიული გარეგნობის ედუარდი ქალებში პოპულარობით სარგებლობდა, წვეულებაზე მეგობარ ქალბატონთან ერთად მივიდა, უოლისი კი თავის რიგით მეორე ქმართან – ერნესტ სიმფსონთან ერთად. პირველმა შეხვედრამ უმნიშვნელოდ ჩაიარა. მეორედ ერთმანეთს 7თვის შემდეგ, უკვე სიმფსონების სახლში, ვახშამზე შეხვდნენ. უოლისმა და ერნესტმა პრინცი ვახშამზე მიიწვიეს. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვალა.

შეყვარებული ედუარდ VIII

1934 წლის აგვისტოში ედუარმა უოლისი და თავისი მეუღლე კრუიზზე დაპატიჟა, სამწუხაროდ ერნესტმა სამსახურებრივი საქმიანობის გამო ვერ შეძლო წასვლა, უოლისი კი სიხარულით გაემგზავრა. ამ მოგზაურობის შემდეგ შეიცვალა წყვილის ურთიერთობა. ედუარდ VIII 42 წლის იყო, ტახტზე რომ ავიდა. იგი ჯერ კიდევ უცოლო გახლდათ. როდესაც მინისტრებმა ლაპარაკი მის დაქორწინებაზე ჩამოაგდეს, ედუარდმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ უოლის სიმფსონს შეირთავდა ცოლად. ამ ამბავმა სახელმწიფო მნიშვნელობის სკანდალი გამოიწვია. მეფე მზად იყო, უოლისის გამო გვირგვინზე უარი ეთქვა.

უინძორებისთვის უოლისი დედოფლად მიუღებელი აღმოჩნდა. ერთხანს მანიფესტაციებიც კი იმართებოდა უოლისის წინააღმდეგ. ბოლოს ედუარდმა, მისტერ სიმფსონს ცოლის ხელი სთხოვა.

უოლისის ორი ქორწინება

უოლის სიმპსონის ბიოგრაფია არამხოლოდ ინგლისის მონარქიის ინტერესის სფერო, არამედ მთელი მსოფლიოს სამიზნე გახდა. გამხდარი, შუაზე გადაყოფილი თმებით, დახვეწილი და გემოვნებიანი ქალი იყო მიზეზი, ედუარდის მხრიდან ტახტზე უარის თქმის. უოლისი 1896 წელს ამერიკაში, მერილენდის შტატში დაიბადა. მამა გოგონას დაბადებიდან ხუთ თვეში გარდაიცვალა და დედამ ბიძის დახმარებით გაზარდა.

პირველი მეუღლე მფრინავი ვინ სპენსერი გახლდათ. ვინის ალკოჰოლიზმი იყო მიზეზი, რის გამოც უოლისი 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს დაშორდა. აქედან 6 თვეში ვაშინგტონში საცხოვრებლად გადასულმა უოლისმა მეორე მეუღლე ერნესტ სიმფსონი გაიცნო, წყვილი მალევე დაქორწინდა და ლონდონში დასახლდა.

სკანდალი უინძორების ოჯახში

1936 წლის 10 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის მეფემ, ედუარდ მე-VIII-მ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, გვირგვინზე უარი თქვა და ტახტი ძმას, გეორგ მე-VI-ს გადაულოცა (დედოფალ ელიზაბეტ II-ს მამას), მას კი უინძორის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა. ტახტზე უარის შემდეგ წყვილი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც 1937 წელს ერთერთ შატოში იქორწინეს, საქორწინო ცერემონიალს მცირერიცხოვან სტუმრებს შორის ვინსტონ ჩერჩილის ვაჟი – რენდოლფ ჩერჩილიც ესწრებოდა. ქორწილის ფოტოები პირველად გასულ წელს გავრცელდა მედიაში.

ედუარდი 1972 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, 14 წლის შემდეგ 1986-ში გარდაიცვალა უოლისი. ედუარდის ანდერძის თანახმად, დასაფლავებულია მეუღლის გვერდით, სამეფო განსასვენებელში.

"ინგლისმა არ მაპატია და არც მე ვაპატიე მას"- უოლის სიმპსონი.

უოლისისა და ედუარდის სიყვარულის ისტორიას 2011 წელს მადონამ ფილმი მიუძღვნა.

ედუარდის ტახტზე უარის თქმა და მისი ძმის გამეფების ისტორიაა აღწერილი ასევე ფილმში – „მეფის სიტყვა" , რომელმაც 2011 წელს 4 ოსკარი აიღო.