დაპაუზებელი მსოფლიო - ბრუნავს დედამიწა? - კვირის პალიტრა

დაპაუზებელი მსოფლიო - ბრუნავს დედამიწა?

ახალი რეალობა, რომელშიც 21-ე საუკუნის მსოფლიომ გაიღვიძა, სიურეალისტურ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე სწრაფი ტემპების (Speed of life) ეპოქას, სადაც საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების ტემპი იმდენად მაღალია, რომ რობოპერსპექტივა ყველასთვის თვალსაჩინო და რეალისტური გახდა, რისი ნათელი მაგალითიც არის იაპონია, სადაც 400 წლის წინანდელ ბუდისტურ სალოცავში მნახველებს შეუძლიათ ჩაის ჭიქით ხელში იდუმალ სამყაროში მოუსმინონ ბუდიზმის უჩვეულო მქადაგებელს, ანდროიდს სახელად, მინდარი. დარწმუნებული ვარ, მსგავსი სურათი წარმოუდგენელი იქნებოდა ბუდიზმის მქადაგებლებისთვის, რომლებმაც 400 წლის წინ ააგეს ეს ტაძარი. თუმცა თანამედროვე სამყაროს ტემპი და ტექნოლოგიები არ იძლევა მომავლის დანახვის სხვა შესაძლებლობებსა და პერსპექტივას, რადგან ტემპი იმდენად მაღალია, რომ საეჭვოა ადამიანმა შეძლოს ამ გამოწვევესთან მარტო, დახმარების გარეშე გამკლავება.

ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მწერლებმა დაწერეს წიგნები, რეჟისიორებმა გადაიღეს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები, მუსიკოსებმა დაწერეს სიმღერები და ჩვენ ყველანი ერთად მთელი ძალისხმევით ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს.

ამასთან დაკავშირებით შეწუხდნენ არა მხოლოდ ხელოვანები, არამედ მეცნიერებიც, რომლებმაც ჯერ კიდევ 1999 წლის 1-ლ მარტს გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიოს ყველა ქალაქს თავისი ტემპი აქვს, რომელიც განსაზღვრავს ქალაქების ცხოვრების სტილს, განვითარების დონესა და ყოველდღიურ რუტინას.

ბრიტანეთის საბჭოს მკვლევარების კვლევაში მონაწილეობა მიიღო 32-მა ქვეყანამ, კონკრეტულად დაკვირვების ობიექტები იყვნენ დიდი ქალაქები. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრების ტემპი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პატარა ქალაქებში ან სოფლად. კვლევის დაკვირვების ძირითად საგანს წარმოადგენდა ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების საშუალო სიჩქარე, საფოსტო კლერკების სამუშაოს შესრულების სიჩქარე და საზოგადოებრივი საათების სიზუსტე. ცხოვრების ტემპი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ეკონომიკურად განვითარებულ ქალაქებში: სინგაპური, კოპენჰაგენი, მადრიდი, გუანჯოუ (ჩინეთი), დუბლინი, კურიტიბა (ბრაზილია), ბერლინი, ნიუ-იორკი, უტრეხტი, ვენა. ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ქვეყნებს შორის 1999 წლის მარტში დაფიქსირდა იაპონიაში, რაც ალბათ საგულისხმოა, თუკი გავიხსენებთ, დღეს იაპონიის ტექნოლოგიური განვითარების დონეს. ეს ყოველივე კი იმას გულისხმობს, რომ იაპონია რობოტექნოლოგიებს სიზარმაცისა და უსაქმურობის გამო კი არ მიმართავს, არამედ საკმარისი მუშახელის არ არსებობიდან გამომდინარე, რაც, რასაკავირველია, სწრაფ განვითარებასთან არის დაკავშირებული.

1954 წელს, როდესაც ამერიკელმა გამომგონებელმა, ჯორჯ დევოლმა პირველად შექმნა ინდუსტრიული რობოტი, მან კარგად იცოდა, რომ ასწლეულის შემდეგ მისი გამოგონება ფრთებს შეისხამდა და მისი სახელიც სათანადოდ იქნებოდა დაფასებული. ჩვენთვის ამის ნათელი გამოვლინებაა რობოტი სოფია, რომელიც ესტუმრა საქართველოს და პრესკონფერენციაც ჩაატარა. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ ჩვენთვის უამრავი უცნობი რობოტები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად უმსუბუქებენ ადამიანებს ყოველდღიურობას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ახალი მეგობრები უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. რობოტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემების თანახმად, პროფესიული მომსახურების რობოტების რაოდენობა 2018-2020 წლებში საშუალოდ 20 - 25 %-ით გაიზარდა (წელიწადში საშუალოდ 397 000 ერთეული), მათი რიცხვი 2017 წელს 78 700 იყო. 2018-2020 წლებში მათი საერთო ღირებულება 19 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამათგან, პროფესიული მომსახურების რობოტების 54% იწარმოება ამერიკაში, 27% - ევროპაში, ხოლო 19% - აზიაში.

და, აი, სწორედ ამ დროს, როდესაც მსოფლიო ასეთი ტემპებით მიისწრაფის ტექნოლოგიური განვითარებისკენ, სწორედ ასეთ დროს გვიწევს სიურეალისტურ ეპოქაში დაბრუნება COVID 19-ის უდროო სტუმრობის გამო. რასაც მოყვა შესაბამისი რეაქცია, შეჩერებული ეკონომიკური განვითარების ტემპები, გადავადებული მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ხელოვნება, სპორტი, გადადებული ომი თუ ტერორიზმი. თითქოს COVID 19-მა დააპაუზა მსოფლიო და შეაჩერა დრო, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გამალებით მივდევდით და ვერ ვეწეოდით. თითქოს კორნავირუსმა ყველას მოგვცა ამოსუნთქვის და ფიქრის, აზროვნების დრო. თითქოს ეს პაუზა აუცილებელი იყო დღეს და ახლა.

დიახ, ახალმა კორონავირუსმა გვაიძულა დაგვენახა და დაგვეფასებინა გუშინდელი დღე და კიდევ ერთხელ მოგვცა დაფიქრების საშუალება იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე ღირებული და ფასეული. ბევრი ფიქრის მერე კი ისევ დავუბრუნდით საკუთარ თავს და ადამიანურ ღირებულებებზე დავფიქრდით. და, ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ყოველ ადამიანში მზეა, მოგვეცა საშუალება ნათებისთვის. ნათებაში კი აქ ერთმანეთის მიმართ სიკეთის კეთება იგულისხმება, ნათებაში იგულისხმება ერთიანი ძალისხმევა და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, თანადგომა და სიყვარული. ის ღირებულებები, რომელიც თითქოს დაგვავიწყდა და აუცილებელი გახდა მათი შეხსენება.

და მაშინ, როდესაც გავიაზრეთ ჩვენი უმთავრესი ღირებულებები და მოგვინდა სიკეთის კეთება და თანადგომის გამოხატვა, აი, სწორედ ამ დროს აღმოვჩნდით იზოლაციაში, რომელიც დღეს სიკეთის კეთების ერთგვარი წინაპირობა გახდა - თუკი გინდა გააკეთო სიკეთე, უნდა #დარჩესახლში და ამით იტვირთო შენი წილი პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე.

ადამიანის დაუცხრომელი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ თვითრეალიზაციის შემსუბუქების გზების ძიება და ამ დაპაუზებულ მსოფლიოში, ისევ მივედით ტექნოლოგიებთან, რომელიც COVID 19-ის დროს აღმოჩნდა კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა სარგებელის მომტანი იქნებოდა ეს ქსელი "შავი ჭირის" დროს და რამდენად გაუმარტივდებოდა იმ ეპოქის ადამიანებს ამ უმძიმეს გამოწვევასთან გამკლავება, რომელმაც 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასე რომ საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა COVID 19-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეტიც თანამედროვე ტექნოლოგიები ამ გამოწვევის ფონზე მოგვევლინა, როგორც სიყვარულის გადაცემის საშუალება.

აქამდე კი სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების მხრიდან მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ ადამიანებს არ დარჩათ ერთმანეთთან ურთიერთობის დრო და ამავდროულად ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო მეტად დაგვაშორა ერთმანეთს. ახალმა კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ტექნოლოგიები კი არ აშორებს ადამიანებს, არამედ აახლოებს.

ახლა კი საინტერესოა, თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების დამოკიდებულება. აბა წარმოიდგინეთ დღეს თქვენი თავი იმ ტექნოლოგიური სიკეთეების გარეშე, რომელიც გვაქვს და გვეხმარება ამ კრიზისის დაძლევასა და გადატანაში. COVID 19-მა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ 21-ე საუკუნე ახალ ტექნოლოგიებს ეკუთვნის, რაც მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდებისა და სიყვარულისთვის. დიახ, სიყვარულისთვის, რადგან COVID 19 გვასწავლის დისტანციურ სიყვარულს.

თანამედროვე ტექნოლოგიები მოგვევლინა გასაღებად იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც მსოფლიო აღმოჩნდა. ონლაინსივრცე და დისტანციური მუშაობის და სწავლების პრაქტიკა დღეს ისეთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა, როგორც არასდროს. თანამედროვე განვითარებული მსოფლიოსთვის ეს პრაქტიკულად არ წარმოადგენს გამოწვევას, რადგან დისტანციური მუშაობისა და სწავლების გამოცდილება აქტიურად იყო და არის გამოყენებული, შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით გაცილებით მომზადებულნი დახვდენენ ამ საჭიროებას.

მსოფლიოს სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონზე, სავარაუდოდ, ეს პაუზა აუცილებელი იყო, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მისცემოდათ შანსი ღირებულებების გადაფასებისა. სავარაუდოდ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავიაზროთ რამდენად ღირებულია ჩვენთვის ადამიანი და მასთან ურთიერთობა, არა მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არამედ პირისპირ. კორონავირუსი გააჩენს და განაახლებს ადამიანებს შორის მონატრების შეგრძნებას და ვიმედოვნებ, რომ ამ ჟამიანობის დასასრულს შეხვედრისას, ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება და ვისწავლით ტექნოლოგიური სიკეთეების ზომიერად გამოყენებას. თავიდან ყველა სიახლე პანაცეაა და არც არის გასაკვირი გადაჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეულწილად მიჯაჭვულობა ახალი ტექნოლოგიებისადმი, თუმცა ამ ვირუსმა დაგვანახა და გაგვახსენა, როგორ გვჭირდება ერთმანეთი...

ასე რომ, შესაძლებელია დაპაუზებულ მსოფლიოს ოპტიმიზმით შევხედოთ, რადგან COVID 19-მა გამოკვეთა მსოფლიო საერთო ინტერესი და მიზანი. ამ საერთო ინტერესებისა და მიზნების სრულყოფისათვის კი აუცილებელია მოვიწადინოთ სწავლა, მეტად მოვინდომოთ ურთიერთობა, შევძლოთ ერთმანეთის დაფასება, გავიხსენოთ თანადგომის სურვილი და მოვინდომოთ ერთად ვაშენოთ უკეთესი მსოფლიო. ამ ყველაფრის რეალიზაციის პროცესში კი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი თანამედროვე ტექნოლოგიებია, რომელიც დაგვეხმარება ერთმანეთის გამხნევებასა და შიშის დაძლევაში. დაგვეხმარება პესიმიზმის, სასოწარკვეთილებისა და ნეგატიური შეფასებების განეიტრალებაში. ამას წინათ, Facebook-ზე წავაწყდი ერთ-ერთი მეგობრის პოსტს: "მგონი, დედამიწა საერთოდ გაჩერდა". არა მეგობრებო, ის არ გაჩერებულა და თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად გვიდასტურებენ, რომ "ის მაინც ბრუნავს".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს