ნაცრისფერი ბალბა - კვირის პალიტრა

ნაცრისფერი ბალბა

ნუცა შავლაძის ბლოგი - ეძღვნება დათოს

შეიძლება დამძიმებულმა და ნანერვიულებმა დაიძინო იმის გამო, რომ iPhone-ში წაგეშალა ყველა ფოტო, რომელსაც თან გაყვა მოგონებების ზღვა, ან სამსახურში შეგემთხვა უსიამოვნება, ან მეგობარმა ვერ გაიგო შენი სათქმელი და გულნატკენი დაბრუნდი სახლში. ხშირად ეს წვრილმანები ტრაგიკულად აღგვიქვამს ან ტრაგიკულად შეგვიფასებია მოვლენები, რომლებიც სინამდვილეში არც კი მოითხოვდა ამდენ ემოციას. ასევე ხშირად მოგვისმენია შეფასებები: "ეს ხომ ნამდვილი ტრაგედიაა!"; "დედა, როგორი ტრაგედია დაატყდათ თავს"; "მთელი ჩემი ცხოვრება ტრაგედია არ არის?" ამ დროს, კი იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილ ტრაგედიასთან უწევთ ბრძოლა დუმილის მეტი აღარაფერი შეუძლიათ.

რა არის სინამდვილეში ტრაგედია? საერთოდ რას ნიშნავს ეს სიტყვა? როგორი მოვლენა აღიქმება ჩვენს ცნობიერში ტრაგიკულად? და რა არის ტრაგიზმი?

თუკი მოვიძიებთ სიტყვა "ტრაგიზმის" მნიშვნელობას, ორნაირ განმარტებას შევხვდებით:

1. ტრაგიკული ელემენტი დრამატულ ან მუსიკალურ ნაწარმოებში, მის შესრულებაში. 2. რისამე ტრაგიკული, შავბნელი მხარე; საშინელება, გამოუვალი მდგომარეობა.

რადგან ახლა ჩვენ არც დრამატულ ნაწარმოებს და არც მუსიკას განვიხილავთ, ჩვენთვის უფრო საყურადღებოა განმარტების მეორე ნაწილი კონკრეტულად კი ის სიტყვები, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა ჩვენთვის "საშინელება", "გამოუვალი მდგომარეობა". შემდეგ ადამიანი იწყებს ფიქრს და გააზრებას იმისა, თუ რა არის საშინელება ან გამოუვალი მდგომარეობა და სწორედ ამ დროს იწყებ გააზრებას, რომ არც iPhone-ში წაშლილი ფოტოები, არც სამსახურებრივი უსიამოვნება და არც მეგობართან შექმნილი გაუგებრობა არ შეიცავს ტრაგიზმის ელემენტებს, რადგან თითოეული მათგანის მოგვარება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, გულდასაწყვეტია. მაგრამ გულისწყვეტა და გამოუვალი მდგომარეობა, როგორც ცნებები ძალიან შორს დგას ერთმანეთისგან.

შემდეგ იწყება ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოუვალი მდგომარეობა და ალბათ, სწორედ ამ დროს გვახსენდება ტრაგედიის განმარტება, სადაც ლაპარაკია გმირზე, რომელიც ტრაგიკულად იღუპება. დიახ, სიკვდილი არის ტრაგედია, უკურნებელი სენის გამო, საყვარელ ადამიანთან იძულებით განშორება არის ტრაგედია.

თანამედროვე მსოფლიოში მედიცინას ბევრი გამოწვევა აქვს. დღეს ყველაზე აქტუალური თემაა COVID 19-თან საყოველთაო, მობილიზებული ბრძოლა. თუმცა, რომ არა ეს პანდემია, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად, რომელიც 2018 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის კუთხით მეორე ადგილს იკავებს, სიმსივნური დაავადებებია. ამასთან დაკავშირებით არა ერთი სტატია დაწერილი, გადაცემა გაკეთებულა და საექსპერტო ინტერვიუ მომზადებულა. ზოგი დაბინძურებულ გარემოს და შესაბამისად, არაჯანსაღ პროდუქტს დებს ბრალს ამ დაავადების გავრცელებაში, ზოგი ე.წ. "ჩერნობილის ტრაგედიას" უკავშირებს სიმსიმნური დაავადებების ასაკობრივ ცვლილებასა და სიხშირეს, ზოგიც იმასაც ამბობს, რომ გენეტიკა განმსაზღვრელია. ეს ყოველივე კი იმას ადასტურებს, რომ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში ჯერაც არ არის დადგენილი და ყველანი მიცემულნი ვართ ვარაუდს და "ალბათობის თეორიას". თუმცა რას ვიზამთ, ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და სწორედ ამ მოცემულობასთან გვიწევს ბრძოლა. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა უთანასწოროა, რადგან მტრის შეცნობა ვერ ხერხდება.

სწორედ ამ უთანასწორო ბრძოლაში მყოფ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს უწევთ ნამდვილი ტრაგედიის გადატანა, სადაც მთავარი გმირი მათი უსაყვარელესი ადამიანია. მე ვიტყოდი, რომ ამ სენის მატარებელი ყველა ადამიანი გმირია, რადგან ის გზა, რომლის გავლაც მათ უწევთ უმძიმესია და ტრაგიზმითაა აღსავსე. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რასთან აქვთ საქმე და მიუხედავად ამისა, არ ყრიან ფარ-ხმალს იბრძვიან ხვალინდელი დღისათვის. ამ ბრძოლას სჭირდება წარმოუდგენელი ოპტიმიზმი და გამარჯვების რწმენა. თუკი სადმე გამოთქმა "იმედი ბოლოს კვდება" შეიძლება რელევანტურად ჩაითვალოს, სწორედ ეს მდგომარეობაა, სადაც განკურნების ან დაავადების რეცესიის მოლოდინი და სურვილი იმდენად უსაზღვროა, რომ ადამიანი შეგნებულად ამბობს უარს რაციონალურ აზროვნებაზე. ასეთ დროს ადამინში არავითარი რაციო აღარ არსებობს და რჩება მხოლოდ სიცოცხლის წყურვილი.

ხშირად ადამიანებს გვინდება საგმირო საქმეების მოსმენა, ხშირად დავტაცებთ ხელს ისტორიის წიგნს და ვკითხულობთ გმირების ცხოვრებას, თუმცა, დამიჯერეთ, ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს თანამედროვეობაში, ჩვენს გვერდით, რომლებიც ტრაგიზმის სრული სისავსით იბრძვიან გადარჩენისთვის და მე მჯერა, ასეთი ადამიანების სურვილის სიძლიერის, რომელსაც აუცილებლად მოყვება გამარჯვება.

ჩემთვის გმირია 3 წლის სანდრა, რომელიც წლინახევრის იყო, როდესაც აფხაზეთიდან ჩამოვიდა ლეიკემიის სამკურნალოდ. პატარა სანდრა, თავის გმირ დედასთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში იბრძოდა გადარჩენისთვის. იმ დამღლელი 366 დღიდან, თითოეული დღე ეძღვნებოდა სიცოცხლისათვის ბრძოლას, ბრძოლას პატარა გოგოს გულისცემისთვის, ბრძოლას მისი მომავლისთვის. ასე მგონია, რომ მთელმა სამყარომ იბრძოლა მისი გადარჩენისთვის და შედეგმაც არ დააყოვნა, სანდრა ძალიან მალე დაბრუნდება აფხაზეთში სრულიად ჯანმრთელი. ეს არის სიცოხცლის გამარჯვება სიკვდილზე, ეს არის სანდრასთვის და მისი ოჯახისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე, რომელიც ასეთი ძვირფასი და სანუკვარია.

ასე მგონია, ამ ბრძოლაში განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განწყობა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გამარჯვებისთვის, რის შემდეგაც მწუხარებისგან განაცრისფრებულ ბალბას, ისევ ჟოლოსფერი დაუბრუნდება.

თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ეს ბრძოლა დამარცხებით სრულდება. ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ბრძოლაში მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ. დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტიც გააკეთეთ, ვიდრე შეგეძლოთ. თუმცა ჩვენი სურვილების გარდა არსებობს ნება, რომელსაც წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.

ეს დაავადება არ ცნობს არც სოციალურ სტატუსს, არც მატერიალური უზრუნველყოფილება არის რაიმეს მანიშნებელი და გამარჯვების მომტანი. სიმსივნემ არაერთი შეძლებული და ცნობილი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა სახელები ისტორიას დარჩება: ლუჩიანო პავაროტი, სტივ ჯობსი, ჯო კოკერი, ლინდა მაკარტნი, პატრიკ სუეიზი, ჟაკლინ კენედი, ოდრი ჰეპბერნი.

ხშირად, სანამ მართლაც ტრაგიკული რამ არ გადაგვხვდება თავს ვერ ვიაზრებთ ჩვენი ცხოვრების ფასს, არასდროს ვართ კმაყოფილები იმით, რაც გვაქვს და მუდმივად გვინდა მეტი და მეტი.... გვიპყრობს უკმაყოფილება და სევდა ისეთი წვრილმანების გამო, რომელიც სინამდვილეში უმნიშვნელო ყოფილა. ასეთ წვრილმანებს ყოველთვის მსუბუქად და მარტივად უნდა შევხედოთ და ისინიც მარტივად მოგვარდებიან. გთხოვთ, დატკბით ყოველი ნაჩუქარი წამით, გთხოვთ, იყავით ბედნიერები იმით რაც გაქვთ, გთხოვთ, გაეცით მეტი სითბო და სიყვარული, რომელიც უკან უფრო უხვად დაგიბრუნდებათ. რადგან ოდესღაც ჩვენს ცხოვრებაში დადგება ის დღე, როცა ვინანებთ, რომ არ გვიყვარდა, რომ არ დავუთმეთ ერთმანეთს დრო, რომ არ ვაჩუქეთ ერთმანეთს სითბო,

სიტყვას დიდი ძალა აქვს და რადგან "პირველად იყო სიტყვა", ალბათ უნდა დავუკვირდეთ იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ. ალბათ ტრაგედიად არ უნდა შევაფასოთ წვრილმანი პრობლემები, რომელიც მოდუნების და სიმშვიდის შენარჩუნების შემთხვევაში ხშირად თავისით გვარდება. ხანდახან ადამიანები შექმნილი რთული სიტუაციების გამო სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, თუმცა რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, მაინც უნდა წამოვდგეთ ფეხზე, რადგან ეს გზა ჩვენი გასავლელია.

აქვე არ შემიძლია არ მივმართო ექიმებს. გთხოვთ, ნურასდროს დაგავიწყდებათ, იმ ადამიანების სიცოცხლის სურვილითა და სასოწარკვეთილი იმედით აღსავსე თვალები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მორიგი პაციენტი, ვიღაცითვის ერთადერთი და განუმეორებელი მამაა, ერთადერთი ქმარია და ყველაზე მძიმე შემთხვევებში ერთადერთი და სანუკვარი შვილია. გთხოვთ, ყოველთვის გახსოვდეთ ეს, რადგან თქვენი თანადგომა, თქვენი გამხნევება და თბილი მზერა იმედის მომცემია და მაცოცხლებელია მათთვის. მესმის, რომ ჩემი თხოვნა საკმაოდ რთულია შესასრულებლად, რადგან ასეთი პაციენტი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გყავთ, თუმცა, ალბათ ამიტომ არის თქვენი ფიცი ასეთი მძიმე, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო რამ გაბარიათ, ადამიანის სიცოცხლე.

P.S. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და რთული იყო ამ ბლოგის დაწერა, რადგან მამაჩემი, დათო შავლაძე, ორწლიანი ბრძოლის შემდეგ სიმსივნით გარდაიცვალა. ის ჩემთვის ტრაგედიის გმირია, რომელსაც ძლიერი ნება ქონდა, მის მიერ დასახული მიზანი კი დიადი და საკაცობრიო იყო, რადგან ის სიცოცხლისთვის იბრძოდა.