ცხოვრება ან - ან - კვირის პალიტრა

ცხოვრება ან - ან

ადამიანს ბავშვობდან უყალიბდება შეხედულებები, დამოკიდებულებები და განწყობები სხვადასხვა საკითხზე, რამდენად საკუთარია ეს შეგრძნებები ამას მოგვიანებით იგებს, როდესაც ხდება ზრდასრული და ყველა ადამიანი სხვადასხვა დროს ხდება ზრდასრული, ალბათ მაშინ, როდესაც ამის მომენტი დგება.

ჩემს შემთხვევაში, ბავშვობაში და მოგვიანებით შექმნილი დამოკიდებულებები ზოგი იგივე დარჩა, ზოგი გადაიხედა, ზოგიც რადიკალურად შეიცვალა. თუმცა, განწყობა და დამოკიდებულება, რომელიც ბაბუამ აფხაზეთთან დაკავშირებით შემიქმნა წარუშლელი და გადაუხედავი გამოდგა, რადგან ისე მაქვს შესისხლხორცებული, რომ, ალბათ, მას ვერაფერი შეცვლის.

თბილისში სამოქალაქო ომის დროს, ჩვენი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, რაც განპირობებული იყო ბაბუას საქმიანობით. ალბათ სწორედ შეცვლილი საცხოვრებლის გამო, ჩვენს ოჯახში ჭარბობდა საუბრები საქართველოზე, პატრიოტიზმზე, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარულზე, ფირუზისფერ ცაზე, რომელიც მხოლოდ საქართველოში იყო და რა თქმა უნდა აფხაზეთზე. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, მე 6 წლის, გიორგი 12-ის ბაბუა ყოველდღე გვიყვებოდა იმ სიყვარულზე, რომელიც ქართველ ხალხს აფხაზეთის და აფხაზების მიმართ ჰქონდა, გველაპარაკებოდა იმ ტკივილზე, რომელიც გადაიტანა იმ ხალხმა, რომელსაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბრები სევდის მომგვრელი იყო, ყოველთვის სრულდებოდა ოპტიმიზმისტურ ნოტაზე: "ბაბუ, აუცილებლად განახებთ აფახაზეთს".

ეტყობა ბაბუასთან გატარებულმა ამ დრომ თავისი შედეგი გამოიღო და 6 წლიდან მოყოლებული, არ განელებულა არც შეგრძნებები და არც დამოკიდებულება შეცვლილა, პირიქით უფროდაუფრო ღვივდებოდა განცდა და თანაგანცდის სურვილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაკარგა სახლი და საკუთარი მიწა-წყალი.

აფხაზეთზე საუბრისას, ყველაზე საყურადღებო და საგულისხმო, იმ ადამიანების მდგომარეობა მგონია, რომლებსაც იძულებით მოუწიათ გადაადგილება, ვინაიდან არ გაუმართლათ და იმ მიწაზე ცხოვრობდნენ, რომელიც ოკუპანტი რუსეთის ინტერესს წარმოადგენდა.

ყველა ადამიანს ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე სხვადასხვა განსაცდელი ატყდება თავს. ზოგი მათგანი ტრაგიკულია, ზოგი უბრალოდ პრობლემური, მაგრამ არსებობს ისეთი განსაცდელიც, რომელიც არც პრობლემატური და არც ტრაგიკულია, არამედ რაღაც მეტია, რაღაც მეტი, რაც დაკავშირებულია იმედთან და მოლოდინთან. რის მოლოდინთან? სახლში დაბრუნების მოლოდინთან, იმის იმედით, რომ როდესღაც, არ იცი როდის, დაუბრუნდები შენს სახლს, შენს მიწა-წყალს, სანატრელ წარსულს. ამ ადამიანებმა დაკარგეს ყველაფერი დიდი მეზობლის გადაწყვეტილებებისა და ინტერესების გამო, მათ პრაქტიკულად დაკარგეს ცხოვრება და ახალ რეალობაში, თავიდან მოუწიათ საკუთარი თავის აღმოჩენა და პოვნა, თავიდან მოუწიათ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება, ცხოვრებისეულ როლში შესვლა და არსებულ სიტუაციაზე მორგება, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ.

მგონი, ბაბუას ემოციებმა პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულის შესახებ, განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. მინდოდა გავმხდარიყავი ისეთი რამის სპეციალისტი, რომლის მეშვეობითაც შევძლებდი, ჩემი ქვეყნის მსახური ვყოფილიყავი. გაღვივებულ პატრიოტულ შეგრძნებებს, ხელი შეუწყო ასაკობრივმა რომანტიზმმა და გადავწყვიტე ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე.

სწავლის დროს გული მეკუმშებოდა პატარა სახელმწიფოების ბედზე, რომლებსაც დიდი მეზობელი ჰყავდა. ვიაზრებდი, რომ საქართველოს ასეთ მეზობლად "დიდი რუსეთი" ერგო, რომელიც არამხოლოდ იბრძვის გავლენებისთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით აგრესიული პოლიტიკის გამტარებელია, რის გამოც არა ერთხელ მოუხსენებიათ "აგრესორად", როგორც ცალკეული სახელმწიფოების პოლიტიკურ, ასევე საერთაშორისო ტრიბუნებზე.

პატარა სახელმწიფოს, რომელსაც წილად ერგო ასეთი მასშტაბებისა და აგრესიის მქონე მეზობელი, დიდი გონიერება და წინდახედულობა მართებს, ვინაიდან დათვის გაღვიძებას, შესაძლოა სავალალო და მეტიც, ფატალური შედეგები მოჰყვეს. ასეთი ფატალური შედეგის წინაშე საქართველო არაერთხელ აღმოჩნდა: 1801 წელს, რუსეთის იმპერიის ნაწილად ქცევა, 1921 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, 1990 წელს პროვოკაციები სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, 1993 წელს, აფხაზეთის ტერიტორიების ოკუპაცია, 2008 წელს, სამაჩაბლოს ოკუპაციის ლეგიტიმაცია და სხვა მრავალი, რომლის ჩამოთვალაც ამ ფორმატში გაგვიჭირდება.

1992-1993 წლების, აფხაზეთის რეგიონში ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი სრულად იყო პროვოცირებული და წინასწარ დაორგანიზებული დიდი "დერჟავის" მიერ, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სრულყოფისა და კავკასიის რეგიონში ძალაუფლების დემონსტრირების მიზნით. 13 თვიანმა ომმა, დიდი დანაკარგი მოუტანა აფხაზებს და ქართველებს, მათ, ვისაც ერთი სამშობლო ჰქონდა. ხელოვნურად პროვოცირებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 3000-ზე მეტი აფხაზი თანამემამულე, 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი ქართველი; დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე; 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი, იძულებით მოწყდა საკუთარ მიწა-წყალს. და ალბათ, ამ დროს ყველა კარგად იაზრებს, როგორი მძიმე და გაუსაძლისია ფესვებიდან მოწყვეტა, სხვათა გეგმების გამო.

მსოფლიომ ორი მსოფლიო ომის საფუძველზე, ერთხმად აღიარა, რომ ომი ბოროტებაა და დაიწყო გამალებული განიარაღების პოლიტიკა. ომი ნამდვილად ბოროტებაა, მაგრამ განსაკუთრებულ და დიდ ბოროტებად გარდაიქმნება მას შემდეგ, როდესაც ერთი ქვეყნის მამულიშვილებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გატარების გამო აიძულებ ერთმანეთის სისხლი დაღვარონ. რუსეთმა თეატრალიზაციის გარდა, ქმედითი ნაბიჯები გადადგა მიზნის სისრულეში მოსაყვანად.

პარალელურ რეჟიმში ფასადური პოლიტიკის მიზნების უზრუნველსაყოფად, რუსეთი მართავდა სამშვიდობო შეხევდრებს ე.წ. "ქართულ-აფხაზური" კონფლიქტის დასარეგულირებლად. 3 სექტემბრის შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ, ბორის ელცინს, ვლადიმერ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 5 სექტემბრიდან, თუმცა, რასაკვირველია, "განზრახული" შედეგი ვერ დადგა და "საომარი მოქმედებები" გაგრძელდა. რუსეთის ფარისევლური პოლიტიკიდან გამომდინარე, ასეთი არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ძმათა დაღვრილი სისხლი, გაუბედურებული ადამიანები და ოჯახები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთს სრულყოფაში მოეყვანა სტრატეგიული მიზნები და კიდევ ერთხელ ეჩვენებინა საკუთარი ძალაუფლება შავი ზღვის რეგიონში და არამხოლოდ. სტრატეგიაზე, ინტერესებზე, საკუთარ ძალაუფლებასა და გავლენაზე საუბრისას სახელმწიფოებს ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანი და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები იქცევიან ინსტრუმენტად სხვათა ძლიერების უზრუნველსაყოფად.

როდესაც ცხოვრებაში რაიმე სირთულის წინაშე ვართ და ჩვენს ქმედებასა თუ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული კონკრეტული შედეგი, ამ გადაწყვეტილებასა და შედეგზე პასუხს თავად ვაგებთ, რადგან აღნიშნულის ავტორები თავად ვართ. თუმცა როდესაც ვერაფერს წყვეტ და არც არავინ გეკითხება აზრს და, შესაბამისად, არც არანაირი არჩევანი არ გაქვს, ისღა დაგრჩენია, გაიქცე და თავიდან დაიწყო ცხოვრება, რაც მარტივი სათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. დიახ, აფხაზეთიდან დევნილ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ჰკითხეს, "გინდა აქედან წასვალაო?". ისინი აღმოჩნდნენ მოცემულობის წინაშე, სადაც მათ აზრს და არჩევანს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია, როცა გაქვს სახლი, გყავს ოჯახი, საყვარელი ადამიანები, საყვარელი ქალაქი, ქუჩები, ადგილები, რომელიც ძვირფასია და ერთ დღეს გეუბნებიან, რომ შენ აქედან უნდა წახვიდე, რადგან სადღაც გაუგებრობა მოხდა, ვიღაცამ ვიღაცას არ დაუთმო ან პირიქით დაუთმო და ამის გამო, შენ უნდა გაიქცე, გაიქცე შორს და არც არავინ გეუბნება, როდემდე. შეიძლება სამუდამოდ, შეიძლება დროებით... და, ალბათ, როგორი რთულია ამ მოლოდინით ცხოვრება, როდესღაც ის ყველაფერი, რაც ასეთი ძვირფასი იყო შენთვის, ან დაგიბრუნდება ან არა და მერე ცხოვრობ ესე ან-ან.

ამ ადამიანებს აფხაზეთში დარჩათ სახლები, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ტყემ შეჭამა, მიუხედავად ბუნების წიაღის გავრცელებისა და გამრავლებისა, ისინი მედგრად დგანან, ბებერი მუხასავით და ელოდებიან პატრონს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად დაბრუნდება. მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სახლი, სულმოუთქმელად ელოდებიან მათთან შეხვედრას. შეხვედრას საკუთარ სახლთან, რომელიც ერთგულად დგას და ელოდება, იმის იმედით, რომ იქ ისევ იქნება ბავშვების ჟრიამული, სიცოცხლით სავსე ცხოვრება, ლხინი და უწინდელი უდარდელობა.

ასე მგონია, რომ ეს ადამიანები დღესვე რომ დააბრუნო ტყე გადავლილ სახლებში, შიშველი ხელებით, ყველას დახმარების გარეშე შეძლებენ საკუთარი სახლების გაცოცხლებას, რადგან ამის სურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ სირთულეს და წინააღმდეგობას გაუძლებს. დღეს კი მათ ისღა დარჩენიათ, იმედის თვალით უყურონ საკუთარი სახლების სურათებს, რაც დაკავშირებულია უსაზღვრო მონატრებასთან. მონატრებასთან, დამღლელი და აქტიური დღის შემდეგ საკუთარი სახლის მდუმარების მოსმენასთან.

ასე, შეიძლება დიდმა სახელმწიფოებმა განსაზღვრონ არამხოლოდ პატარა ქვეყნების ბედი, არამედ კონკრეტული ადამიანების ცხოვრება. ალბათ, საშინელია განცდა იმისა, რომ უცხო სახელმწიფოს ინტერესების და გეგმების გამო გიწევს მთელი ცხოვრების მოლოდინში გატარება. თუმცა იცოდეთ, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოთმინებას, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოლოდინს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს