"პოზიტიური დისკრიმინაცია" VS ქალთა შესაძლებლობების საუკუნე
"პოზიტიური დისკრიმინაცია" VS ქალთა შესაძლებლობების საუკუნე
ყოველთვის მჯეროდა, რომ ვიდრე რამეს შეაფასებ ან რამე მოსაზრებას საჯაროდ გამოთქვამ, აუცილებელია საკითხში ჩაღრმავება, დაფიქრება და შემდეგ - პოზიციის გამოხატვა. ძალიან ვაფასებ ადამიანებს, ვისაც გააჩნია საკუთარი, მყარი მოსაზრება, შესაფერისი არგუმენტებით, თუმცა მზად არიან მოისმინონ განსხვავებული აზრი და მიიღონ ის, რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვანია დიალოგისთვის.

ვიდრე ამ თემას ხელს მოვკიდებდი, ბევრი ვიფიქრე, ვიკითხე და განსხვავებული მოსაზრებებიც მოვისმინე. ზოგი - ლიბერალური და სოციალისტური, ზოგიც - მარქსისტული, ანარქისტული თუ ნატივისტური ნარატივის შემცველი. გულახდილად ვიტყვი,
საკმაოდ საინტერესო ისტორიებს, მაგალითებს და იდეოლოგიურ მიდგომებს გადავაწყდი. მათი დიფერენციაციის პროცესიც საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა, რამაც ბოლოს მიმიყვანა საკუთარ მყარ აზრამდე, რომ ქალთა სქესი გაცილებით ძლიერია, ჭკვიანი და უნარიანი... და ამ წინადადებას არ მოჰყვება სიტყვა "ვიდრე" ანუ "ვიდრე მამაკაცების", რადგან დაბეჯითებით მჯერა იმის, რომ ჩვენ არავის
ვეჯიბრებით და არც საჭიდაოდ გვაქვს საქმე, ვინაიდან... ქალების დღევანდელობა მკვეთრად განსხვავდება იმ ეპოქისგან, როდესაც მათ დროშებით ხელში უწევდათ იმის მტკიცება, რომ მათაც ჰქონდათ არსებობის უფლება; მათი ეგზისტენციალიზმი არ იყო ჩატეული მხოლოდ მეოცე საუკუნის შუა წლებში გავრცელებულ პრუდონსისეულ მოსაზრებაში, რომ ქალის საკვანძო როლი ამ ყოფიერებაში იყო დიასახლისობა ან მეძავობა. ბუნებრივია, აღნიშნული მოსაზრება და დამოკიდებულება დისკრიმინაციული, დამაკნინებელი და დამამცირებელია.

ძალადობა და დისკრიმინაცია ქალთა მიმართ კომუნიკაციის იმდენად მიღებული ფორმა იყო, რომ რიგ შემთხვევებში, ქალებს პროტესტის შეგრძნებაც კი არ უჩნდებოდათ ან თუ უჩნდებოდათ, ვერ ბედავდნენ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს, რადგან არ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა. ისინი, აპათიურ მდგომარეობაში, ეგუებოდნენ იმ რეალობას, რომელშიც უწევდათ არსებობა და ამ სიტყვას შეგნებულად ვხმარობ, რადგან მათ ყოფას არ ერქვა ცხოვრება, არამედ ერქვა - არსებობა.

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ კლასობრივი დიფერენციაციის საკითხი ქალთა სქესში. პროლეტარი ქალების ცხოვრება გაცილებით მძიმე იყი, ვიდრე ბურჟუაზიული წრეების წარმომადგენელი ქალების, რადგან ეს უკანასკნელი მათ მიმართ მეტად კეთილი იყო და არ ახლდა იმდენი სისასტიკე და დაუნდობლობა, როგორც საზოგადოების ე.წ. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის. ბურჟუაზ ქალბატონებს, პროლეტარი ქალებისგან განსხვავებით, თავის წარმოჩენა შეეძლოთ, როგორც საკუთარი სილამაზით, ასევე - კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობით, რაც არ მოითხოვდა იმდენ ძალისხმევას, რასაც საზოგადოებრივი ცხოვრება. მოკლედ ადგილი ჰქონდა სქესობრივ დისკრიმინაციასა და შევიწროებას, რომელიც საკუთარ თავში ასევე მოიცავდა კლასობრივ დისკრიმინაციას. თუმცა ორივე კლასის წარმომადგენელთა საბედნიეროდ, როგორც ისტორიას სჩვევია, გამოჩნდნენ მეამბოხეები მერი უოლსტოუნკრაფტის, ავგუსტ ბებელის, სიმონ დე ბოვუარის, ვირჯინია ვულფის, ქეით მილეთის და სხვა მრავალის სახით, რომლებმაც გაბედეს ქალთა უფლებებზე ხმამაღლა ლაპარაკი.

ფემინისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი, თამამი ნაშრომი და, ამავდროულად, ერთგვარი მანიფესტი, იყო მერი უოლსტოუნკრაფტის "ქალთა უფლებების დაცვა" (Vindication of the rights of women), სადაც ყურადღება მახვილდება ქალთა სქესის მიერ განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების აუცილებლობასა და რაციონალიზმზე.
უოლსტოუნკრაფტი და მისი თანამოაზრეები მზად იყვნენ იდეისთვის საბრძოლველად. იდეა კი ნამდვილად იყო დიადი: განათლების მიღების უფლება!

აქვე აღსანიშნავია, რომ მე-18 საუკუნის ფემინისტები მკვეთრად განსხვავებულ გარემოსა და ვითარებაში იმყოფებოდნენ. ისინი იბრძოდნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის, როგორიც არის განათლების მიღების უფლება, ხმის უფლება და ქალთა მიერ წარმოებული კამპანია სრულად იყო აგებული ანტიდისკრიმინაციულ მოტივებზე.
თუმცა მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რისთვის იბრძოდნენ ეს ადამიანები და რა რეალობაა დღეს? ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გარემოებების სწორი შეფასება ანუ იმის გააზრება, რომ დადგა შესაძლებლობების გამოყენების საუკუნე, რაც ასევე გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას და გამოვლენას.

აქვე უნდა ითქვას, რომ დროსთან ერთად სიტყვა ფემინიზმმა საზოგადოებაში აგრესიული აღქმა შეიძინა, რომელიც არ გულისხმობს ადამიანის ინდივიდუალური და ფუნდამენტური უფლებების დაცვას, არამედ - მიიჩნევა აგრესიულ ქალთა მოძრაობად, რომელიც მოკლებულია საღ არგუმენტებსა და იდეებს და არის პასუხი მიზოგინიზმზე, რომელსაც მამაკაცები წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ავლენდნენ ქალთა სქესის მიმართ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ფემინისტური პროცესის რადიკალიზაცია, სავარაუდოდ, განპირობებული იყო და პასუხი იყო იმ რადიკალურად ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ქალთა სქესისადმი, რომელიც საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში ვლინდებოდა.
მიზოგინისტური განწყობები და შეხედულებები, რომელიც უმეტესად პატრიარქალურ საზოგადოებას ახასიათებს, სამწუხაროდ, დღესაც ჭარბად არის მთელ რიგ ქვეყნებსა და რეგიონებში. სხვადასხვა სოციალური ფენის ქალბატონებისთვის განსხვავებული გამოწვევები და საკითხები დგას. საქართველოშიც, მით უფრო რეგიონებში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გოგონებს, მათი სქესობრივი კუთვნილების გამო ეზღუდებათ განათლების მიღების უფლება და სხვა. სავარაუდოდ, მათი ოჯახის წევრებს ავიწყდებათ ეროვნული სიმდიდრეები და ღირებულებები ქართლის დედისა და "ვეფხისტყაოსნის" სახით, სადაც რუსთაველი ლაპარაკობს ქალის როლსა და სიძლიერეზე და აკეთებს მინიშნებას - რომ არა ნესტანი-დარეჯანი, ტარიელი ვერ იქნებოდა ტარიელიო.

ამგვარად, სასურველია, მეტი გასაქანი მიეცეს ქალთა სქესს, რომ მოხდეს იმ შესაძლებლობების რეალიზება, რომელიც გარკვეული გარემოებებისდა გამო, ითრგუნებოდა, რიგ შემთხვევებში - შეგნებულად, ხოლო რიგ შემთხვევებში - სრულიად შეუგნებლად, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ქცევის ტრადიციულ მოდელს. ამიტომ, როდესაც საზოგადოებაში მიმდინარეობს დისკუსია, არის თუ არა ქალთა კვოტირების სისტემა "პოზიტიური დისკრიმინაცია", ჩემი პასუხია: არა! რადგან, მიუხედავად თანამედროვე აზროვნებისა და მამაკაცების მეტი გულისხმიერებისა, ქალის რეალური როლი ოჯახში გაცილებით დიდია მისი დედობრივი ინსტინქტებიდან გამომდინარე, რაც სრულიად ნორმალურად და, მეტიც, სასიამოვნოდ მიმაჩნია. სწორედ ამ გაზრდილი ოჯახური როლის გამო აუცილებელია ქალბატონების ხელშეწყობა და კვოტირების არათუ უბრალოდ შემოღება, არამედ შემოღებული მანდატების გაზრდაც, რადგან დიახ, აუცილებელია ქალთა ხელშეწყობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისთვის, რადგან ზემოხსენებული საოჯახო როლი საკმაოდ მოცულობითია.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოწადინებულია, მიაღწიოს თანასწორობას ყველა სეგმენტსა და ასპექტში და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქორწინების დაკონტრაქტებაც, მგონია, რომ ეს ძალზე რთული საკითხია, რადგან სიყვარულის დაკონტრაქტება არ მეჩვენება რეალისტურად. ქორწინებაშიც მიმაჩნია, რომ წყვილი ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების გარეშე თანხმდება ქცევის მოდელსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე და ამას არეგულირებს არა რაიმე სახის დოკუმენტი, არამედ - სიყვარული, რადგან მის გარეშე ამ ფურცელსაც აზრი ეკარგება. თანასწორობა საოჯახო საკითხებში, ყველაზე პრიმიტიული მაგალითი -  ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით, ასევე მგონია, რომ გვარდება არა ბიუროკრატიულად, არამედ - ურთიერთგაგებით და ისევ სიყვარულით. სიყვარულით, რომელიც იძლევა თავისუფლებას და სუნთქვის შესაძლებლობას.

ასე რომ, მიუხედავად ურთულესი ისტორიული წიაღსვლებისა, ქალბატონებმა მოიპოვეს გარკვეული თავისუფლებები, რაც მისასალმებელია და, მეტიც - მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნე არის ქალთა შესაძლებლობების მანიფესტირების საუკუნე და დრო შესაძლებლობების გამოვლენისა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ზურა
15 ივლისი 2021 22:11
სუპერ,სხვა სიტყვები არ შეიძლება
mkiTxveli
01 თებერვალი 2021 14:22
ძლივს არ ვნახე არგუმენტი თუ რატომ ქვოტირება?
კარგი სტატიაა..
29 იანვარი 2021 16:34
ბრავო ძლიან მაგარია

თვის კითხვადი სტატიები