ტრანს-ანატოლიის უმნიშვნელოვანესი გაზსადენის გახსნა და საზეიმო ცერემონია საქართველოს გარეშე - კვირის პალიტრა

ტრანს-ანატოლიის უმნიშვნელოვანესი გაზსადენის გახსნა და საზეიმო ცერემონია საქართველოს გარეშე

სამწუხაროა, რომ ჩვენში მიმდინარე დრამატულმა შიდაპოლიტიკურმა მოვლენებმა ყურადღების მიღმა დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც 12 ივნისს თურქეთში, ქალაქ ესკიშეხირში ჰქონდა ადგილი.

ამ დღეს ტრანს-ანატოლიის გაზსადენის (TANAP) ცენტრალური ნაწილის მონაკვეთი გაიხსნა, რომელიც აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებულ გაზს ევროპის ბაზარს მიაწვდის. ეს გაზსადენი თითქმის 2000 კილომეტრი სიგრძისაა და იგი ნაწილია იმ დიდი მაგისტრალისა, რომელსაც "სამხრეთის გაზის კორიდორი" შეარქვეს. მისი პირველი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში გადის, უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს. გახსნილი მაგისტრალი მისი გაგრძელებაა, რომელიც საბოლოოდ ორი განშტოებით, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით ცენტრალური ევროპას და მეორე საბერძნეთის გავლით იტალიას მოამარაგებს.

დღეისათვის ევროპა დაახლოებით 360 მილიარდი კუბომეტრი გაზის იმპორტს ახორციელებს. აქედან "გაზპრომის" წილი დაახლოებით 160 მილიარდი, ანუ 44,4% . მეორე ადგილზეა ნორვეგია დაახლოებით 25%, დანარჩენი ალჟირზე, ტუნისზე, თხევად გაზზე და ადგილობრივ მოპოვებაზე მოდის.

გაზზე მოთხოვნილება ევროპაში სულ უფრო იზრდება და ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის იგი 550 მილიარდ კუბომეტრამდე გაიზრდება.

ამ პერიოდისათვის TANAP-ის მეშვეობით 16 მილიარდი კუბომეტრი გაზი გაედინება, მათგან 10 მილიარდი ევროპას მიეწოდება. ეს, რასაკვირველია, მცირე მოცულობაა, თუმცა დაგეგმილია ამ ხაზით სხვა ქვეყნების (თურქმენეთი, ერაყი და სხვ.) გაზის ტრანსპორტირებაც, რის შედეგადაც ოპერატორები მომდევნო 6 წლის განმავლობაში მისი სიმძლავრის 80-100 მილიარდ კუბომეტრამდე გაზრდას ვარაუდობენ.

ეს კი უკვე საკმაოდ დიდი ოდენობაა და მან შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების არსებული სურათი, რაც ამ სფეროში რუსეთის მონოპოლიის დასასრულს ნიშნავს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და შესაბამისი პოლიტიკური შედეგებით.

რუსეთისათვის ენერგორესურსების ექსპორტი რომ დასავლეთზე ზემოქმედების პოლიტიკური იარაღია, საყოველთაოდაა ცნობილი და როგორც შეერთებული შტატები, ასევე ეროკავშირის რიგი წევრები, აქტიურად ცდილობენ ამ სფეროში რუსეთის მონოპოლისტური მდგომარეობის შეცვლას.

აშშ ცდილობს ევროპა თავისი თხევადი გაზით მოამარაგოს. პოლონეთი აქტიურად ცდილობს ევროკავშირში ლობირება გაუწიოს ნორვეგიიდან დანიის გავლით ახალი გაზსადენის გაყვანას. უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ორი გაზსადენით 90 მილიარდი რუსული გაზის ტრანზიტი ხორციელდება, იბრძვის იმისათვის, რომ არ განხორციელდეს "ჩრდილოეთის ნაკადი II" რომლითაც რუსული გაზი ბალტიის ზღვის ფსკერით გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით უნდა ჩავიდეს. იგი ძალიან დაინტერესებულია ტრანს-ანატოლიის გაზსადენის წარმატებით, რადგან უჩნდება შანსი რუმინეთიდან მიიღოს აზერბაიჯანულ-შუა აზიური გაზი რუსულის საპირწონედ.

თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ და მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აშშ-სთან ერთად რუსული პროექტების წინააღმდეგ გამოდიან, გერმანია, ავსტრია და ზოგიერთი ხვა ქვეყანა მას პოლიტიკურ პროექტებად არ მიიჩნევს. ამ ჩამონათვალს ახლახანს ბულგარეთიც დაემატა, რომელმაც ადრე უარი განაცხადა რუსული "სამხრეთის ნაკადის" გატარებაზე.

რუსეთი თავის მხრივ კარგად იყენებს ამ წინააღმდეგობებს და ერთი ან რამოდენიმე კონკრეტული ქვეყნისათვის მომგებიანი პირობების შეთავაზების გზით თავისი მონოპოლიის შენარჩუნება-გაზრდას ცდილობს.

საინტერესოა რას ფიქრობენ და ფიქრობენ კი საერთოდ ყველაფერ ამაზე ჩვენში? სამხრეთის კორიდორის პროექტს ძალზედ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური დივიდენდების მოტანა შეუძლია საქართველოსათვის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ პროექტის სრულად განხორციელების შემდგომ ჩვენი ქვეყანა ტრანზიტის საფასურად 1,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. რასაკვირველია, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობა და მისი გეოპოლიტიკური წონა.

თუმცა ესკიზჰირში საზეიმო ცერემონიას პრეზიდენტები რეჯეპ ერდოღანი, ილჰამ ალიევი, პეტრო პოროშენკო, სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, ბულგარეთის პრემიერ მინისტრი, სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები, BP აღმასრულებელი დირექტორი და სხვა ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს კი არავინ წარმოადგენდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს