რეფორმები ბაგა-ბაღებში თავსატეხად იქცა - კვირის პალიტრა

რეფორმები ბაგა-ბაღებში თავსატეხად იქცა

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებამ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფასიანი გაეხადა, მოსახლეობა გააოგნა. მართალია, პრობლემა სოციალურად დაუცველ ფენას არ შეხებია, მაგრამ არც სხვებს ულხინთ. მერიის რწმუნებით, ბაგა-ბაღებში მოთხოვნები გამკაცრდა და აღსაზრდელებისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად ყველაფერი კეთდება, თუმცა ფაქტები სხვას გვაუწყებს.

"ამ წერილს ზემო ფონიჭალის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობელთა სახელით გწერთ. სამწუხაროდ, ბაგა-ბაღების გაუქმება ჩვენც შეგვეხო, რამაც ერთადერთი ბაგა-ბაღი გადატვირთა, თუმცა ეს ნაკლები გასაჭირია იმასთან შედარებით, რის გამოც წერილის დაწერა გადავწყვიტეთ. საქმე ის გახლავთ, რომ წლებია, ბაღის ეზოში ჰაერზე გამოყვანილი ბავშვი არავის უნახავს. არადა, ჩვენი დასახლება თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია. ალბათ, იკითხავთ, რატომო?  მიზეზად ბაღის მოუწყობელ, გავერანებულ ეზოს ასახელებენ, სადაც ერთი გაუბედურებული სასრიალოს გარდა, არაფერია. დასასრულ, არ იფიქროთ, სხვისი ხელით ნარის გლეჯა გვიყვარდეს და წერილი იმიტომ მოგწერეთ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს - ბავშვები აუცილებლად უნდა ვატაროთ ბაღში.  იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ".

ზემო ფონიჭალის 209-ე ბაღის აღსაზრდელთა მშობლები

დაგვეთანხმებით, უმოქმედობა წარმოუდგენელია, როცა საქმე თუნდაც ერთ ბავშვს ეხება, აქ კი საქმე გაცილებით რთულად არის, ამიტომაც ჩვენ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა ქაცარავას დავუკავშირდით ამ და ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო მამუკა, ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესება არაპოპულარული ნაბიჯი იყო.

- ასეთი შეკითხვის პასუხად არგუმენტების მოშველიება ჯობს. დავიწყებ იმით, რომ 2007 წლამდე, სანამ ჩვენ ბაგა-ბაღების რეფორმას დავიწყებდით, მათ სამართლებრივი სტატუსიც კი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, მათ უმძიმესი 90-იანი წლები გადაიტანეს და   რეფორმები აუცილებელი იყო. თავდაპირველად მათ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი არაკომერციული პირის სტატუსი მივანიჭეთ (ფასის დაწესების მიუხედავად, ახლაც ასეა) და დირექტორთა კონკურსი ჩავატარეთ, ვფიქრობ - ობიექტურად.

-  ნაწილი მშობლებისა ამბობს, - რასაც გვახდევინებენ, იმის საფასურს ვერაფერს ვხედავთო.

- ჩვენ ბაგა-ბაღების პედაგოგებს შევთავაზეთ სახელმძღვანელო, რომელშიც მითითებულია, ყოველდღე რა უნდა გააკეთონ, რომ ბავშვი  სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდეს.  ზოგჯერ ის, რასაც ბავშვობაში ეშველება, მოზრდილობისას უშველებელი ხდება. მაგალითად, ჩემი შვილისთვის ბავშვობაში რომ შეგვემჩნია, სათვალე სჭირდებოდა და არა - 14 წლის ასაკში, მისი მხედველობის გამოსწორებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებოდა. და ერთიც - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პროგრამებიდან ამოვიღეთ უცხო ენის შესწავლა. ექსპერტები ამას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ - ერთია, როცა ბავშვი ორენოვან გარემოში იზრდება, მაგრამ სულ სხვაა, როცა მეორე ენას საგანგებოდ უდებ თავში. ამ დროს ის ვეღარც მშობლიურს სწავლობს და ვერც უცხო ენას. მშობლები ამასაც გვსაყვედურობენ, მაგრამ განა ეს ნორმალურია?

- რეფორმები ბაღებში გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს?

- გამოცდილი ადამიანების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა იმუშავა, რათა ფასი  სხვადასხვა ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებათა გამოცდილების მიხედვით დაგვეწესებინა. მათ ვერც ერთ ქვეყანაში ვერ აღმოაჩინეს ბაღი, სადაც გადასახადს არ იხდიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ ითვალისწინებენ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობას, მაგრამ არასწორად აღებულ სოციალურ ვალდებულებებს კატასტროფამდე მივყავართ; ასეთი ქველმოქმედება კარგ შედეგს არასოდეს იძლევა - ჩვენი უფასო ბაღები არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა, ყოფილიყო, პედაგოგები ენით აუწერელ შრომაში 200 ლარს იღებდნენ.

- მერია პედაგოგების ხელფასის გაზრდას გადასახადის ხარჯზე აპირებს?

- ხელფასების მომატებას ეს ფული არ ეყოფა; მე უკვე ვთქვი, რომ ბაღებს ნაწილობრივ მაინც სახელმწიფო ინახავს - ქალაქის მერის ინიციატივით 3 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ იანვრიდან ბაღების პედაგოგთა ხელფასი 25%-ით გაიზარდოს; თუმცა გადასახადი ბაღებში მდგომარეობას ნამდვილად გააუმჯობესებს და ბავშვებს უკეთეს პირობებში მოუხდებათ ყოფნა.

- იმედი გვაქვს, ასე იქნება, თუმცა ჩვენ საპირისპიროც ვიცით - მაგალითად, ქალაქის 219-ე ბაღში ბავშვები ტყვეებივით ჰყავთ გამოკეტილი, ბაღის ეზო კი  იავარქმნილია.

- რაც შეეხება  ნახსენებ ფაქტს, გმადლობთ, რომ შეგვატყობინეთ. შევეცდებით, ამ ბაღში უახლოეს ხანში ყველაფერი მოვაწესრიგოთ.