"რატომ ვართ გულგრილნი ქუჩაში ნაგავს რომ ვხედავთ?!" - კვირის პალიტრა

"რატომ ვართ გულგრილნი ქუჩაში ნაგავს რომ ვხედავთ?!"

როცა ჩვენი ხალხის რაიმე ნაკლზე ვწერთ (და ხშირად ვწერთ) იქვე აღვნიშნავთ ხოლმე, - გვირჩევნია, მოყვარეს პირში ვუძრახოთ, მტერს კი ზურგს უკანო.ეს განმარტება იმიტომაც გვჭირდება, რომ ჩვენში ბევრს ჰგონია, ნაკლზე თვალის დახუჭვა სიკეთეს მოგვიტანს. როცა ამ წერილის ავტორი ასაკოვანი ქალბატონი ზურგზე აკიდებული კიბით დავინახეთ, უმალ გავიფიქრეთ, - ავს თუ ავი არ ვუწოდეთ, ჩვენს საქმეს აღარაფერი გამოასწორებსო.

ალბათ არავის ესწავლება, რომ სამყარო მამაზეციერმა ადამიანის სიყვარულით შექმნა. ახლა იმაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, მერე როგორ შეიღირსა ადამიანთა მოდგმამ ეს საჩუქარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბუნების მოვლა, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ საღვთო საქმეც არის. დანაგვიანებულ ქუჩებს რომ ვხედავ, ასე მგონია, ჩემ გარდა ეს არავის აწუხებს.

მთაში ვიყავი თუ ბარში, გარემოს უდიერ მოპყრობას ისე ვაპროტესტებდი, რომ მეშინოდა ჯანმრთელობა არ შემერყეს-მეთქი. მერე მივდგებოდი და იქაურობას ვასუფთავებდი. ზოგი მეტყოდა, - შენი თანამდებობის ადამიანს მეტი საქმე არ გაქვსო? თანამდებობა რა შუაშია ადამიანობასთან?! სამაგიეროდ, თუნდაც ქუჩაში რომ მივდივარ და მოვლილ-დასუფთავებულ გარემოს დავინახავ, ვმშვიდდები. ასეთი ვარ ახლაც, როცა აღარ ვმუშაობ და შინ ვზივარ. უფრო სწორად, დიდ დიღომში, ჩემი კორპუსის ეზოში ვატარებ მთელ თავისუფალ დროს.

KvirisPalitra.Geალბათ იკითხავთ, თავისუფალი დრო კორპუსის ეზოში რატომ უნდა გაატარო? იმიტომ, რომ რაც ჩემი კორპუსი აშენდა, არავის უზრუნია მისი უსახური ეზოს გასალამაზებლად. პირიქით, წლების განმავლობაში ნაგავს ნაგავი ემატებოდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. ახლა კი, როცა ამდენი თავისუფალი დრო მაქვს, ოთხჯერ გადავბარე ეზო, მცენარეები და ლამაზ-ლამაზი ყვავილები დავრგე. მაგრამ დახმარების სურვილი მთელ კორპუსში არავის გასჩენია, პირიქით, მივიდნენ და გადათხარეს. ზოგმა მანქანა შეიყვანა ნარგავებში და მიწასთან გაასწორა. ჩამოვჯდები და ვფიქრობ, - ნეტა, რა გვჭირს, რომ ასეთი აგრესიულები და ბოროტები ვართ-მეთქი. იქნებ ვცდები, მაგრამ სხვა რაღა არის ბოროტება, ან რისი ბრალია ეს? იქნებ იმისი, რომ სამწუხაროდ, თვით დედები აძლევენ შვილებს ამის მაგალითს. ბევრჯერ მინახავს, როგორ გამოურთმევია დედას პატარისთვის თუნდაც ნაყინის შესაფუთი ქაღალდი ან სამარშრუტო ტაქსიში - "კოკა-კოლას" ბოთლი და ქუჩაში უსვრია, იქნებ საზოგადოების დანაშაულიც არის, რადგან ამის დანახვისას დუმს? მაგრამ როდემდე შეიძლება ასე ნაგავში ვისხდეთ?

ერთი მოსაზრება მაქვს, რომელსაც, ნამდვილად ვიცი, ვერავის მივაწვდენ, თუ თქვენ არ დამეხმარეთ. ჩვენს ხელისუფლებას სათვალთვალო კამერების დადგმა არსად უჭირს და იქნებ კორპუსების ეზოებშიც განათავსონ. ასეთებს, რაღა თქმა უნდა, თავიანთი უდიერი საქციელის არასოდეს შერცხვებათ, მაგრამ მოიძებნება  საშუალება, ამისთვის პასუხი აგონ.

ეს კი, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩემისთანა ხალხს არ დაამშვიდებს, ბუნება ბუნებას დაემსგავსება და კაცი - კაცს. იქნებ ასე ის აგრესიაც შენელდეს, რომელიც არა მხოლოდ ბუნების, არამედ ერთმანეთის მიმართაც გვჭირს.

პატივისცემით, ც. კიკალეიშვილი

დიდი დიღომი, პეტრიწის 14ა, IV სადარბაზო, ბინა #78