"ჩვენს კითხვებს ოდესმე გაეცემა პასუხი" - კვირის პალიტრა

"ჩვენს კითხვებს ოდესმე გაეცემა პასუხი"

ამ ქალბატონების წერილმა ერთი ანდაზა გაგვახსენა, ზოგის რომ ბამბა ჩხრიალებს და ზოგისა - არც კაკალი. მართლა უნივერსალური ხალხი ვართ ქართველები - ჩვენი ყველა საქციელის გამართლება შეგვიძლია, შესაბამისად, ხალხური სიბრძნეც ყველაფერზე გვაქვს მორგებული.

"ისტორია ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასა და, მაშასადამე, ყოველგვარ შევიწროებასთან", - წერდა დიდი ილია და ჩვენ რატომღა უნდა ვიყოთ გასამტყუნარნი რომ "ვარდების რევოლუციას" იმედი დავუკავშირეთ? არ გაგიკვირდეთ ამ წერილის ასე დაწყება: ახლა ზოგი გვეუბნება, თავის დროზე თქვენნაირები მოვლენებს "ურა-ტაშით" რომ არ შეხვედროდნენ, ახლა ამდენი უსამართლობა აღარ იქნებოდაო. ჩვენი აზრით, უსამართლობის მსხვერპლნი ჩვენც ვართ და ამდენ ხანს რომ პასუხი ვერ მიგვიღია, გულს ეს გვიღრღნის. ადამიანს კი უპასუხო კითხვებზე მეტად ბევრი ვერაფერი ტანჯავს.

ამ წერილს ის გადამდგარი პოლიციელები გწერთ, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გავიდნენ პენსიაში. უფრო სწორად, "კომპენსაციაში", - ასე ჰქვია დაახლოებით იმ  ას ლარამდე თანხას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ყოველთვიურად გვაძლევს. ხაზს ვუსვამთ, - კომპენსაცია და არა პენსია! დარწმუნებულები ვართ, ბევრი იკითხავს, - რა მნიშვნელობა აქვს, კომპენსაცია ერქმევა, თუ პენსია, მთავარია, რომ იღებთ. აწი მაგას არაფერი ეშველება და გაჩუმდითო. გავჩუმდებოდით,  მაგრამ იმაზე მაინც გვიპასუხოთ - რა დავაშავეთ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თადარიგში გასულმა პოლიციელებმა, რომელთაგანაც ბევრი თავის მძიმე საქმეს მართლაც ერთგულად და პატიოსნად აკეთებდა, მაგრამ "ვარდების ხელისუფლებამ" კორუმპირებულებად შერაცხა და პენსიაც გაუნახევრა. ხელისუფლებას ნამდვილად არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც დააინტერესებს, შეუძლია დარწმუნდეს, რომ წინა ხელისუფლება უფრო ჰუმანური გამოდგა ამ მხრივ: "ვარდების ხელისუფლებამდე" პენსიაში გასულ ჩვენს კოლეგებს ორჯერ მეტი ცხოვრების სახსარი ეძლევა ყოველთვიურად, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პენსიაში გასულთ.

ჩვენ სწორედ ის დედები ვართ, რომლებიც შვილებს დედაშვილურ სიყვარულს ვაკლებდით და დარსა თუ ავდარში ფეხით დავდიოდით ყველგან, სადაც ძნელად აღსაზრდელები გვეგულებოდა. მერე კი მათ გამუდმებული მეთვალყურეობით, მზრუნველობით ფეხზე ვაყენებდით, ხელობას ვასწავლიდით, განათლებას ვაძლევდით. კიდევ კარგი, მათ მაინც ვახსოვვართ და დღესაც მადლობას გვეუბნებიან, თორემ ჩვენი ცხოვრება ნამდვილად არ ეღირებოდა.

ამას წინათ ჩვენი კოლეგა მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ არავინ ჰყავდა და თავისი ასი ლარით ოქროს ფასად ქცეული წამლებიც ვეღარ შეიძინა.

პოლიციის მაიორი ქეთევან ერისთავი,

ვიცე-პოლკოვნიკი ნორა დოლიძე

ჩვენ დავუკავშირდით სოციალური სუბსიდიების სამსახურს, სადაც ერთი და იმავე სამუშაო სტაჟისა და დამსახურების პოლიციელთა პენსიებში მკვეთრი განსხვავება დაგვიდასტურეს - სახელმწიფოს მიღებული კანონი ასეთია და ჩვენ ვერ შევცვლითო. თუკი სახელმწიფოს კანონმდებლობა მოქალაქეების თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს, სადაური კანონმდებლობაა?!