"ეტყობა, მთავრობას კაჭრეთში ყველა ბიზნესმენი ვგონივართ..." - კვირის პალიტრა

"ეტყობა, მთავრობას კაჭრეთში ყველა ბიზნესმენი ვგონივართ..."

"ობოლი კაცი ვიყავ და ალბათ იმიტომაც არ მამკლა ღმერთმა, თორემ რაიხსტაგამდე მისვლა იოლი არ იყო"

გამარჯობა, პატივცემულო რედაქციავ, - კაჭრეთელი ბიჭები მოგესალმებით.  არ დაიზაროთ წაკითხვა, მოკლედ გწერთ - აქ, კაჭრეთში ერთი მაგარი პაპა გვყავს, ილია ასკილაშვილი. მაგარი კაცია, 94 წლის არის და შარშან თავისი ერთი ოთახი თავად შელესა, თანაც ხარაჩოზე იდგა. ეს კიდევ არაფერი, 1945 წელს ჰიტლერის ბუნკერშია ნამყოფი. ახლა ამ ნახევარ კაჭრეთს გაზი გადაუკეტეს და ილო პაპას შეშაც კი არ აქვს, გაყინულ სახლში ზის. ეგებ დაეხმაროთ, სხვა თუ არაფერი, გაამხნევებთ მაინც.

გიორგი გულგულაშვილი, ლევან ბერიკაშვილი

პაპა ილია  გამოყინულ სახლში დაბამბული ქურთუკით დაგვხვდა, იჯდა და გაზის "სოჩიკებზე" ჩხუბობდა, - ლამის ნახევარი კაჭრეთი დავიყინოთ, - გაზის ხალხსა, თავიანთი "სოჩიკები" რო დაესაღებინათ, ჩვენები დახსნეს და თავიანთი ჩასვეს - ესენი არ ვარგა, ან გადაყარეთ, ანდა თბილისში ჩაიტანეთ და შაამოწმებინეთ, ან არადა, 150 ლარი მოგვეცით, ისე გაზს აღარ მოგცემთო!

-  ძველ მრიცხველებშიც ხომ ფული გქონდათ გადახდილი?

- მაშ არადა, ტყუილად მოგვცემდნენ! 70 ლარი ჩემი პენსია მივეცი. ახლა კიდევა თბილისში ჩატანა და შემოწმება 40 ლარი დაჯდება?! მაგათა, ეტყობა, კაჭრეთში ყველა ბიზნესმენი ვგონივართ...

- აბა!.. განსაკუთრებით თქვენ ჰგავხართ ბიზნესმენს, გაყინულ სახლში მაგიდაზე დაყრილი წამლებით!

- დღესაც მოვატანინე, 7 ლარისა. ეს სულ ცოტაა, რაც ჩემი ხნის კაცს დღეში სჭირდება - 120 ლარი პენსია ხო მაქ, თვეში კიდევა 30 დღე არის. ახლა მაგ "სოჩიკების" პატრონებმა 30 შვიდზედ გაამრავლონ და იანგარიშონ, რა ფულიც დამრჩებოდა ახალი მრიცხველის ან კიდევ შეშის საყიდლადა! შენ თუ არ იყიდი, შვილები ხო გყავს, იმათ გიყიდონო, - მიმასწავლეს თავისი ჭკუითა. იმას რატომღა აღარ კითხულობენ, რომ ეს ფულები არც იმათ ულაგიათ ჯიბეებში!

- არც სოციალური დახმარება გაქვთ? სახლი კი დიდი გიდგათ, მაგრამ ხელგაშლილად ცხოვრების არაფერი გეტყობათ.

- მქონდა. მაგრამა პენსიაზე ოცი ლარი ხო დაგიმატეთო და მამიხსნეს. ეგ რა კანონია-მეთქი, გურჯაანში ჩავედი. იქ კიდევ: კარს ნუ გვიღებ, ოჩერედში დადექიო. ვერ დავდექი, 94 წლის ვარ... ვერ გაიგე, აქ სალაპარაკო გვაქ, დაგვაცადეო! დავაცადე და - მთავრობას ჰკითხე, იმან მიიღო ომის ვეტერანებისთვის ეს კანონიო.

თავიდან მამაყოლეთ ჩემი ცხოვრება. ჩვენც ხომ უნდა გვათქმევინოთ ბოლომდე! ობოლი კაცი ვიყავ და ალბათ იმიტომაც არ მამკლა ღმერთმა, თორემ რაიხსტაგამდე მისვლა იოლი არ იყო.

სამი შვილი დავრჩით დედასა, მამა რომ მოგვიკვდა. ბიძაჩემმა უთხრა დედასა, შენ შვილებს მარტოკა ვერ დაზრდი, ადე, ჩემთან გადმოდიო. დედაც გადავიდა. ერთხელაც ბიძამ ვიღაც კაცი მაიყვანა. იმან, - წლინახევრის და მყავდა, ანიკო, კანფეტები ამაიღო ჯიბიდან და იმას გაუწოდა. ანიკო კანფეტებისთვინ გაიქცა. იმ კაცმა ხელში აიყვანა და... წაიყვანა.

- რას ამბობთ?!

- ჰო. ასე ხდებოდა ადრე. ბიძამ, როგორცა ჩანს, ვეღარ გვარჩინა და ანიკო გააშვილა. მერე დედაც გაათხოვა. ექვსი წლისა ვიყავი, მამინაცვლის ხელში რო ჩავვარდი.

- არ მითხრათ, ცუდად მექცეოდაო.

- მაგას რად ვიტყვი. პატარა საბუღალტრო სწავლაც მიმაღებინა თბილისში. იქიდან რომ დავბრუნდი მელაანში, ამ სწავლითა ოჯახს ვინახავდი. ისე ვინახავდი, ვერავინ მეტყოდა, წინ ხარ, უკან გადადექიო. ოცი წლისა დავადექი დედას თავზე, - ანიკო რა უყავი-მეთქი? ჭანდარშია, კახაბერ ლევანას ჰყავ ნაშვილებიო. იმ ჭანდარში მატარებლის სადგური იყო, ხშირად გავივლიდი ხოლმე ამ სადგურსა. ერთხელაც დავინახე, ბავშვები თამაშობდნენ ახლოსა. ჩამოვედი მატარებლიდანა. ანიკო, ანიკო-მეთქი, - დავიყვირე. 12-13 წლის გოგომ მოირბინა. შენი ძმა ვარ, მეორედ აქ როცა გამოვივლი, მზად დამხვდი, შინ წაგიყვან-მეთქი. მართლაც, მეორედ პატარა ტანსაცმლის ბოხჩა მეეტანა. ავიყვანე ხელში და წამოვიყვანე.

- ეგ რა მითხარით, ახლა ის დედობილ-მამობილი შემეცოდა.

- ბავშვი ჩიტი კი არ არის, აიყვანო და შინ წაიყვანო, განა კანონით ჰყავდათ წაყვანილი! მაგრამა მაინც იმდენი ამაგი ჰქონდათ, ანიკო რომ გათხოვილა, მოუძებნია. მერეც პატრონობდნენ.

- უთქვენოდ გათხოვდა?

- ომში ვიყავი. მამინაცვალს გაუთხოვებია 15 წლისა, იმიტომ, რომ ვერ არჩინა.

- რა ბედი ჰქონია! ომიდან რომ დაბრუნდით, ალბათ ცა გაეხსნა სიხარულით.

- ეგ იყო, ცოდვა-მადლმა დამაბრუნა, თორემა, ვიდრე ბერლინში ჩავიდოდით, იმდენი კაცი კვდებოდა, გაყინულ სანგრებში ყინულზედ რომ ვერ ვდებდით თავებსა, მიცვალებულებს დავადებდით და ისე გვეძინა.

- ისეთს ამბობთ, აღარც ვიცი, რა გკითხოთ.

- ასეა ომი. 6 მაისს რომ შევუტიეთ ბერლინს, სამი ღამე ყველაფერი განათებული იყო. ციდან და მიწიდან ყველაფერი ისროდა.

- აბა, ისტორიის სახელმძღვანელოებში რო წერია, საბჭოთა ჯარებმა ბერლინი ერთი შეტევით აიღესო?

- რას ამბობ, კაცო, ვინ დაგანებებდა, ქალაქში ვინც იყო, ყველა იბრძოდა.

- ისე, ამ მოწყობილ ქალაქს რომ ანგრევდით, რა განცდა იყო?

- ჩვენ მარტო ის განცდა გვქონდა, სადმე საჭმელი გვეშოვა. ბერლინში კი საჭმელი ყველგან იყო. სარდაფები სავსე იყო კონსერვებით, ჩვენ კი მშივრები ვიყავით და ყველაფერს ვჭამდით. არადა, ქალაქში შესვლის წინ გვაფრთხილებდნენ, - ხელი არაფერს ახლოთ, მოწამლული იქნებაო... მერე ამერიკელი ჯარისკაცებიც შეგვხვდნენ და იმათმაც საუკეთესო სიგარეტები და საჭმელი დაგვირიგეს.

- ჰიტლერის ბუნკერში როგორ ჩახვედით?

- ჩვეულებრივად. მაგრამ მანამდე რაიხსტაგზე დროშის ატანა იყო. ბევრი ხალხი დაიხოცა. ეგოროვს და ქანთარიას ამ დახოცილებმა გაუსუფთავეს გზა. მერე ქანთარიასთან ერთად, როცა პურს ვჭამდი, ხშირად გვილაპარაკია ამაზე...

ჩავედით ბუნკერში. ჰიტლერის გვამი უკვე გატანილი იყო. მსგავსი სიმდიდრე არ მინახავს, აწი რას ვნახავ, - თეთრი მარმარილოებით იყო გაწყობილი იქაურობა, სასადილო და საწოლი ოთახებიც.

- ამ არეულობაში ბევრი რამ შეეწირებოდა რუსულ ჩექმას.

- აზრად არ მოგვსვლია. როცა რაიხსტაგზე დროშა დავინახეთ, მივხვდით, რომ ომი აღარ იყო.

- იმის თქმა გინდათ, რომ ნაშიმშილარ, ნასისხლარ ჯარისკაცებს ომის დამთავრების შეგრძნებამ აგრესია მოუხსნა?

- ჰო. მაშინ ასე იყო.

P.S. ...და ილია პაპამ საუბარი დაამთავრა. მე კი რადგან აუცილებლად უნდა გამეგო, კარს მომდგარი ზამთრის წინ ნახევარ კაჭრეთთან ერთად მოხუცებიც რატომ დატოვა გათბობის გარეშე, საქართველოს ენერგორესურსების მარეგულირებელ კომისიას დავუკავშირდი. იქ კი გვიპასუხეს, რა ვქნათ,  კანონმდებლობა ასეთია(?!), ძველი მრიცხველები აუცილებლად უნდა შეიცვალოს ახლით, ან არადა, უნდა შემოწმდესო.