იდეალისტის მოგზაურობა მშვიდობისათვის - კვირის პალიტრა

იდეალისტის მოგზაურობა მშვიდობისათვის

სამყაროს აშენებენ პრაგმატიკოსები, მაგრამ იდეალისტები ამშვენებენ - მათ გარეშე ქვეყნიერება გინდ ყოფილა, გინდ არა. განა ღირს, მთელი სიცოცხლე რუხი ფერებით გარშემორტყმულმა იცხოვრო?ამიტომ უსათუოდ უნდა გამოჩნდეს ვიღაც ისეთი, ვინც ამ რუხ ფერებს ფერადი იდეებით გაალამაზებს. ამ წერილის ავტორი ზუსტად ასეთი გახლავთ.

ძვირფასო რედაქციავ, მადლობას მოგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩემი წერილი გამოაქვეყნეთ - პარიზში მინდა წასვლა, რომ მშვიდობის კედელზე 49 ენაზე დაწერილ სიტყვა "მშვიდობას" ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაწერილი "მშვიდობა" დავამატო-მეთქი. იმ წერილშიც გწერდით, რამდენ ხანს ვიბრძოლე პარიზში წასასვლელად, ვის არ შევხვდი, მათ შორის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორსაც. არაფერი გამოვიდა. არადა, ისე მინდოდა, ყველას დაენახა, რომ ქართველებსაც გვაქვს იდეალები და მშვიდობაც ძალიან გვიყვარს, რომ გადავწყვიტე ყველა კედელი გამეტანა და პარიზში მაინც წავსულიყავი. და წავედი! და სხვათა შორის, არა მხოლოდ პარიზში, ევროპის ქვეყნებიც მოვიარე და 21 ოქტომბერს სტოკჰოლმის ნობელის მუზეუმშიც გახლდით ნობელის დაბადების დღეზე.

ბესიკ ადამია, ქუთაისი

ბესიკ ადამიას რა დაგვავიწყებდა - იმდენ ენაზე უწერია "მშვიდობა" საკუთარ მანქანაზე, მთელი ქუთაისი უმალ ცნობს. ჰოდა, ევროპაშემოვლილს ისევ დავუკავშირდით.

- ბატონო ბესიკ, ევროპაში წასვლაში ამჯერად ვინ დაგეხმარათ?

- იტალიის საელჩო და მეგობრები. ამიტომ იტალიის ელჩის დიდი მადლობელი გახლავართ.

რიგიდან გერმანიაში მიმავალმა ბალტიელი ბიჭები გავიცანი. რომ ვუთხარი, რისთვისაც მივდიოდი, ასი ევრო მაჩუქეს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ გამოდგნენ ასეთები, თორემ... რამდენჯერმე მივწერე, - რა გახდა ასეთი, რომ არ მიშვებთ პარიზში... 49 ხალხის ენაზე წერია "მშვიდობა" და ვითომ ჩვენი რატომ არ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ... ერთი სიტყვით, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. მოკლედ, 21 ოქტომბერს ჩავფრინდი სტოკჰოლმში - ნობელის დაბადების დღე იყო! კინაღამ გაგიჟდნენ - იმ სიშორიდან რამ ჩამოგიყვანა, ან კიდევ ნობელის დაბადების დღე რამ გაგახსენაო. ნობელის მუზეუმში ყანწებიც რომ მივიტანე, ძალიან გაუხარდათ.

- გაუხარდებოდათ, აბა, რა იქნებოდა! ალბათ ყანწი პირველად ნახეს. კი, მაგრამ ორიენტირი ხომ გჭირდებოდათ, ან დამხმარე ასეთ საქმეში?

- შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ ისეთი დახმარება გამიწია, არასოდეს დამავიწყდება. მანქანაც დამახვედრეს ნობელის მუზეუმთან და გემზეც დამსვეს. გზად ბელგიაში მეგობართან შევიარე და მის ტკბილ ოჯახში დაღლილობა ჩამოვიფერთხე. ბელგიის სოფლის მეურნეობამ გამაკვირვა: ყველაფერი საუცხოოდ აქვთ დახნულ-დათესილ-მოვლილი. თუ მართლა კარგი სოფელი გვინდა, ბელგიელებისგან უნდა ვისწავლოთ.

მოკლედ, მერე პარიზში ჩავედი. ჩვენს ელჩს, მამუკა კუდავას დავუკავშირდი და მშვიდობის კედელთანაც მივედი. შურით შევყურებდი კედელზე მრავალ ენაზე დაწერილ "მშვიდობას", სადაც უკვე იყო სომხური წარწერა.

- რა, არ ელოდით?

- პრინციპში, კი. ერთი სიტყვით, იქ უკვე ავიფარე ბანერი 21 ენაზე დაწერილი "მშვიდობით" (მეტი არ დამატებია), გადავიღე სურათები, პარიზის მერსაც ორი ყანწი გავუგზავნე და ვთხოვე, პარიზის მშვიდობის კედელზე ქართულადაც დაეწერა "მშვიდობა".

- ბახუსის პატივისმცემელი თუა, ყანწების ხათრით ეგებ თხოვნა კიდეც შეასრულოს.

- თქვენ ხუმრობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი დიდი - პატარა აგურებით შენდება. როცა ამას ქართველები ვისწავლით, მაშინ იქნება ჩვენი ქვეყანა კარგად.