მთა რახანია გვეძახის - კვირის პალიტრა

მთა რახანია გვეძახის

რაც ქართველები ვარსებობთ, გეოგრაფიული მდებარეობისა და მცირერიცხოვნობის ჩათვლით, ყველაფერი გვაიძულებს, პატრონი ვეძებოთ. ალბათ ამიტომაც გვაკერია ენაზე - "პატრონი გვინდა", "პატრონი არ გვყავს".სინამდვილეში რაც გაგვაჩნია, მაშინდელი გვაქვს, როდესაც საკუთარი თავის პატრონი თავადვე ვიყავით, თორემ ყველა ჩვენი "პატრონი", მათ შორის რუსეთი, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა, რომ ჩვენი მიწიდან გავმქრალიყავით. გასული საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოს მთა, რომელსაც საქართველოს მეფეები თვალისჩინივით უვლიდნენ, საბჭოთა იმპერიის კარნახით თითქმის მთლიანად დაცალეს. მიზეზად მოსახლეობის "კეთილდღეობას" ასახელებდნენ, საბაბი კი ქვეყნის საყრდენის გამოცლა იყო, "კეთილდღეობისთვის" განწირულ მოსახლეობას კი ფუძის მიტოვებას სიკვდილი ერჩია.

გასული საუკუნის 50-იან წლებში მთიდან მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებას პირადად მე, ისეთსავე უბედურებებს შევადარებდი, როგორიც საქართველოს მონარქიის გაუქმება, ვახტანგ მეექვსისა და ერეკლე მეფის დროინდელ წარჩინებულთა რუსეთში გადასახლება, რეპრესიები, სამამულო ომში მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის მოსპობა იყო. ამ ტრაგიკულმა ჩამონათვალმა ქართველებს საბედისწერო კვალი დაგვატყო როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. მთის გაჩანაგებამ კი ქვეყნის ეკონომიკას, სასურსათო მდგომარეობასა და დემოგრაფიას განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოუტანა. ამას დავუმატოთ საქართველოს მოსახლეობის გადინება უცხოეთში და... თავადაც ვიცით, რა დღეშიც ვართ. საკმაოდ მძიმე სურათია, თუმცაღა, როგორც ბევრი ქართველი, მეც იმას ვფიქრობ, რომ უარესი ხანაც გვქონია, მაგრამ ფეხზე წამოვმდგარვართ. მთაც ალბათ წამოდგებოდა, ხელისუფლებებს და მათ შორის, ახლანდელსაც რომ ამაზე ეფიქრა. მაგრამ არ ფიქრობენ, არ ადარდებთ. არანაირი გეგმა არ არის შემუშავებული მთის ასაღორძინებლად. ბატონმა პრეზიდენტმა ხევსურეთის ერთ-ერთ მცხოვრებს უთხრა, - ძეგლი უნდა დაგიდგათ, აქ რომ ცხოვრობთო. კაცი რომ თავის ფუძე-კარზე ცხოვრობს, ეს რა საძეგლო ამბავია. თუ შეგიძლია, გვერდით დაუდექი და უშველე, რომ ფუძეზე გამრავლდეს და გალაღდეს. ჩვენს ბაზარს რომ ცეცხლი უკიდია და უცხოეთიდან შემოტანილ ათასნაირ უბედურებას მივირთმევთ, ეს პირდაპირ კავშირშია მთის მოსპობასთან. ამ დროს კი მთავრობამ სასურსათო კრიზისის "შესამსუბუქებლად" ოცდაათლარიანი ვაუჩერი დაარიგა!

სამაგიეროდ, სოფლებს საძოვრები გაუყიდა, მოსახლეობას პირუტყვის შენახვის საშუალება მოუსპო და მონოპოლიით კატასტროფულად გაზარდა საწვავის ფასი. ეს თანხა ძვირად ღირებულ კონცერტებსა და მსგავს ღონისძიებებში რომ არ დახარჯულიყო და  სოფლისა და მთის ასაღორძინებლად მოეხმარათ, დღეს მთაში უამრავი სამუშაო ადგილი იქნებოდა. მთაში მცხოვრებთათვის მიეცათ გრძელვადიანი კრედიტები, დახმარებოდნენ პირუტყვის შეძენაში (აუცილებელია ხევსურული ძროხის ჯიშის გამრავლება), ფერმების, თანამედროვე ბინების აშენებაში, გაეყვანათ შუქი, გაზი, ინტერნეტი. შემდეგში თვითონ გაიუმჯობესებდნენ საყოფაცხოვრებო პირობებს. მერწმუნეთ, ხუთ-ათ წელიწადში მთა ახმაურდებოდა და აჟრიამულდებოდა და სხვა ბევრი დაუსაქმებელიც მიაშურებდა მას.

ასე გვექნებოდა ჩვენი ხორცი, ყველი, კარაქი და ა.შ. და რაც მთავარია, საქართველოს საზღვარი გაძლიერდებოდა - დასახლებული ადგილები დავკარგეთ და დაუსახლებელში მტერს ვინღა დაუშლის შესვლას...

(სხვათა შორის, თუ, რასაკვირველია, კანონმდებლობა და ადამიანის უფლება არ დაირღვევა, ეგებ, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულნიც გამწესდნენ მთაში და იქ მოიხადონ სასჯელი სასარგებლო შრომით).

ძლიერი მთა კი ჩვენი ქვეყნის საყრდენი და იმედია, ისე როგორც იყო მთელ ჩვენს ისტორიაში. ეს ესმოდა მთის მოსახლეობას და იმიტომაც გლოვობდნენ იქიდან წამოსვლას. 1950 წელს ხევსურეთის ულამაზეს სოფელ ლებაისკარში გადაღებული ფოტო მაქვს. მინდა იმის ნიშნად გამოგიგზავნოთ, რა ღირსებითა და სიამაყით იყო ეს ხალხი სავსე, როგორი დინჯები და ფუძემრავლები იყვნენ, სანამ კომუნისტები დაერეოდნენ და მთიდან გამოყრიდნენ. აქ მხოლოდ სამი ოჯახია და აბა, ნახეთ, რამდენია მათი შთამომავალი - ქვეყნის გენოფონდი. დღეს კი აღარც ლებაისკარი არსებობს და ამ ხალხის შეცოტავებული შთამომავალიც იქნებ სადღაც უცხო მიწაზეც არის მიმოფანტული.

პატივისცემით, ვაჟა შაბურიშვილი