სად არის ჩვენი ოქროს მედალი? - კვირის პალიტრა

სად არის ჩვენი ოქროს მედალი?

"გამარჯობა, "კვირის პალიტრა". გეხვეწებით, ერთ რამეში გაგვარკვიოთ. წელს, სანამ სკოლას დავამთავრებდით, ჩვენმა დირექტორმა გვახარა, ვინც თავი მოიკლა და 12

წელიწადი ყველა საგანში უმაღლესი შეფასება ჰქონდა, ოქროს მედლებს გადავცემთ, ასე გადაწყვიტა განათლების სამინისტრომო. მერე ტელევიზორში განათლების მინისტრმა, ბატონმა ნიკა გვარამიამაც ზუსტად იგივე გაიმეორა. მართალია, უმრავლესობას "თავი არ მოგვიკლავს", მაგრამ ერთი ჩვენი მეგობარი კარგად სწავლობდა და მოუთმენლად ელოდა ოქროს მედალს. ელოდა, ელოდა და სკოლაც დამთავრდა, არც ოქროს მედალი მიუციათ და არც არაფერი. მერე გავიგეთ, რომ სექტემბერში ზოგ სკოლაში მედლები მართლა მიიტანეს, მაგრამ არა ოქროსი, არამედ ვერცხლისა. გაგვიკვირდა, ჩვენს მეგობარს კი ძალიან ეწყინა - ან რას გვპირდებოდნენ, ან თუ გვპირდებოდნენ, რას გვატყუებდნენ, რა ძალა ადგათო. ჩვენც ამის გაგება გვინდა. სკოლაში ერთი მეგობარი კიდევ გვყავს - მაგარი ნიჭიერი, იმასაც აინტერესებს, მომავალში მაინც თუ იქნება ოქროს მედლები.

დათო ლობჟანიძე, ინგა მაისურაძე"

P.S. გულწრფელად გეტყვით - ვერავითარი ოქრო და ვერცხლი ვერ შეაფასებს იმას, რასაც თქვენი ცოდნა თქვენს ქვეყანას მოუტანს. ახლა კი იმას გაგიგებთ, "რა ძალა ადგა" განათლების სამინისტროს. ჩვენ ამის გასარკვევად განათლების სამინისტროს საზოგადოებრივი ურთიერთობის ცენტრის უფროსს მარიამ გერსამიას დავუკავშირდით. ქალბატონმა მარიამმა კი გვითხრა, - იმის გამო, რომ ყველას მედალი ინდივიდუალური და ერთადერთი უნდა იყოს, ზარაფხანას მათ ჩამოსასხმელად დრო სჭირდება. ამიტომ ეტაპობრივად გადასცემს განათლების რესურსცენტრებს და ისინი სკოლადამთავრებულებს ურიგებენო. წელს კიდევ თურმე 631 ოქროსა და 3151 ვერცხლისმედალოსანი გვყავს. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა ძალზე გაგვახარა. ასე რომ, ისწავლეთ, ჩვენი ქვეყანა მომავალში თქვენს იმედად არის. ოღონდაც, როგორც ზემოთ გითხარით, მხოლოდ ვერცხლისა და ოქროს მედლებისთვის კი არა, იმიტომ, რომ განათლების გარეშე კაციც ცოდვაა და ქვეყანაც.