იქნებ გამოგვეხმაუროთ! - კვირის პალიტრა

იქნებ გამოგვეხმაუროთ!

"ძვირფასო რედაქციავ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, ჩვენი წინაპარი რომ წამოაყენა, ჩვენი გამძლეობა ალბათ ძალიან გაუკვირდებოდა. ჯერ II მსოფლიო ომში

განახევრდა საქართველო, ახლა კი სამმა ომმა გაგვანახევრა. მაგრამ თქვენც იცით, ბევრჯერ გაგვჭირვებია და მაინც ფეხზე დავმდგარვართ. ომებში ჩნდებოდა ჩვენი ვაჟკაცობაცა და ნიჭიც. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ექიმის, ვანო თოფურიას სიმამაცეზე მისმა ვაჟმა, ჯამრულ თოფურიამ მიამბო. სწორედ მის ნაამბობს გთავაზობთ:

გერმანელებმა ტყვე ჯარისკაცები სოფლის ეკლესიაში შერეკეს. ექიმიც მათთან ერთად იყო. ყინავდა, სუსხიანი ქარი ქროდა, დაჭრილი და დასუსტებული ჯარისკაცები ქვის ფილებზე ეყარნენ და სიკვდილს ნატრობდნენ. ნახევრად სიბნელეში ექიმს მოწყალების დის ჩურჩული ჩაესმა, - ექიმო, აქ ვიღაც კვდებაო. ვანო თოფურიამ იატაკზე დაყრილ ხალხს შორის გაიარა, პირქვე დამხობილი ჯარისკაცი გადმოაბრუნა და პირკატა ეცა, - ის აბაშელი 18 წლის ბიჭი კვნესოდა, შვილივით რომ პატრონობდა. მიშველე, მუცელში დანასავით მჭრისო, - შესტირა მან. ექიმმა მუცელი მოუსინჯა და მტკივნეულ ადგილს რომ მიაგნო, ავადმყოფმა შეჰყვირა, - ვაი, დედაო. მწვავე აპენდიციტია, ამას მხოლოდ ოპერაცია გადაარჩენსო, - ჩუმად თქვა ექიმმა, რადგან კარგად იცოდა, თუ გერმანელები ვინმეს ავადმყოფობას გაიგებდნენ, უეჭველად დახვრეტდნენ. ექიმს ფიქრის დრო არ ჰქონდა. მოწყალების დის ჩანთაში ტამპონები და მისივე დამზადებული ხალხური სამედიცინო ხსნარიღა იყო - მოწყალების და ამ ხსნარს კაკლისა და არყისგან ამზადებდა... და კიდევ საოპერაციო მაგიდის ნაცვლად იყო ეკლესიის ქვის იატაკი, სადაც დაჩოქილს უნდა გაეკეთებინა ოპერაცია. და ვანო თოფურიამ, ისე, რომ ალბათ თავადაც არ მოელოდა, უნებურად აღაპყრო ეკლესიის  გუმბათისკენ ხელები და ღმერთს შესთხოვა, დამეხმარეო; მერე კი დანა მოითხოვა. მაგრამ ტყვეებს დანას ვინ შეარჩენდა. ცარიელი კონსერვის კოლოფი მაინც მომიძებნეთო, - ითხოვა. მოუძებნეს. ექიმმა ცერა თითით ფხა მოუსინჯა და კაკლის ნაყენით გაწმინდა,  დაიჩოქა, ბიჭს წელს ქვემოთ გახადა და ჩუმად უთხრა: - გაგიჭირდება, მაგრამ უნდა გაუძლო, არ შემარცხვინოო.

- არის, უფროსო, გავუძლო! - იხუმრა გამწარებულმა ბიჭმა და ოპერაციაც დაიწყო. როცა ჭრილობიდან სისხლმა ამოხეთქა, ვანო თოფურია ელვის სისწრაფით მისწვდა ბრმა ნაწლავს, ამოჭრა. მერე კაკლის ნაყენით დაამუშავა და მოკვეთილი ადგილი გაკერა. გასაოცარი იყო, მაგრამ პაციენტისთვის იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა.

...ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმიც და მისი პაციენტიც საქართველოში ცოცხლები დაბრუნდნენ. ვანო თოფურიამ სამშობლოშიც კაცურად იცხოვრა და ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. იმედია, მისი პაციენტია ცოცხალი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო. თუ ასეა, ვთხოვ მას ან მის შთამომავლობას, გამოგვეხმაურონ.

ლადო ბუხაიძე"

P.S. ბატონ ლადოსთან ერთად ვთხოვთ ჩვენს მკითხველს და განსაკუთრებით აბაშელებს, ვინც ამ პიროვნების შესახებ რამე იცის, დაგვიკავშირდნენ.