"ოსების და ქართველების ნატკენ გულებს როგორმე უნდა ვუშველოთ" - კვირის პალიტრა

"ოსების და ქართველების ნატკენ გულებს როგორმე უნდა ვუშველოთ"

"ჩემო თანამემამულე ოსებო, ამ წერილს თქვენი სისხლი და ხორცი, ოსი ქალი გწერთ, რომელიც საქართველოს მიწას გაუზრდია და მისი ფასი იცის. ჩემო სხვისგან

მიტაცებულო სისხლო და ხორცო, უცხოეთში ომისა და უბედურების გამო ლტოლვილო თანამოძმენო. ვიცი, ბევრ თქვენგანს იმედი აქვს, აუცილებლად დაუბრუნდება იმ მიწას, რომელმაც ჩვენ, ოსები, გამოგვზარდა და სამშობლოდ გაგვიხდა. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი სული და გული ცხინვალი და ახალგორი საქართველოს იძულებით მოკვეთილი სხეულის ნაწილებია და საქართველო მათ დაკარგვას არასოდეს შეეგუება. კიდევ კარგი, რომ იქ ისეთი ოსებიც დარჩნენ, რომლებსაც წუთითაც არ უცხოვრიათ საქართველოზე ფიქრის გარეშე... ან როგორ უნდა დაგვავიწყდეს, პატარაობისას ქართველები და ოსები ერთად რომ ვთამაშობდით და როცა რამე გვეტკინებოდა, ორივენი ქართულ ენაზე ვამბობდით: "ვაიმე, დედა". დღეს კი ვიღაც მესამე მოვიდა და უნდა, ერთმანეთი შეგვაჯავროს. ტყუილია, როგორც ქართველი კაცი ვერ შეეგუება თავისი სხეულის ნაწილის დაკარგვას, არც ოსები უნდა შევეგუოთ იმ მესამეს, რომელსაც არც ქართველი ანაღვლებს და არც ოსი, ჩვენი გადაჯიშება სწყურია. ამიტომაც, რომ არ გადავჯიშდეთ, ჩვენთვის, ჩვენი გულმოწყვეტილი აფხაზებისა და ოსებისათვის შეიქმნა გორში საზოგადოება "გწყალობდეთ ვასთირჯი და ვიცხოვროთ ერთად ივმა ცარამ". ჩვენ გვინდა, ოსებისა და ქართველების ნატკენ გულებს როგორმე ვუშველოთ, გადახვეწილ ოსებს ვუთხრათ, რომ ისინი საქართველოს არ მოუძულებია.

ჩვენ, ოსები, ვართ ერი, რომელსაც ამ უზარმაზარ სამყაროში, წილად გვერგო, მშობლიურ ოსურთან ერთად, ქართულ ენაზე, გველაპარაკა. - ღვთით კურთხეული ქართული ენა ქართველთა ბედისწერაა და ამ საბედისწერო გზაზე იქმნებოდა უკვდავი ლექსი "ვეფხისა და მოყმისა", სადაც შვილმკვდარი დედა შვილმკვდარ ვეფხვის დედასთან მიდის და სამძიმარს ეუბნება. ჩვენც უნდა შეგვეძლოს, ერთმანეთს სამძიმარი ვუთხრათ... მე ვიცი, არიან ისეთი ოსებიც და ქართველებიც, ვინც ეს შეძლო. ღმერთმა დალოცოს ასეთი ხალხი, ვასთერჯიბ! მაგრამ თუ კოკოითისნაირი უვიცები ვიქნებით და რუსეთუმეობის გზას დავადგებით, მაშინ აუცილებლად გადავჯიშდებით. ეს არ უნდა მოხდეს. ქართველებსა და ოსებს შერეული ოჯახები და ნათელ-მირონი გვაკავშირებს. ჩვენი წინაპარი ოსები ამბობდნენ, "ნათლიის ბანზეც რომ გაიარო, ისიც ცოდვააო", ჩვენ კი ერთმანეთს დავერიეთ. ახლა ეს ცოდვები უნდა მოვიშოროთ და ერთმანეთთან მივიდეთ... სხვანაირად ცხოვრება არ გამოგვივა.

პატივისცემით, ს. ზოზიროვა"