ძალიან მიყვარხართ, მაგრამ... - კვირის პალიტრა

ძალიან მიყვარხართ, მაგრამ...

"ძვირფასო რედაქციავ, მე იმ ხანდაზმულებს ნამდვილად არ მივეკუთვნები, ვინც ახალგაზრდებს ყველაფერში აკრიტიკებს. პირიქით, არაერთხელ გამხარებია მათი

საქციელი, კიდეც შემიქია და მოვფერებივარ. თუმცა არის ისეთი რამ, რაზეც ახალგაზრდას უნდა გაუჯავრდე, ასწავლო და დააჯარიმო კიდეც. ჯარიმას, რასაკვირველია, თავად ვერა, მაგრამ მშობლები ხომ გადაიხდიან. ისინი კი, თავის მხრივ, იძულებული იქნებიან, შვილებს რაღაც-რაღაცები ასწავლონ. იტყვით, ეს რა გამოუგონიაო, მაგრამ მიმოიხედეთ, გარშემო რა ხდება, რა დაუზარლად აბინძურებს ხალხი ეზოებსა და ქუჩებს. რა თქმა უნდა, ამას მარტო ახალგაზრდები არ სჩადიან. ხომ გინახავთ ავტობუსებში დაჩხაპნილი და დანით დაჭრილი სკამები. ნუთუ იმ დროს იქ არავინაა, რომ ბავშვებს მიუთითონ? ალბათ იტყვით, კაცს დანა რომ ხელში უჭირავს, დიდია თუ პატარა, საშიშიაო. მაგრამ ასე არ არის, თუ ყველა ერთად შეუტევს თავგასულ ყმაწვილს, თავად შეშინდება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მარტო ეს შეძახილიც არ იკმარებს, ჯარიმებია საჭირო, რომ მშობლები მიხვდნენ, მათი შვილები არ იქცევიან წესიერად. ან ის რა არის, გაიხედავ და რომელიმე გაჩერებაზე წამოსკუპებული მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი ისე იფურთხება მზესუმზირის ჩენჩოს, მისი სილამაზე თვალსა და ხელშუა ქრება. ხალხი კი აინუნშიც არ აგდებს, ერთი კაცი არ მივა და არ ეტყვის, ამას რატომ შვრებიო. მხოლოდ ფულის გაღების შიში თუ შეაჩერებს ამ ყმაწვილებს. მერე წესრიგი და სისუფთავე ცნობიერებაშიც თანდათან გადავა. ისე კი ერთი რამ ვერ გამიგია, - ჩვენი ხელისუფლება, რაც კანონით ეკუთვნის, იმაზე მეტ გადასახადებს იღებს ნებისმიერი სფეროდან  და სისუფთავისა და წესრიგის დამყარებაზე რომ მიდგება ჯერი, მაინცდამაინც მაშინ ეცოდება ხალხი?

პატივისცემით, ლევან ბუსხრიკიძე"