მიამბე, ციხის ნაშალო - კვირის პალიტრა

მიამბე, ციხის ნაშალო

ამ წერილს კასპიდან გწერთ - მეგობარმა გვირჩია თქვენთვის მოგვემართა და ჭკუაში დაგვიჯდა. ჩვენ სოფელ ახალქალაქში ვცხოვრობთ, ჩვენი მეგობარი კი იმ დღეს კასპში იყო წასული და გახარებულმა გვითხრა, - "კვირის პალიტრის" ყუთი როგორც კი დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, - კვირისპალიტრელები დაგვეხმარებიან გავიგოთ ჩვენი კოშკის ამბავიო.ახლა მოგიყვებით, რაზეა ლაპარაკი. მოკლედ, ახალქალაქი არც ისე შორს არის კასპის ცენტრიდან, მაგრამ გზა გვაქვს ისეთი, ავდარში ორი საათი მაინც მოუნდები ჩვენს სოფელში ამოსვლას. ამ დროს კი რა უნდა აკეთოს კაცმა: უნდა იჯდეს და გზას უყუროს. ჩვენც ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, ამ გზის ყველა ბუჩქიც კი ზეპირად ვიცით. ისე, ძალიან საინტერესო გზაა. აქ ბევრ უძველეს შენობას შეხვდები, ეკლესიებს, ციხეებს. ყველა ვიცით, რომელი საუკუნისაა - სირცხვილია, რაიმეს გამუდმებით შესცქეროდე, შენი წინაპრის აშენებული იყოს, მისი ისტორია ვინმემ გკითხოს და პირი დააღო. სწორედ ამიტომ გწერთ ამ წერილს. კასპიდან ახალქალაქის გზაზე ერთი უცნაური ნაგებობაა. უცნაური იმით, რომ ჩვენი აზრით, უძველეს კოშკზე კერძო მოსახლის ქოხია მიშენებული. რაც მთავარია, ამ სოფელში არავინ იცის, ეს რა კოშკია და რომელი საუკუნისაა. იქაურ ბიჭებს ერთხელ ვუსაყვედურეთ, - საკუთარ სოფელში რა გიდგათ, არ უნდა იცოდეთო? - ჩვენმა პაპებმაც არ იციან, ეგ კოშკი როდის აშენდაო, - გვიპასუხეს.

ეგებ, თქვენ გაგვიგოთ. თქვენ ხომ ყველაფერი შეგიძლიათ. ჩვენ კი ძალიან გვაინტერესებს ამ წერილის პასუხი, - ბოლოს და ბოლოს, როცა იმ კოშკს ჩავუვლით, ცნობისმოყვარეობა აღარ მოგვკლავს. თანაც საქართველოს ისტორიას კიდევ ერთი ძეგლი დაემატება. ცუდია?

ოთარ ბიჭიაშვილი,

ნიკა შადური

კასპიდან გამოგზავნილმა წერილმა ჩვენც დაგვაინტერესა და გაგვახარა, - როცა ახალგაზრდობას საკუთარი წარსული მოსვენებას არ აძლევს, ესე იგი, მათ მომავალიც ექნება. სურათზე გამოსახული ძეგლის მდგომარეობამ კი დაგვაფიქრა, ფოტოზეც ჩანს, რომ ნაგებობა საკმაოდ ძველია და განადგურების პირას არის მისული. ჩვენში გოჯი არ არის, ომის კვალი რომ არ აჩნდეს და თუ საბრძოლო კოშკებიც დაგვრჩა, ამის გამო წინაპართათვის ისევე გვაქვს ქედი მოსახრელი, როგორც მათი დაღვრილი სისხლისთვის - რასაც აშენებდნენ, მკვიდრად აშენებდნენ, თავის დაცვის გარდა, წინ იყურებოდნენ, რომ მომავალი თაობებისთვის წარსული შეენახათ. ჩვენ რას და როგორ ვახერხებთ, ამ ფოტოთიც ჩანს. ისე კი, რახან პატარა ბიჭებიც ვერ ახერხებენ, გულგრილად ჩაუარონ წინაპართა დანატოვარს, ალბათ დადგება დრო, როცა მათ მივხედავთ. ეს კოშკიც გაძლებს მანამდე. ჩვენ კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, საიდანაც ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ძალისხმევა არ დაიშურა კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ბატონმა გივი მელაძემ.

- ბატონო გივი, ფოტოთიც ჩანს, რომ ეს საბრძოლო კოშკია. ჩვეულებრივ, საბრძოლო კოშკები მაღლობ ადგილებზე იგებოდა, ეს კი ბარში დგას.

- მტერი ბარსაც აწიოკებდა და ამიტომ ჩვენი წინაპრები თავდაცვით კოშკებს ყველგან აშენებდნენ.  კოშკი კონკრეტულად ზემო ჩოჩეთში მდებარეობს,  XIV-XV  საუკუნეებშია აშენებული და თოიძეების კოშკის სახელით არის ცნობილი.

- ძალიან ძველი ყოფილა. ქოხი როდის მიაშენეს?

- აბა, რა გითხრათ. მაგრამ უკვე ისიც ისეთი ჩამოშლილია, ქოხიც აღარ ეთქმის.  კოშკი კი საქართველოს ისტორიის იმ პერიოდშია აგებული, როცა თამარის შემდეგ დაშლილ-განადგურებული საქართველო ფეხზე წამოდგომას ლამობს და მტერს მედგრად ეწინააღმდეგება. კოშკებს სამი ფუნქცია ჰქონდა: ბრძოლის, თავშესაფრის და საბრძოლო განგაშისა - ერთი კოშკიდან ანთებული ჩირაღდნით მეორეს ატყობინებდნენ, - მტერი მოდისო, მეორიდან - მესამეს და ასე შემდეგ.

- რიყის ქვითაა ნაშენი, ალბათ ამიტომაც გაძლო...

- თეძამი აქვე ჩამოუდის და მისი ხეობის ქვებია. ჩვენი წინაპრები რასაც აშენებდნენ, მკვიდრად აშენებდნენ.

- ბატონო გივი, ეს ნაგებობა საქართველოს ისტორიულ ძეგლების ნუსხაში შედის?

- არა - არქიტექტურულში. მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენი ისტორიული ძეგლი გვაქვს თუნდაც კასპში აღსადგენი, ჩოჩეთის კოშკის და მსგავსთა აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

- ვერც ვერასდროს მოხერხდება, ბატონო გივი, თუ ამ საკითხს დღის სინათლეზე არ გამოვიტანთ...

- გეთანხმებით...