საგანგებო "მისიონერები" - კვირის პალიტრა

საგანგებო "მისიონერები"

ადამიანების საგანგაშო ფაქტებით დამძიმება სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ რადგან ქართულში არსებობს გამოთქმა, "განგაშის ზარების შემოკვრა", ესე იგი, ეს ყოველთვის გვჭირდებოდა და ახლაც გვჭირდება, მათ შორის საზოგადოებისგან თვალმიფარებულ საკითხებზეც.ასეთად საქართველოში სკოლების დახურვა მიგვაჩნია. განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მოსახლეობა კილომეტრებით დაშორებულ სასწავლებლებში გზავნის შვილებს. ეს მაშინ, როცა მძიმე პირობების გამო სოფლები ისედაც დაცლის პირასაა.

პატივცემულო რედაქციავ, გწერთ სოფელ ლეციცხვაიედან. ეს სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტშია და განთქმულია თავისი ისტორიით.

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, როცა ლეციცხვაიეს თითქმის დანგრეული პატარა სკოლა მოსწავლეებს ვეღარ იტევდა და ახალი შენობის ასაშენებლადაც მასალა არ ჰყოფნიდათ, სოფელმა წინაპართა საფლავების ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენა.  ალბათ ხვდებით, ეს რამხელა მსხვერპლი იყო, მაგრამ სოფელმა გადაწყვეტილება მიიღო, წარსული მომავლის ფეხზე დასაყენებლად გამოეყენებინა. მას შემდეგ ჩვენს სოფელში ბევრი სახელოვანი ადამიანი გაიზარდა. სულ ბოლო სახელი კი აგვისტოს ომში გახმიანდა, - ამ ომში გმირულად დაღუპული ჩვენი აღზრდილი, მაიორი გელა ჭედია გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოეს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. სწორედ გელას მემორიალი უნდა გაგვეხსნა ჩვენი სკოლის ეზოში, როცა 2011 წლის 9 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მოვიდა ჩვენი სკოლის გაუქმების შესახებ. რა თავზარდამცემიც იქნებოდა ეს ამბავი, ალბათ, ხვდებით. ალბათ იმასაც ხვდებით, რომ არა განათლების სამინისტროს საერთო გეგმა სკოლების დახურვის შესახებ, რაღა თქმა უნდა, შესაბამისი კრიტერიუმებით, და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეცადინეობა, არც ჩვენი სკოლის დახურვა გადაწყდებოდა. მუნიციპალიტეტი იმიტომ ვახსენეთ, რომ ვეჭვობთ, განათლების მინისტრმა იცოდეს, რომელი სკოლა უნდა ჩაიწეროს დასახურავთა სიაში. ეს კი იმანაც დაადასტურა, რომ იმ ხნიდან მოყოლებული (როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩვენი რაიონის დეპუტატმა ჩვენი ამბავი გააგებინა), განათლების მინისტრი რამდენჯერმე, მათ შორის ტელევიზიითაც კი გამოვიდა ჩვენი სკოლის აღდგენის შესახებ. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა რეალურად სკოლას სტატუსი არ აღუდგა და ჩვენ 105 მოწაფით ჰაერში ვართ გამოკიდებული. არადა, არც მინისტრთან მისასვლელი გზები ვიცით და არც პრეზიდენტთან, რომ გაგვარკვიოს, რა ხდება ჩვენს თავს. ამიტომ გთხოვთ დახმარებას, რადგან თქვენ შეგიძლიათ, ეს ამბავი ისე გაახმაუროთ და  ვისაც ჩვენი სკოლის აღდგენის საკითხი ეხება,   შეუძლებელია, სინდისმა არ შეაწუხოს და ასეთ დღეში მიგვატოვოს.

სოფელ ლეციცხვაიესმოსახლეობა და პედაგოგები

(თან ერთვის 516 ხელმოწერა)

ჩვენ განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ:

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლა, ისევე როგორც ყველა საჯარო სკოლა, ამჟამად ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში, კერძოდ, ლეციცხვაიესა და ხუნწაში მოხდა სკოლების ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია. უსაფრთხო სკოლის კონცეფციიდან გამომდინარე, ერთ შენობაში განთავსდნენ პირველი საფეხურის (I-VI) მოსწავლეები,  მეორე შენობაში კი - მეორე და მესამე საფეხურის (VII-XII) მოსწავლეები.