პეროვსკაიას ქუჩის მცხოვრებნი პარლამენტარებს "ექსპერიმენტში" იწვევენ - კვირის პალიტრა

პეროვსკაიას ქუჩის მცხოვრებნი პარლამენტარებს "ექსპერიმენტში" იწვევენ

"ღამეს თეთრად ვათენებთ, დღეს კი რესტორნების მეპატრონეებთან ბრძოლაში ვაღამებთ"

ლხინი ჩვენი მოგონილია და ამიტომაც ქვეყანა თავზე რომ გვემხობოდეს, ქართული რესტორნები მაშინაც კი სავსეა. ისე, ცუდი კი არ არის, "კაცი გულს გადააყოლებს", მაგრამ ჩვენ ისეთი "გულის გადაყოლება" ვიცით, სხვასაც გადავაყოლებთ ხოლმე.ამის მაგალითი ბევრი გვაქვს, ჩვენ ერთ-ერთს მოგახსენებთ.

პატივცემულო რედაქციავ, გთხოვთ ჩვენი, გ. ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია) და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებთა სატკივარი მიიტანოთ მათ ყურამდე, ვისაც ჩვენი შველა შეუძლია - წლობით გულდამძიმებულებსა და სტრესში ჩავარდნილებს თქვენი იმედიღა დაგვრჩა. კარგა ხნის წინ ჩვენი ქუჩის ერთი სახლის პირველ სართულზე პატარა რესტორანი გახსნეს... მაშინ რომ გვცოდნოდა, რა გველოდა, ყველანი სადღაც გადავიკარგებოდით. მერე იმ პატარას სხვებიც მოჰყვა და ღამღამობით აქაურობას ყურისწამღები ხმაური ფარავს. ზოგიერთი კი გადასახლდა, მაგრამ ვინც დავრჩით, ჯოჯოხეთისთვის გავწირეთ თავი. შეღამდება თუ არა, რესტორნები ივსება. მანქანების ღრჭიალი, შეძახილები, სიმღერები აყრუებს აქაურობას. ქეიფი კი დილამდე გრძელდება. შესაბამისად, დილამდე გრძელდება ჩვენი ჯოჯოხეთიც - ვეღარც ძილს ვახერხებთ, ვეღარც სუნთქვას მანქანების გამონაბოლქვში. მოკლედ, ღამეს თეთრად ვათენებთ, ხოლო დღეს - რესტორნების მეპატრონეებთან ბრძოლაში ვაღამებთ. არ იფიქროთ, რომ  აქედან აყრას ვაიძულებდეთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ რესტორნების მეპატრონეებმა უწესრიგობა აღკვეთონ, დაიცვან სანიტარიული ნორმები... სადაც მშვიდი მუსიკა ჟღერს და ხალხი წყნარ გარემოში დასვენებისთვის დადის, მათთან პრეტენზია არ გვაქვს.

ჩვენ მხოლოდ ჩვენი უფლებების დასაცავად ვიბრძვით, თუმცა იმ აზრამდე მივედით, რომ რიგითი ადამიანისთვის არც კანონია და არც უფლება.

თურმე დღევანდელი კანონმდებლობით არც ერთ უწყებას არ შეუძლია შეაჩეროს ხმაურიანი რესტორნის ექსპლუატაცია სანიტარიული ნორმების დარღვევების დროსაც კი. თურმე ნუ იტყვით და, საქართველოს სანიტარიული კოდექსი, რომელიც ასეთი დარღვევების გამო ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერებას ითვალისწინებდა, 2007 წელს ძალადაკარგულად გამოცხადებულა. მერიის ზედამხედველობის სამსახური კი ჩვენს საჩივრებს იმით ეხმაურება, რომ მოდის და ინსტრუმენტებით ზომავს ხმაურის დონეს. მერე მიდის და ოფიციალური წერილით გვატყობინებს, რომ გ. ახვლედიანის ქუჩაზე "შექმნილი ხმაური აღემატება სანიტარულ ნორმებს".

აქვე უსათუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ერთადერთი პატრონი პატრულია, რომელიც ჩვენს თხოვნაზე ოპერატიულად გამოცხადდება ხოლმე და რესტორნის მეპატრონეებს აფრთხილებს. ჩვენთვის ესეც ნუგეშია, ამიტომაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

აი, ასე "ვცხოვრობთ". ამიტომაც კატეგორიულად მივმართავთ ჯანმრთელობის სამინისტროს, რომ ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად საკითხი დააყენოს პარლამენტში, რათა ამ უკანასკნელმა ამგვარი უბედურებისგან ადამიანების დაცვის ეფექტიანი კანონები მიიღოს. მანამდე კი პარლამენტარებს უმორჩილესად ვთხოვთ, საღამოს საათებში, განსაკუთრებით არასამუშაო დღეებში მობრძანდნენ პეროვსკაიას ქუჩაზე და თავად დარწმუნდნენ ჩვენს ობიექტურობაში. მეტიც, მზად ვართ, გარკვეული პერიოდი ჩვენი საცხოვრებელი ბინებიც დავუთმოთ მათ ოჯახებს, ბავშვებს, მოხუც მშობლებს, რათა უკეთ განიცადონ და შეაფასონ ის სტრესული გარემო, რასაც რესტორნების მუსიკის ხმაური, ვიბრაცია და ქუჩაში გამოსული ნასვამი ხალხის ღრიანცელი იწვევს. იქნებ მსგავსმა "ექსპერიმენტმა" საკითხის განხილვა დააჩქაროს.

გიორგი ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩის მცხოვრებნი