უბატონო ქიზიყის ამბავი - კვირის პალიტრა

უბატონო ქიზიყის ამბავი

ომიანობის დროს ქიზიყის სადროშოს ბოდბელი ეპისკოპოსი ხელმძღვანელობდა

რატომ არ გვასვენებს წარსული, რატომ გვინდა ვიცოდეთ უფრო მეტი მასზე? იმიტომ, რომ სინამდვილეში წარსული სადღაც უკან კი არა, ჩვენშია - თავად დავატარებთ. ამიტომაც ვძლიერდებით საამაყო წარსულით, ვიხედებით მასში თამამად, რადგან "იქიდან კარგი ამბავი მოდის." ერთ-ერთი ასეთი უბატონო ქიზიყის ამბავია, - თითოეული ქიზიყელი სიამაყით გეტყვით, - ჩვენ ვინ გაგვეჯიბრება, ყოველთვის უბატონონი ვიყავით და ვიქნებით კიდეცო.

ჩემო "კვირის პალიტრავ", ამ წერილს სიღნაღიდან გწერთ. სიღნაღში პატარა ბიჭიც კი წაგეტრაბახება, - ქიზიყელებთან ახლოს ვინ მოვა, ჩვენ ბატონი არასოდეს გვყოლიაო. სუფრას გავშლით და ისე ქეიფი როგორ გამოგვივა, ეს ამბავი თუ არ ვადღეგრძელეთ. ხუმრობა ხომ არ არის, ბატონყმობის საუკუნეები გამოვიარეთ და ამ პატარა ქიზიყს ბატონი ვერ მიეკარა, არც ახლა გავიბატონებთ ვინმეს. მოკლედ, მაშინაც კარგები ვიყავით და ახლა ხო ვართ და ვართ! მაგრამ გვინდა, ეს დაწვრილებით გავიგოთ, - რა იყო, როგორ იყო, როგორ ავარიდეთ ქიზიყმა ბატონებს თავი. ნუ დაიზარებთ და ერთი ხეირიანად გაგვაგებინეთ ყველაფერი.

გელა სიღნაღიდან

ეს ამბავი მარტო ქიზიყელებს კი არა, მთელ საქართველოს აინტერესებს, ამიტომ პროფესორ ნოდარ ასათიანს დავუკავშირდით. საქართველოს ამ კუთხის ისტორიის კვლევაში ბატონ ნოდარს დიდი წვლილი მიუძღვის.

- ბატონო ნოდარ, იქნებ მოკლედ განგვიმარტოთ, რატომ უწოდებენ ქიზიყს უბატონო მხარეს, ხოლო ქიზიყელებს - უბატონო ხალხს.

- ეგ ამბავი მოკლედ არ გამოვა, რადგან დიდი და თანაც მტკივნეული ისტორია აქვს. ქიზიყი უძველესი ქართული ტოპონიმია, 2000 წლის წინათაც კი არის დადასტურებული. ეს ტერიტორია ისტორიულ ჰერეთს ეკუთვნის, გაერთიანებული საქართველოს დედაბოძი გახლავთ და ნამდვილად იყო "უბატონო ქვეყანა". თუმცა, ეს, სამწუხაროდ, არა საქართველოს ძლიერებით, არამედ დასუსტებით იყო გამოწვეული. ქიზიყი უბატონოდ თავისი რეფორმებით კახეთის მეფემ, გიორგი პირველმა გამოაცხადა, რომელიც ასევე გაერთიანებული საქართველოს მეფე გიორგი მერვე იყო.

- ანუ გაერთიანებული საქართველოს მეფე იძულებული გახდა, კახეთის მეფედ ქცეულიყო?

- დიახ. მის დროს დასრულდა, საუბედუროდ, საქართველოს სამთავროებად დაშლის პროცესი. თავდაპირველად საქართველოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო, დასავლეთ საქართველოში გამეფება მოისურვა ბაგრატ ერისთავმა, რომელმაც მეფე ომში დაამარცხა. შემდეგ მეფე სამცხის ათაბაგმა დაატყვევა. ტყვეობიდან თავდახსნილი იძულებული გახდა, კახეთს შეჰფარებოდა. სამთავროებად დაშლილმა ქვეყანამ კი ცალკე რეფორმები მოითხოვა, რომელიც პირველმა კახეთში გიორგი მეფემ ჩაატარა. მან კახეთი ოთხ სამხედრო სადროშოდ დაყო, მეწინავე - ქიზიყის სადროშო იყო. ომის დროს ბრძოლას ის იწყებდა. შესაბამისად მარჯვენაც კარგად უჭრიდათ და მამაცობაც არ აკლდათ. სადროშო ქიზიყიდან კისისხევამდე გრძელდებოდა და ომიანობის დროს ბოდბელი ეპისკოპოსი ხელმძღვანელობდა. ქიზიყი მეფემ არც ერთ თავადს არ არგუნა, თავის სამფლობელოდ გამოაცხადა და მშვიდობიანობისას სამართავად მოურავს ჩააბარა. აი, ამ მოვლენების შედეგად იქცა ქიზიყი უბატონოდ. უნდა ითქვას, რომ ქიზიყის სადროშომ თავისი მისია ქვეყნის წინაშე ერთგულად შეასრულა, ქიზიყელი გმირების მახვილმა არაერთი მტერი და ორგული შეიწირა.

P.S. აქვე დავამატებთ, რომ გიორგი პირველი მეფე იყო, რომელმაც ოსმალების წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად ელჩები გაგზავნა ევროპაში - რომსა და საფრანგეთში. იმავე მიზნით მზადდებოდა მეფე გიორგის ასულისა და ბიზანტიის უკანასკნელი მეფის, კონსტანტინე IX-ის ქორწინება. ეს კავშირი თავად იმპერატორმა მოინდომა - მისმა ელჩმა მეფის ასულის სილამაზე იმგვარად აღუწერა, რომ კონსტანტინემ მაშინვე განიზრახა მისი ცოლად შერთვა. მაგრამ ამ ქორწინებას მაინც არ ეწერა აღსრულება - 1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალებმა აიღეს, ბიზანტიის იმპერია და მისი უკანასკნელი იმპერატორი კი ბრძოლაში დაეცნენ...