"ნახეთ აი კაცი და კი შეხედავთ, რაფერ გუნებაზე დადგებით" - კვირის პალიტრა

"ნახეთ აი კაცი და კი შეხედავთ, რაფერ გუნებაზე დადგებით"

"ჩემხელა მოგყაროთ ცხოვრებამ, ჩემსავით საკუთარი ფეხით აგიყვანოთ საუკუნემდე და იქედან რომ გადმოხედავთ სიცოცხლეს, ჩემსავით გეთქვათ, - ტკბილი იყოო"

"მადლობა იმიზა, რომე მთელი ქვეყნის ამბავს გვაცნობთ. ასე რაფერ ააწყვეთ საქმე. ყოლიფერი იცით, ყოლიფერზე გაქვენ პასუხები!"

"კაცი თუ ჭკვიანია, რაც გინდა უპატრონო იყოს, არ დეიკარგება"

მკითხველო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას - საკუთარ სიხარულსა და ტკივილებს იმდენად გულწრფელად გვიზიარებთ, რომ თქვენი მაჯისცემით მთელი ჩვენი ხალხის მაჯისცემას ვისმენთ. თქვენი ზოგიერთი წერილი გულს გვიჩუყებს, - ეს განსაკუთრებულად გვიხარია, - ადამიანი ხანდახან პრობლემებს უნდა მოსწყდეს და ამოისუნთქოს. მოდი, ჩვენც ამოვისუნთქოთ.

"ჩემო პატივცემულო "კვირის პალიტრავ", პირველ რიგში მადლობა იმიზა, რომე მთელი ქვეყნის ამბავს გვაცნობთ. ასე რაფერ ააწყვეთ საქმე. ყოლიფერი იცით, ყოლიფერზე გაქვენ პასუხები! მოხუცებული ქალი ვარ და შეიძლება ზოგიერთი ამბები კი არც მაინტერესებს დიდად, მარა სხვას რომ აინტერესებს, ჩემს ოჯახში რომ არის საღამოს გარჩევა-გალაგებები, მაი მომწონს ძალიან - ხალხი უნდა ჩეერთოს ყოლიფერში, ახმაურდეს, თვარა ცხრაი მთავრობა რომ გამოგვიცვალონ, მაინც ამფერ ბაიყუშებად დავრჩებით, ახლა რომ ვართ.

ახლა სხვა რაცხასთვის უნდა შეგაწუხოთ: აი ბებრები რომ ვყავართ  დავიწყებული ჩვენ მთავრობას, აქაოდა, პირი საიქიოსკენ აქვთ ნაქნარი, ამიტომ არც ჭადი სჭირდებათ, არც მისაჭმელი და არც წამალიო, არ არის მაი მასე. =ბარე ორს ახლაც ვაჯობებთ ჭკუითაც, სიმღერითაც და კიდო, რა ვიცი... ღვინის სმითაც! ბახვში ბევრი ამფერი მოხუცებული ცხოვრობს ჩემი ჩათვლით.  ერთ-ერთი ვასო დოლიძეა - 100 წლის ნაფრონტალი კაცი. თუ ჩემი ხათრი გაქვთ, ნახეთ აი კაცი და კი შეხედავთ, რაფერ გუნებაზე დადგებით. რატომ მაინცდამაინც ვასოიე? იმიზა, რომე სწორედ ამას წინაზე ამბობდა დაღონებული, - ადრე სულ გაზეთებში ვიყავი გაწერილი, ახლა ყველას დავავიწყდი, ალბათ მკვდარი ვგონივარო. არადა, ცოცხალია და მინდა, კიდო ბევრი იცოცხლოს. აგი კი თქვენი დახმარებით მიიღწევა, - მას ხომ გაახარებთ და მთავრობასაც შეახედვინებთ, რაფერი დასავიწყებელი ხალხი ვართ ჩვენ!

თქვენი მადლიერი, ანეტა სურგულაძე

...ამისთანა რამეს რომ წაიკითხავ, რას ჰქვია, ადრესატისკენ "პირს არ იზამ" და მეც წერილით ხელში ბახვში ვასო ბაბუას ჭიშკარს მივადექი, იქიდან მისი ფართოაივნიანი ოდა შევათვალიერე და რომ ვერავინ დავინახე, დავჭექე, - მანდ ვინ ხართ, კარს არ გამიღებთ-მეთქი? ჩემს ძახილზე ოდის უკანა მხრიდან ყურზე ხელმიფარებული ბაბუა გამოჩნდა. - ვასო ბაბუა თქვენ ხართ-მეთქი? გახლავარ, მაგრამ რომ ვერ გიცანი, რომელი ხარო?

ასე და ასე ვარ-მეთქი და... უყურე შენ!.. მეც არ გამიკვირდა, აი, უცნობი ქალი ვინააო?

- ვასო ბაბუ, მართლა 100 წლის ხდებით?

- კი, მასე უნდა იყოს წესით, 1911 წელს ვარ დაბადებული...

- აგაშენათ ღმერთმა. ეზოში რომ ძროხა და ბოჩოლა გყავთ დაბმული, თქვენ უვლით?

- ჩემია, აბა, მეზობელი ხომ არ ჩამომიყვანდა საჩუქრად!.. სოფელში ძროხა თუ არ გყავს, რათ ვარგიხარ კაცი?! შვილები კი მყავს კაი, მარა კვტარი კი არ ვარ, ხელებში მივაჩერდე. თხილიც მე მოვხიკე ამ ზაფხულს...

- ალბათ შვილიშვილებისთვის. მეც კი მინდა მაგისთანა ბაბუა, საახალწლოდ ჭყინტი ყველი და თხილის ჯანჯუხები რომ ექნება ჩემთვის შენახული...

- გეიხარე, ბაბუა. დიდხანს კი მომიწია ცხოვრებამ, მარა შვილიშვილები მყავს კაი და იგი მახარებს.

- თქვენს ცხოვრებაზე ვერ მომიყვებით?

- რეიზა არა?! კაცი თუ ჭკვიანია, რაც გინდა უპატრონო იყოს, არ დეიკარგება. მე არც დედა მყავდა, არც მამა, და მყავდა უფროსი - გოგოლა, იმან გამზარდა, ერთს რომ მეტყოდა, კანონი იყო იგი. იმხელა კაცი ვიყავი, უკვე უმაღლესი მქონდა დამთავრებული და ქალიც იმის სიტყვით მევიყვანე.

ტატიანა კაი ოჯახის შვილი იყო. დედა სტახანოველი ყავდა, დღე და ღამე ჩაის კრეფდა, მზიანშიც და წვიმაშიც: - ტანზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული.

- ესე იგი, დედამისის გარჯა მოგწონებიათ, საცოლე კი არა.

- მასთე იფიქრე? არა, ბატონო. ჯიშია მთავარი. მე და ტატიანასაც კი მოგვწონდა ერთმანეთი ცოტ-ცოტა, მარა ვერ გოვუბედეთ ერთმანეთს ამის თქმა. ისევ ჩემმა დამ იმარჯვა, - ჩემმა სასიდედრომ ერთი კაი სადილი გააკეთა და იქინე შეუჩნდა ტატიანას, - მაინც კი იცნობთ ერთმანეთს და რას უყურებ, გაყევიო. ტატიანასაც მეტი  რა უნდოდა!

-  მერე?

- მერე ფაეტონი ჰყავდა კოლმეურნეობას და მევიყვანე იმ ფაეტონით. მარკოზა ანდღულაძე იჯდა ზედ. ისთე, შენც მართალი ხარ - კაია მაგი სითამამე, მომწონს, ახლა რომ აქვს ახალგაზრდებს, აახლოებს ადამიანებს.

- ისე, ბახვში ალბათ თქვენ მარტო ორნი იყავით მორცხვები, თორემ ამ სოფელში ბოლშევიკური რევოლუციის მანიფესტიც კი დაიწერა.

- მაგი რევოლუციები არ გამაგონო, მაგან იმფერი ხალხი დაღუპა მაშვინ!.. გამოაცალა მთლად ტვინი თავიდან. ნატალია ქიქოძე იყო ერთი, იმფერი ლამაზი, თვალი ვერ ნახავს უკეთესს, მარა ისე გაააბდლა რევოლუციამ, ხალხს ეკლესიებს ანგრევინებდა. კი წევიდა იმის შთამომავალი უკუღმა.

- თქვენი ტატიანაც ლამაზი იყო?

- ნამეტანი. თანაც მკვირცხლი. სახლი ხომ ამაშენებინა და სამი შვილიც მაჩუქა, კიდო! ალიონში წამომდგარი იყო საქმიზა, რაფერს ახერხებდა იმდონ შრომას, მიკვირდა ხანდახან.

- თუ გითქვამთ, რომ გიყვარდათ?

- კი ვუთხარი, მარა, ისე სიყვარულს ბევრი ლაპარაკი რად უნდა, ბაბუ?!

- მითხარით, ცხოვრება ტკბილია თუ მწარე.

- ტკბილია, ბაბუ, როგორც კალანდობის თაფლი და კაკალია ერთად ტკბილი, მარა მოფრთხილება უნდა ამ სიტკბოს. კაცმა კიდევაც უნდა იმუშაოს, მარა კიდევაც უნდა შეისვენოს და ღვინოც შესვას.

- და... სადღეგრძელოებიც თქვას. თქვენ ვერ გვეტყვით სადღეგრძელოს საახალწლოდ?

- კი ბატონო, ჩემხელა მოგყაროთ ცხოვრებამ, ჩემსავით საკუთარი ფეხით აგიყვანოთ საუკუნემდე და იქედან რომ გადმოხედავთ სიცოცხლეს, ჩემსავით გეთქვათ, - ტკბილი იყოო.