"მხოლოდ სიკეთე უძლურია, გადაარჩინოს ქუჩაში გამოყრილი ბავშვები" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ სიკეთე უძლურია, გადაარჩინოს ქუჩაში გამოყრილი ბავშვები"

არის ტკივილი, რომელიც ზეიმის დროსაც გახსოვს, ანდა თვითონ ჯიუტად გახსენებს თავს. როცა რაიმე გაწუხებს, თუ არ მოირჩინე, კარგად ვერასოდეს იქნები.სანამ ქუჩაში გამოფენილი მათხოვარი ბავშვები გვყავს, რომლებიც უფრო მრავლდებიან და პატრონებიც უფრო და უფრო დაუნდობლად ექცევიან, რათა მოწყალება მოიპოვონ, მოსვენება არ უნდა გვქონდეს. იმედია, ქვემოთ მოთხრობილი  ამბავი არათუ უფროსი თაობის, არამედ ახალგაზრდების პროტესტის საბაბიც გახდება, - მომავალი ხომ მათ უნდა შეცვალონ.

გამარჯობათ. ჭიათურიდან ნინიკო ბაზაძე გწერთ. შარშან დავამთავრე უნივერსიტეტი, ჭიათურაში დავბრუნდი და მუშაობა დავიწყე. თბილისში ყოველი ჩამოსვლისას სადაც გავივლი, ახალ-ახალი მათხოვარი მხვდება ახალ-ახალი ბავშვებით. ბავშვები ძალიან მიყვარს. დავდგები და გაოგნებული ვუყურებ, როგორ იტანჯებიან ქუჩაში.  წინ პატარა ყუთი დაუდგამთ და ხურდას პატარა, გაყინული ხელებით ითვლიან, მერე "მობრძანდება" მათი მშობელი და ახლა ის გადაითვლის გულმოდგინედ ფულს, მერე მოჰკიდებს ბავშვებს ხელს და  გაუდგება გზას სახლისაკენ. ამ საახალწლოდ კინაღამ გავგიჟდი - ათასი ბრჭყვიალა რამერუმის პარალელურად მათხოვარი ბავშვების რაოდენობაც ათასჯერ გაზრდილი მეჩვენა. საბრალოდ დაბოდიალებდნენ გაყინულ ქუჩებში, ანდა ასევე გაყინულები დედებს ესხდნენ კალთაში ნახევრად მძინარენი, ისეთ საათებში, როცა ყველა ნორმალურ ბავშვს შინ უნდა ეძინოს. ერთმა შემთხვევამ სულ გამაგიჟა - საღამოს საშინელი ცივი ქარი ქროდა. გაჩერებაზე ვხედავ, მათხოვარს ასე, სამიოდე წლის ბიჭი უზის კალთაში. აწეულ შარვალში ნახევრად შიშველი წვივები უჩანს და სიცივით აკანკალებული ქალს მკერდზე ეხუტება, ალბათ იმ იმედით, ცოტას მაინც გავთბებიო. მათხოვარი ჩემკენ გამოიქცა, აძაგძაგებული ბავშვი კი ასფალტზე დასვა, იმან კი ისეთი ტირილი ატეხა, ლამის გული წამივიდა. ძალა მოვიკრიბე და, ვინც უნდა გაიკვირვოს, მათხოვარს მოწყალებაზე უარი ვუთხარი, თანაც, რაც შემეძლო, მკაცრად, - ეს ბავშვი როგორ არ გეცოდება, ასეთ ამინდში რომ აწამებ-მეთქი. იმან -  თუ გეცოდება, ფული მოგვეციო. აი, ასე დავბრუნდი ჩემს ჭიათურაში  გულდამძიმებული. გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება არ წირავს ბავშვებს ასე,  ყველგან არის სახლები, სადაც ასეთ ბავშვებს ისე ზრდიან, რომ მშობლები მათთან ურთიერთობას არ წყვეტენ, თუმცა ვეღარც სამათხოვროდ გაჰყავთ.

შინ დაბრუნებულმა ინტერნეტში "თბილისის ფორუმს" მივაკითხე, - სწორედ მათ აქვთ ფონდი "დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი". იქაც ის მითხრეს, რასაც თავადვე ვფიქრობ - ქუჩაში გამოყრილი მათხოვარი ბავშვების დახმარება ფაქტობრივად, შეუძლებელია - მოწყალებას მშობლები მათ არ ახმარენო. ასე რომ, სანამ ჩვენ გარდა, ხელისუფლებასაც არ შეეცოდება ეს პატარები, მანამდე მათი შველა არავის შეგვიძლია.

ამ ფონდში რამდენიმე ასეული კაცი მხოლოდ იმიტომ გაერთიანდა, რომ ყოველ თვეში ათი ლარი გაიღონ და რომელიმე მშიერ ოჯახში მშიერ ბავშვს დაეხმარონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენში დიდი სიკეთეა და ის გვაერთიანებს. მაგრამ თვით ეს  სიკეთეც უძლურია, გადაარჩინოს ქუჩაში გამოყრილი ბავშვები, თუ მას კანონი არ დაუდგა გვერდით. ეს კანონი კი - აიკრძალოს ბავშვებთან ერთად მათხოვრობა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, თორემ მათი ყველა ფიცი და მტკიცება - ხალხი ძალიან გვიყვარს და მათზე ვზრუნავთო, თითოეული ასეთი ბავშვის თვალებში გაყინული შუშასავით იმსხვრევა.

პატივისცემით, ნინო ბაზაძე