"კვირის პალიტრის" წყალობით ეს სად ვიყავი - სამოთხეში!" - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის" წყალობით ეს სად ვიყავი - სამოთხეში!"

"სიზარმაცემ თუ დაგვრია ხელი ქართველობას, ჩვენი მომავალი მარტო მტრის გულს გაახარებს"

ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე გლეხის მხრებზე იდგა - ქვეყნის სარჩო-საბადებლის მშოვნელიც ის იყო და დამცველიც. როცა გაჭირდებოდა, მიწას მიატოვებდა და იმავე მიწის დასაცავად იბრძოდა. ახლა ხშირად ვიმეორებთ, დღეს გლეხი ის აღარ არის, რაც უწინ იყოო, მაგრამ ბედი ისეთ გლეხკაცს შეგახვედრებს, რომ ხვდები, მთელი ჩვენი წარსული და მომავალი მასშია გაერთიანებული, ის ცოცხლობს. და რახან ნამდვილი გლეხი ცოცხლობს, ესე იგი, ქვეყანაც ისევ აქვს ჩაბარებული. ასეთი გლეხია სიმონა პაპა.

ჩემო საყვარელო "კვირის პალიტრავ", თელავის სოფელ გულგულადან მოგესალმებათ თქვენი სიმონა პაპა გიგიტელაშვილი. იმედია, არ დამივიწყეთ. გახსოვთ, ჩემს სოფელშIი რომ ჩამობრძანდით, აქ ყველა მიცნობს, რა ბიჭიცა ვარ, მაგრამა მთელი საქართველოსთვის ჩემს მაგალითზე მინდოდა მომეთხრო, ერთ ადამიანს რა ძალის შრომა შეუძლია. მაშინ გითხარით, სხვა რო არაფერი ჩამოგითვალოთ, მარტო მე და ჩემს ცოლს საკუთარი ხელით 16 ათასი ძირი ვაზი გვაქვს დარგული და ეს ბებრები შვილივით ვუვლით, ხალხს კიდევა, ვენახიც გავერანებული აქვს და სახლ-კარიც, თვითონ ჩრდილში კამათელს აგორებენ. ამისთანა უსაქმურობაში ეს ქვეყანა რანაირად აშენდება-მეთქი! შეიძლება ცოტა მკაცრად მომივიდა, მაგრამა აღარ გამოდის სხვანაირად - სიზარმაცემ თუ დაგვრია ხელი ქართველობას, ჩვენი მომავალი მარტო მტრის გულს გაახარებს.

ახლა რაზე გაწუხებთ: ისიც ხო გახსოვთ, რო გავიძახოდი, ისე როგორ წახდება ჩემი საქმე, გინესის რეკორდი არ დავამყარო-მეთქი, ამიტომ იქნება  კომისია გამომიგზავნოთ, რომ ჩემი ამბავი მოვუთხრო-მეთქი. თქვენ გაიხარეთ, რომ გამომიგზავნეთ. ყველას რომ ვარწმუნებდი, "კვირის პალიტრისთანა" პატრიოტი ხალხი არსად არის-მეთქი, განა ტყუილად. "კვირის პალიტრა" რომ არ ყოფილიყო, ვინ რას გაიგებდა, რა შემეძლო. მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, ამ პატიოსანმა გინესის კომისიამ მირჩია, - თუ მაინცდამაინც რეკორდების დამყარება გინდა, კახელი კაცი ხარ და ბარემ იმხელა ჩურჩხელა გააკეთე, მსოფლიოში მსგავსი არსად იყოსო. ავდექი და მეც, რამდენი წმინდა გიორგიც არის საქართველოში - 365 - ზუსტად ამდენსანტიმეტრიანი საუკეთესო ჩურჩხელა ამოვავლე თათარაში. ესეც შენი რეკორდი! კომისიამ მითხრა, ახლა ეგ ამბავი უკვე გინესმა უნდა დაადასტუროსო. ეს ამბავი რომ მთელმა ტელევიზიებმაც გააშუქეს, ესეც ხო "კვირის პალიტრის" დამსახურებაა. ჰოდა, ამ გაშუქების მერე ჩემი ჩურჩხელა კოხტად შევინახე - აბა, მართლა გინესს ხომ არ გავუგზავნიდი, როცა საქართველოში ისეთი კაცი გვყავს, მთელ დედამიწაზე არ მოიძებნება. ეს ჩვენი პატრიარქი გახლავთ. სწორედ მას უნდა მივართვა ჩემი ჩურჩხელა დიდი სიყვარულითა. ღმერთმა შეარგოს და დაუტკბოს სიცოცხლე ჩვენი ერის ბედის დატკბობითა. აი, ეს მინდოდა შემეტყობინებინა, თანაც ახალ წელიწადს გილოცავთ, ღმერთმა, ახლა რო ძლიერები ხართ, კიდევ 365-ჯერ გაგაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში.

თქვენი სიმონა პაპა, გიგიტელაშვილი

სიმონა პაპას საქართველოს პატრიარქთან  შეხვედრას რა გამოგვატოვინებდა. ჩვენი მოხუცი თავისი 365-სანტიმეტრიანი ჩურჩხელით საპატრიარქოს ეზოში ისეთი გაბრწყინებული ელოდა პატრიარქს, ჩანდა, ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო. პატრიარქიც მალე მობრძანდა. საქართველოს მწყემსმთავარი და ერთი კარგი ქართველი გლეხი პირისპირ აღმოჩნდნენ. მიჭირს აღწერა, რა დიდი სიხარული ედგა სიმონა პაპას თვალებსა და ხმაში. როგორი ომახიანი და მართალი იყო: აი, ამ ჩურჩხელაში საუკეთესო კაკალი და თათარაა, თანაც კიდევ მთელი სიყვარული, რითაც მე და ჩემი ცოლი ამ ჩურჩხელას ვაკეთებდით, ალალი იყოს თქვენზე... თქვენზე უკეთესს ვის მივართმევთო. მერე უთხრა, - უწმინდესო, თქვენ რომ ბრძანეთ, ყოველმა კაცმა წელიწადში 12 ხე უნდა დარგოს, ამ ქვეყნის ვალი რომ მოიხადოსო, მე ეგ ვალი მრავალჯერ მაქვს მოხდილი - უკვე 16 ათასი ძირი ვაზი მაქვს დარგულიო. პატრიარქიც სიყვარულით უცქერდა. მერე ვიღაცამ ჰკითხა, - ამხელა ჩურჩხელა როგორ ამოავლეო და სიმონა პაპამაც ღიმილით მიუგო, - კაცო, რასა მტყუებ, ეგ რო გაგაგებინო, ხო დამასწრებ და თავადაც ამოუვლებ ჩურჩხელას პატრიარქსო! და მერე ისევ უწმინდესს მიუბრუნდა, - პირველ რიგში ღმერთმა კარგად გამყოფოთ, ოთხმოცისა რომ გახდებით, რვა მეტრი ჩურჩხელა უნდა მოგართვათ ჩემი ხელითაო.

მერე უწმინდესმა ჩვენი სიმონა პაპა ტრაპეზზეც მიიწვია და იქ მოხდა, რაც მოხდა, - სიმონა პაპა რომ გვიამბობდა, თან დასძენდა, - "კვირის პალიტრის" წყალობით ეს სად ვიყავი - სამოთხეშიო!

- სიმონა პაპა, სული დაგიმშვიდათ პატრიარქის გვერდით ყოფნამ?

- აბა, კაცო! ისე ტკბილად მღეროდნენ, გულმა არ მამითმინა და ვუთხარი, - უწმინდესო, გაისად რთველში უნდა დაგპატიჟოთ, დაბადების დღესაც იქ გადაგიხდით და იქ ვიმღერებ-მეთქი.

- მერე, რა გითხრათ უწმინდესმა?

- აუცილებლად ჩამოვალ, მაგრამ აქაც უნდა იმღეროო. ამას როგორ გავბედავ-მეთქი. და - ნუ გეშინია, გვერდით ერქომაიშვილი გიზისო.

"ბინდისფერია სოფელი" დავიწყე და გუნდმა ისეთი ბანი მომცა, ჩემი სიმღერა ვეღარ ვიცან.

- თქვენ გაიხარეთ, სიმონა პაპა, ჩვენი წინაპრები რომ იყვნენ, ზუსტად ისეთი  მგონიხართ.

- აბა, რა ვიცი, ვინ ვარ, მაგრამ "კვირის პალიტრის" წყალობითა, ზღაპარში მოვხვდი, აღარც კი ვიცი, მადლობა როგორა ვთქვა.

-  დიდხანს იცოცხლეთ, იშრომეთ და იხარეთ, თქვენისთანები უმრავლოს ჩვენს ქვეყანას.

- თქვენც გაიხარეთ, ჯანმრთელები იყავით და ღმერთმა ისევ ისეთი ერთგულება შეგაძლებინოთ ქვეყნისთვინა, როგორც აქამდე შეძელით. ამაზე კარგი კაცმა რა უნდა ინატროს!