სიკვდილის წინ გამხელილი ძმობის საიდუმლო - კვირის პალიტრა

სიკვდილის წინ გამხელილი ძმობის საიდუმლო

უთქმელობა, რომელიც რამდენი ათეული წელი  გულზე დარდად აწვა

გაქვთ შინ ძველი ფოტოალბომები? როცა ფოტოებს ვინმეს ათვალიერებინებთ, განა ოდესმე მოგისმენიათ, - რა გრჯის, ამ ფოტოებს რატომ ინახავო? ან სხვა რაიმე ისტორიად ქცეული სიძველის ნახვისას აუქნევიათ ხელი - რაღა დროს ეს არისო? მე მგონი, ასეთი რამ არ ხდება და თუ ხდება, იმდენად იშვიათად, რომ შეიძლება არც გაიხსენო. ასეთია წარსულის შენახვის გაუცნობიერებელი ინსტინქტი, რომელიც მომავალსაც გვინახავს. ეს წერილი და მას მოყოლილი ფოტოც ასეთია.

გამარჯობათ. გიგზავნით სურათს, რომელზეც აღბეჭდილია 1887 წელს სოფელ მატანში დაბადებული გლეხი დარჩო პაპუნაშვილი.

დარჩო 1908 წელს გურჯაანის სოფელ შაშიანში გადმოსულა საცხოვრებლად და სწორედ აქ გამანდო სიკვდილის წინ მანამდე გაუმხელელი საიდუმლო. სიტყვაძვირი მოხუცი იყო, გეგონებოდა, ადამიანების ერიდება, რომ ლაპარაკი არ გაუბანო.

მე მისი შვილიშვილის მეუღლე გახლდით. ვფიქრობდი, იქნებ პაპა დარჩო ასეთი ბავშვობიდან კი არ იყო, ცხოვრებამ გახადა-მეთქი. ერთხელ დარჩო პაპამ გვერდით დამისვა და მითხრა, - შვილო, ახლა მე შენ ის საიდუმლო უნდა გაგიმხილო, რაც მთელი ცხოვრება არავისთვის მითქვამს და ეს უთქმელობა, როგორც ყველა კაცს, გულზე დარდად მაწევსო. რა იყო-მეთქი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი თუ გაგიგიაო. მაშინ 1964 წელი იყო და ქაქუცას ვინ გახსენებინებდა, მაგრამ თითო-ოროლა გაბედული კაცისგან მაინც ვიცოდი რაღაცები და - ჰო-მეთქი. ჰოდა, მაგას, 1922 წელს, ვენახში ერთი ქოხი რომ  მედგა, იქ ვმალავდი 32 დღე, მერე კი, როცა ვიფიქრე, შეიძლება უკვე ვინმემ იეჭვოს-მეთქი, 11 დღეც შინ გადმოვიყვანეო. ქაქუცაზე ისეთი სიყვარულით ჰყვებოდა, აღტაცებული შევცქეროდი. თხრობა რომ დაამთავრა, პაპასაც კარგა ხანს ვუყურე  აღტაცებულმა, - ძალიანაც კარგად იცოდა ქაქუცას დამალვისთვის რაც მოელოდა, მაგრამ წინ ძმობა და კაცობა დააყენა. აი, ასეთი კაცები გვყავდნენ და თუ თავისუფალი საქართველოს ხსოვნა თაობებმა ატარეს, დარჩოსთანა კაცების დამსახურებაც არის.

ღმერთმა ასეთი ერთიანი სული შეუნახოს საქართველოს. შეიძლება, ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ თავისუფლების სურვილი - ერთი და ის ერთი ყველას გვაერთიანებს.