გაუმარჯოს ნათიას და თათიას და... ამერიკას! - კვირის პალიტრა

გაუმარჯოს ნათიას და თათიას და... ამერიკას!

რაც ეს ამბავი მომიყვა ქალბატონმა თამარმა, მას შემდეგ სულ  ვნატრობ, - ნეტა, მსგავსი რამ ჩვენთანაც მოხდეს-მეთქი. ცხოვრებაში არავისი შემშურებია და ახლა ამერიკისა მშურს, ისე ზრუნავენ ქვეყნის გამრავლებისთვის. ეს იმ ამერიკაში, ხალხო, სადაც იმდენი ადამიანი დადის, რომ ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ისიც კი არ არის სავალდებულო, მშობელი ამერიკელი იყოს, - თუ ფეხმძიმე ქალმა იქ ფეხი დადგა, ამხელა ქვეყანა დარაჯობს, რომ ბავშვი დაიბადოს და გაიზარდოს. ჩვენ როდის მოვესწრებით ამას? თამარი სამსახურიდან ორი კვირით ამერიკაში გაგზავნეს, ფრენისგან დაღლილ ქალს შაქარმა აუწია, იქ მუხლებში ჩაუვარდა თურმე ექიმებს, - ამ უბედურებასთან ერთად, ფეხმძიმედ ვარ და ბავშვი მომაშორეთო. უარი რომ უთხრეს, - აბორტს მაინც გავიკეთებ, დიდი შვილები მყავს და მატერიალურადაც გამიჭირდებაო, ამერიკელებმა, - მაშინ, დაგაპატიმრებთო. ფაქტობრივად ასე გამოვიდა, - სანამ არ იმშობიარა, თითქმის პატიმარი იყო. მერე რაც მოხდა, აღარ მინდა გიამბოთ. ის ქალბატონი ახლა თბილისშია, მინდა, დაუკავშირდეთ და თვითონვე მოგიყვებათ, რაც მერე მოხდა. ახლა თვითონაც უნდა, ეს ამბავი მისმა დაცოტავებულმა ქვეყანამ იცოდეს. მე ხომ მინდა და მინდა, შვიდი შვილის მამა ვარ და ღმერთი რომ აძლევს და არ აჩენს, იმ ხალხზე გული მომდის.

ბადრი ცერცვაძე

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ქალბატონ თამარს დავუკავშირდით და პირდაპირ ვკითხეთ:

- ქალბატონო, თამარ, მართალია ეს ყველაფერი?

- მართალი გახლავთ. ოღონდ, ახლა მეც დაუჯერებლად მეჩვენება.

- არ გვიამბობთ?

- რატომ არ უნდა გიამბოთ! 2005 წელს წავედი ორკვირიანი ბიზნესპროგრამით ამერიკაში! ბიჭები 22 და 19 წლისა მყავდა, გოგონა - 9-ისა, მე კი ისევ ფეხმძიმედ ვიყავი. მრცხვენოდა, - ან დავაჟკაცებული შვილებისთვის როგორ მეთქვა, - დედათქვენი ფეხმძიმედ არის-მეთქი, ანდა ბავშვი როგორ გამეზარდა, არც  მატერიალურად ვიყავი დალხინებული. თანაც, როცა მეგონა, შვილები დავზარდე და ამ წვალებას მოვრჩი-მეთქი, უცებ თავიდან უნდა დამეწყო ყველაფერი. უარეს დღეში იყო ჩემი ქმარი, აღარ იცოდა, რა ექნა. ორსულობა უსათუოდ უნდა შემეწყვიტა, მაგრამ ამერიკაში წასვლამაც მომიწია და წავედი. თვითმფრინავში კი ისეთი რამ დამემართა, ვიფიქრე, ვკვდები-მეთქი. ფეხები დამისივდა, პირი გამიშრა, შაქარმა ამიწია. ერთი სიტყვით, ექიმი გახდა საჭირო. მაშინვე ვუთხარი, ფეხმძიმედ ვარ და ორსულობის შეწყვეტა მჭირდება-მეთქი. როგორ გეკადრებათ, ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია თქვენი ჯანმრთელობაო. მოკლედ, თმიდან ფრჩხილამდე ყველა გამოკვლევა ჩამიტარეს და მითხრეს, არც თქვენი ჯანმრთელობაა სიცოცხლისთვის საშიში და არც ნაყოფს ემუქრება საფრთხე, უსათუოდ შევინარჩუნებთ, თანაც ტყუპი გყავთო... ეს როცა მითხრეს, ვიწექი და კინაღამ გადმოვვარდი - ხომ მაინც მოშორებას ვაპირებდი, მაგრამ ორიაო, რომ თქვეს, შიშისგან ოფლმა დამასხა. რას ამბობთ, უნდა მოვიშორო-მეთქი. შენ ვინ მოგცა ამერიკის მოქალაქეების ხელის ხლების ნება, ამას არ დავუშვებთ, თუ მაინც მოინდომებთ, იმ ოჯახს, სადაც იმყოფებით, ჯერ დიდ ჯარიმას დავაკისრებთ, მერე კი ამერიკიდან გავასახლებთო. მანამდე დაგაწვენთ და გიმკურნალებთო. მოკლედ, ლოს-ანჯელესში, საავადმყოფოში დამაწვინეს და იმდენად ეშინოდათ, ნაყოფის მოსაშორებლად რაიმე არ მომეფიქრებინა, გამუდმებულ თვალთვალში ვიყავი. ამასობაში, ხან რუსი თარჯიმანი მომიყვანეს და ხან ქართველი, - თქვი, რომ ებრაელი ხარ, აქ ყველაზე უკეთეს პირობებს ჩამოსული ებრაელების ბავშვებს უქმნიანო. ამაზე სულ გავგიჟდი, რანაირად ვთქვა, როცა არა ვარ ებრაელი-მეთქი.

- ოჯახში რას ამბობდნენ?

- ოჯახამდე ვინ მიიტანა ეს ამბავი! დავრეკე და ვუთხარი, საავადმყოფოში დამაწვინეს და ხანგრძლივი ყურადღება მჭირდება-მეთქი, მიჭირდა შვილებისთვის საიდუმლოს გამხელა... მოკლედ, ასე მივენდე ბედს.

- მერე რა ქნა თქვენმა ბედმა?

- რა ქნა და შვიდი თვის ფეხმძიმობას ცოტა მაკლდა, ხატია და თათია რომ დაიბადნენ. 900-გრამიანები იყვნენ და სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობა სჭირდებათო. მეც ექიმი დამინიშნეს და ისიც მითხრეს, - აქამდე ხომ არ გინდოდათ ბავშვები, ახლა იქნებ ჩვენ მოგვცეთო. მე კი იმ წამიდან, როცა ჩემს შვილებს დავხედე, სხვა ვიყავი - ბავშვები რომ წაიყვანეს, საშინელი სიცარიელე და შიში დამეწყო. იქამდე ჰყავდათ ინკუბატორში, სანამ 9 თვისა არ შესრულდნენ და სამი კილო არ გახდნენ. მერე ჩააწვინეს კალათებში, ჩამსვეს თვითმფრინავში და გამომატანეს.

- ქმარი რომ დაგხვდათ აეროპორტში, რა გითხრათ?

- პირველად არაფერი. მშვიდად შეაწყო კალათები მანქანაში. ვერც იმას გეტყვით, როცა ამ ამბავს ვყვებოდი, როგორ და რა იყო. ნერვიულობისგან იმ წუთში ვერც მეუღლის სახეს აღვიქვამდი, ვერც შვილებისას. ხმა კი მახსოვს, - ჩემი ქმარი მექანიკურად  გაიძახოდა, - არა, არ შეიძლება, ესენი ჩემი შვილები იყვნენო.

- ახლა?

- ახლა უფროსებზე ამბობს, ისინი არ არიან ჩემი შვილები და ესენი არიანო!

და... ქალბატონი თამარი გულიანად იცინის. მეც. ღმერთმა ასეთი სიხარული ბევრი მოგვცეს ჩვენც და... უსათუოდ, ამერიკასაც!