"ისევ ჩვენ უნდა შევუძახოთ ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"ისევ ჩვენ უნდა შევუძახოთ ერთმანეთს"

გამარჯობა, "კვირის პალიტრა". გულზე მომხვდა თქვენი წერილი "ქართველებისგან "პატივცემული" ობელისკები". მადლობა იმ ადამიანს, ვისაც გული იმდენად ეტკინა

კრწანისის გმირთა იავარქმნილი ობელისკის დანახვისას, რომ ქვეყანა შეყარა. ისევ ჩვენ უნდა შევუძახოთ ერთმანეთს, რომ სამშობლო შევინარჩუნოთ, თორემ სხვა პატრონი არავინ გვყავს.

ღმერთმა ნუ გამოგვილიოს ისეთი კაცი, ვინც ნებით იტვირთებს ქვეყნის მოვლას. ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ თუნდაც მაგ ბაღში და ობელისკთან ამისთანა ხალხი მეც მინახავს და გულში იმედი გამღვიძებია. დალეწილი ობელისკის შეკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ რაც შეუძლიათ, იმას ხომ აკეთებენ. მე მანდ ახლოს ვცხოვრობ და მინახავს, როგორ გვიდნენ და ალაგებდნენ იქაურობას საზოგადოებისთვის ნაცნობი ადამიანები. მათ შორის ისტორიკოსი ოთარ ჟორდანიაც შევიცანი. ძალიან გთხოვთ, ეს წერილიც დაბეჭდოთ, რათა ხალხს იმედი მიეცეს, რომ ჩვენი საქმე წასული არ არის. მე ეს უკვე რამდენჯერმე ვუთხარი ჩემს შვილიშვილს, რომელიც საგანგებოდ პარკში იმ დროს ჩავიყვანე, როცა ეს ხალხი იქაურობას ასუფთავებდა. გაიზრდებიან მისი ტოლები და ეგებ მათ მაინც სცენ პატივი სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს. ასე რომ, ყველაფერი დაკარგული არ არის და არც დაიკარგება.

შოთა ნიკურაძე