"იქნებ დედა გადამირჩინოთ!" - კვირის პალიტრა

"იქნებ დედა გადამირჩინოთ!"

ზუგდიდელი ვარ და გეხვეწებით, ეს წერილი დაბეჭდეთ, რომ ზუგდიდის დეპუტატმა ფრიდონ თოდუამ წაიკითხოს. სტუდენტი ვარ, ბაგებში, სტუდქალაქში

ვცხოვრობ, ჩემი ძმა კი ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესიის მედავითნეა. საკუთარი სახლი არ გაგვაჩნია და ნათესავთან ვართ შეხიზნულნი. მაგრამ არ იფიქროთ, ბატონო ფრიდონ, რომ ჩვენს უსახლკარობას გახვევდეთ თავს.

ბატონო ფრიდონ, დედაჩვენს, ქეთო კიკალიშვილს 2002 წელს ოპერაცია თქვენ გაუკეთეთ - მარცხენა თირკმელი ამოკვეთეთ, თირკმლის სიმსივნე ჰქონდა. ამის შემდეგ, 2003 წელს, ისევ თქვენს კლინიკაში გაუკეთდა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. 2004 წელს დედას საშვილოსნო ამოაჭრეს. ბოლო ოპერაცია შარშან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაიკეთა... აი, ასეთი მძიმე ავადმყოფი დედა გვყავს და მისთვის არც მკურნალობაა და არც წესიერი საკვები. გახდა, ჰემოგლობინი დაუვარდა, მაგრამ უფალი ისე გვიცოდებს, მაინც ფეხზე დგას და ცდილობს დაგვეხმაროს კიდეც...

მაგრამ ასე უმოწყალოდ და თითქმის მშიერი დედა როდემდე გვეყოლება ცოცხალი. ვის აღარ ვთხოვეთ დახმარება: ჯანმრთელობის სამინისტროს, სოციალური დაცვის სააგენტოს... პასუხი არსაიდან გვაღირსეს. თქვენთან შეხვედრა მინდოდა, თქვენ ხომ ჩვენი დეპუტატი ხართ, ხალხის დახმარება შეგიძლიათ. მაგრამ ვერსად გნახეთ, თქვენთან ვინ მოგვიშვებს და ამიტომ ვთხოვეთ "კვირის პალიტრას" ამ წერილის გამოქვეყნება. ბატონო ფრიდონ, თქვენც ხომ იცით, დედის სიყვარული რა არის და იქნებ ამ სიყვარულის ძალამ ჩვენი დახმარება შეგაძლებინოთ.

ხატია ჯიქია

P.S. ბატონო ფრიდონ, ჩვენ ვიცით, რომ კარგი ექიმი ხართ და ბევრი ხატიას დედისთანა ავადმყოფისთვის გიშველიათ. ახლა კი დეპუტატიც ბრძანდებით და ეგებ, თქვენ ხელთ არსებული შესაძლებლობები ახლაც გამოიყენოთ, რომ შვილებს დედა უცოცხლოთ. უნდა გითხრათ, ჯერ წერილის წაკითხვისას გავოგნდით, რომ ამ ქალბატონს სიცოცხლის და, რაც მთავარია, შრომის უნარი ჰქონდა შერჩენილი, მერე კი მაშინ, როცა დავუკავშირდით, გვითხრა, ფეხზე იმიტომ ვდგავარ, რომ ჩემს შვილებს ვჭირდები და სანამ სული მიდგას, არ  უნდა წავიქცე, დედის მიწოდებული ხმელი პურიც წამალია შვილისთვისო. ასეთი ძალა მხოლოდ დედაშვილობას აქვს და სხვას არაფერს. ეს ღვთისგან  მოვლენილი  სასწაულია და დაეხმარეთ ამ ოჯახს, რომ ეს სასწაული გაგრძელდეს. თანაც იქნებ გოგონას თქვენმა დახმარებამ სიკეთის მადლი ასმაგად გადაახდევინოს. ამქვეყნად ყველაზე მეტი განძი ქვაზე დადებული სიკეთეა, - არასოდეს იკარგება, გაივლი და, უსათუოდ წინ დაგხვდება...