რომანტიკული ბიჭები გვირაბიდან - კვირის პალიტრა

რომანტიკული ბიჭები გვირაბიდან

ლირიკა თუ ფიზიკა? საზოგადოებრივი ცნობიერების ჭიდილი ალბათ ყოველთვის იყო ამ თემაზე. დღეს კი, ჩვენს გამკაცრებულ დროში, ლირიკა ზოგჯერ უადგილოდ გეჩვენება. მაგრამ სხეულს როგორც უსულოდ ყოფნა არ შეუძლია, ასევე არ ძალუძს, ლირიკით არ გაიჟღინთოს. და თუ ისევ ხედავთ, რომ გოგო-ბიჭები ერთმანეთს ლექსებს უკითხავენ, ან მუსიკას უსმენენ, ესე იგი, სიცოცხლის ჰარმონია გრძელდება. ამიტომაც სიამოვნებით გიამბობთ ერთ ლირიკულ ამბავს თავისუფლების მოედნის "მიწისქვეშეთზე".

ბიჭები რომ შევიკრიბებით, ხშირად ვდაობთ იმაზე, ღირს თუ არა დღეს ადამიანმა დიდი დრო დაუთმოს, ვთქვათ, პოეზიას, მუსიკას, ხატვას... ზოგი ამბობს, ეს არ არის თავის სარჩენი საქმეო, მაგრამ  ამის მთქმელი მეორე წუთში ან თავის დაწერილ ლექსებს წაგიკითხავს, ან მუსიკას მოგასმენინებს. პირადად მე ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად მუსიკა მიმაჩნია. შემთხვევას არ ვუშვებ, საყვარელი მუსიკა არ მოვისმინო, თანაც ცოცხლად. ამიტომ ხშირად დავდივარ თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში. იქ მუდამ დგანან ბიჭები, რომლებიც ძალიან მაგრად უკრავენ და მღერიან. როცა  უნდა ჩაუარო, ყოველთვის ვიღაც უსმენს, ხანდახან ბავშვებიც მოჰყავთ მოსასმენად. იქაურობა ისეთი ჭუჭყიანია, იქ გაჩერება იოლი სულაც არ არის, მაგრამ კარგი მუსიკის მოსასმენად ყველაფერი შეიძლება მოითმინო. ისე, აქაურობა იმიტომ არის ასეთ შავ დღეში, რომ მაწანწალები ათევენ ღამეს. ამ ყინვაში პირდაპირ სკამებზე სძინავთ საბანწაფარებულებს. სხვათა შორის, ერთი მათგანი ძალიან საინტერესო კაცია, - დავითი ჰქვია, რაც უნდა ჰკითხო, ყველაფერი იცის. დავითი დილით გვირაბის ასასვლელში, კიბეზე მათხოვრობს. საღამოს კი თავის დასაწოლ სკამს მუსიკოსების ახლოს გადაიტანს, დაწვება, ამოიდებს თავქვეშ ფიცარს და მუსიკას თვალდახუჭული უსმენს. ბიჭები რომ დაკვრას დაამთავრებენ, შეგროვილი ფულიდან ნაწილს  დავითს უტოვებენ. ისიც მიდის და ყიდულობს ხან პურს, ხან ძეხვს. სასმელს არ ეკარება - მაგან რუსეთში ბევრი დახოცაო. დავითს სხვა ბიჭებიც ეხმარებიან, - თითქმის ყველა, ვინც აქ მუსიკის მოსასმენად მიდის. აი, ეს მინდოდა მეთქვა. თუ ამ წერილს დაბეჭდავთ, ამ ბიჭებს ვიღაც ეტყვის ამის შესახებ და გაუხარდებათ.

ლუკა