"მშრალი კანონი" საბჭოეთში და "ლიმონათი", რომელმაც სუფრა ისე მოაქცია, სტუმრები ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ - კვირის პალიტრა

"მშრალი კანონი" საბჭოეთში და "ლიმონათი", რომელმაც სუფრა ისე მოაქცია, სტუმრები ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ

ქართველს ღვინოსა და გაშლილ სუფრაზე ლაპარაკი არ მოსწყინდება, - ქართულ ღვინოზე ლეგენდები დღესაც დადის, მერე ამ ლეგენდიდან ახალი ლეგენდები იბადება და გულს ახალისებს. წინანდლიდან ბატონი სოსო მეგუთნიშვილი წინანდლის ღვინოთი "დასველებულ" იმ ამბებს გვწერს, ლეგენდებად რომ იქცა. მათ შორის ორი ამოვარჩიეთ.

წინანდალს არც სტუმარმრავალი სუფრა გაუკვირდება, არც ამ სუფრაზე დაცლილი ღვინის ყანწები და ალბათ, ვერც ღვინის ტექნოლოგიით შეედრებიან მსოფლიოში მეღვინეობით ცნობილი ქვეყნები. ამისთვის ჯერ ქართველი გლეხი ხომ ზრუნავდა და ზრუნავდა, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ უამრავი რამ გააკეთა ღვინის მარნით. მერე კი, როცა წინანდლის მამული საუფლისწულო გახდა, რუსეთის იმპერატორებმაც იზრუნეს თავიანთი საკუთრებისთვის. შეიძლება ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ 1890-იან წლებში სწორედ მათი დავალებით მუშაობდნენ აქ ველოსიპედზე "ამხედრებული" აგრონომები, რომლებმაც მეღვინეობის განვითარებას უდიდესი ღვაწლი დასდეს.

ბევრისთვის ალბათ, დაუჯერებელი იქნება, მაგრამ, იმ წლებში წინანდალში, ზვრებსა და ვენახებში ზარბაზნები ჰქონდათ ჩაყენებული, რომლებსაც სეტყვის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ერთი საუკუნის შემდეგ კი 1986 წელს, საკავშირო ცეკას დადგენილებით მიღებული "მშრალი კანონით" წინანდლელებსაც აეკრძალათ ღვინის სმა. ამის სახსოვრად წინანდალში ერთი ამბავი შემორჩა, რომელსაც თაობები ღიმილით იხსენებენ.

მოკლედ, რუსებმა სწორედ იმ წელიწადს მოინდომეს წინანდლის ღვინის ქარხანაში საკავშირო სიმპოზიუმის ჩატარება, რომლის დასრულების შემდეგ იქვე 200-კაციანი სუფრა გაიშალა, - რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ლიმონათითა და ბორჯომით.

უყურებს ამ ამბავს დაღონებული ბიჭიკო სინჯიკაშვილი, გურჯაანის  რაიკომის მდივანი, მისჩერებიან დაძმარებული მასპინძლები. ბოლოს, ეტყობა, ვეღარ მოითმინა, ვიღაცას უხმო და ყურში რაღაც წასჩურჩულა. ის ვიღაც გაიქცა და ცოტა ხანში ახალი ლიმონათისეტიკეტიანი ბოთლები შემოამატა სუფრას. ბიჭიკომ თვალი უყო მასპინძლებს და "ლიმონათი" ჭიქაში ჩამოისხა, - ერთი, მეორე, მესამე... ცოტა ხანში სუფრაზე სიცილი გაისმა და  მერე ვიღაც წამოდგა ფეხზე და წაბარბაცდა. ამგვარად, "ლიმონათმა" სუფრა ისე მოაქცია, სტუმრები ერთმანეთს ვეღარ ცნობდნენ.

წინანდლელი იყო კაცი, რომელმაც რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მეორის დაბადების დღეზე იმხელა ყანწით შესვა სადღეგრძელო, რომ სუფრასთან მსხდომი რუსი თავადები ერთპირად დასაცინი გახდნენ - ბევრს ეცადნენ, თავადაც ესიამოვნებინათ იმპერატორისთვის, მაგრამ იმ ყანწის შუამდე ვერ ჩავიდნენ, რომელიც მათ გულბაათ ჭავჭავაძემ გადაულოცა. ცნობილი წინანდლელი თამადა კი ალექსანდრე მეორემ თბილისში ყოფნის შემდეგ დაპატიჟა პეტერბურგში, - გულბაათმა ისე ითამადა თბილისში, იმპერატორისა და მისი მემკვიდრის პატივსაცემად გაშლილ სუფრაზე, რომ ხელმწიფე აღტაცებული დარჩა. ეს ის გულბაათ ჭავჭავაძე გახლდათ, რომელიც სუფრაზე 25 ბოთლ ღვინოს წელში გამართული დალევდა და ოდნავ არ შებარბაცდებოდა.

წინანდალს გულბაათის შემდეგაც ჰყოლია, ახლაც ჰყავს კარგი თამადები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ეყოლება, რომ ქართველი ხალხის, ღვინისა თუ სუფრის ტრადიციები მარადჟამს ცოცხლობდეს.