კაცი, რომელმაც XXI საუკუნეში "ვეფხისტყაოსანი" გადაწერა - კვირის პალიტრა

კაცი, რომელმაც XXI საუკუნეში "ვეფხისტყაოსანი" გადაწერა

ჩვენს ერს წუთი არ ჰქონია, რომ არ ებრძოლა, ამიტომაც გადარჩა. ამ მარადიულ ბრძოლა-შრომაში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ისეთები, რომლებიც ერის ტვირთს სხვაზე მეტს ატარებენ მხრებით. ამ ტვირთს კი ხშირად გადამრჩენლის ფუნქცია აკისრია. როცა ბატონი შალვა სირბილაშვილის ამბავი გავიგეთ, სწორედ ეს გაგვახსენდა.

"ჩვენი სულიერი საუნჯე მოოქრული ყდითა და ილუსტრაციებით შეამკობინა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების დიდებულ ტაძარში გადასცა საჩუქრად"

ძვირფასო რედაქციავ, კარგად იცით, დროა ისეთი, გვინდა თუ არა, უარყოფითად ვიმუხტებით და თუ რაიმე დადებითი არ მივაშველეთ, ცხვირპირჩამომტირალ ხალხად გადავიქცევით. არადა, გარშემო კარგიც ბევრია. სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები ისეთ საქმეებს აკეთებენ, იმედი მოგეცემა.

ერთ ასეთ კაცად ბატონ შალვა სირბილაშვილს ვიცნობ. თბილისელი ადვოკატი გახლავთ, მთელი სიცოცხლე თავისი ქვეყნის სულიერების სამსახური არ შეუწყვეტია. ამ კაცმა თავისი ხელით მხოლოდ თბილისის შემოგარენში 555 ძირი ჭადარი და კვიპაროსი დარგო. სანამ ნერგები ფესვს გაიდგამდნენ, ყოველდღე მიდიოდა და რწყავდა.

სხვათა შორის, ეს კაცი გახლავთ ავტორი მშვენიერი წიგნისა "ოქროს სათვალე". მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ XXI საუკუნეში მან ალბათ, პირველმა ქართველმა, ხელით გადაწერა "ვეფხისტყაოსანი", მოოქრული ყდითა და ილუსტრაციებით შეამკობინა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების დიდებულ ტაძარში გადასცა საჩუქრად. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამის მნახველს თვალზე სიხარულის ცრემლი მომადგა, - ხომ გესმით, - წიგნი, რომელსაც ჩვენი დიდებული წინაპრები საუკუნიდან საუკუნემდე ხელით გადაწერდნენ, XXI საუკუნეშიც კვლავ ხელით გადაიწერა! ამას კი, მით უფრო, გამოყვანილი კალიგრაფიით, არც ისე ცოტა დრო და ენერგია სჭირდება. მაგრამ ამ კაცმა არც ერთი დაიშურა და არც მეორე ჩვენი სულიერი განძის მოსაფერებლად. ვინ იცის, ეს ამბავი კიდევ რამდენისთვის გახდება სამაგალითო და რამდენჯერ გადაიწერება "ვეფხისტყაოსანი" ხელით. ბოლოს და ბოლოს,  შვილიშვილებს ხომ მაინც გაახსენდებათ ბაბუის ნამოქმედარი. თქვენც უამბეთ ხალხს, ფანტასტიკური ტექნოლოგიების საუკუნეში როგორ იწერება ხელით ჩვენი სულიერი საუნჯე. ეს ხომ იმის მანიშნებელია, რომ სულიერი ღირებულებები ისევ ფასობს.

ამირან რუხაძე

ბატონ შალვას რედაქციიდან სიამოვნებით დავუკავშირდი...

- ბატონო შალვა, მაინც რამ გადაგაწყვეტინათ ამ არცთუ იოლ სამუშაოს შესდგომოდით?

- რამაც ჩვენს წინაპრებს გადააწყვეტინა. "ვეფხისტყაოსანში" ჩვენი არსებობის კოდი დევს. გადაწერა კი არა, დღე არ უნდა გადიოდეს ისე, რომ დიდ-პატარა ქართველი "ვეფხისტყაოსანს" არ მიუბრუნდეს. წერისას სწორედ ეს განცდა მქონდა. "ვეფხისტყაოსანი" ჩვენი სულია. ეს ყველამ იცის, ვისაც ჭკუა მოეკითხება. პირველი ხელნაწერის დასრულების შემდეგ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა მთხოვა, მეორე მათთვის გადამეწერა. სხვათა შორის, ჩვენი ბიზნესმენებიც არიან მონდომებულნი, რომ შინ ხელნაწერი შოთას პოემა ჰქონდეთ...

- როგორც მოგვწერეს, შვილიშვილები გყოლიათ, ამის დროს გაძლევდნენ?

- ეს სწორედ ჩემი შვილიშვილებისა და მათი თაობისთვის გავაკეთე. თუ კაცს რაიმე გულით გინდა და ხელიც გემორჩილება, ვერაფერი დაგაბრკოლებს. ის კი არა, ჩემი სამივე შვილის ოჯახებისთვის დავიწყე "ვეფხისტყაოსნის" გადაწერა. ის პირველი კი, რომელშიც მთელი ჩემი განცდები ჩავდე, ჩვენს სულიერ მწყემსს დიდი სიყვარულით ვაჩუქე, ამაზე უკეთესი ჩემს სიცოცხლეში რა უნდა გამეკეთებინა? გულში უდიდესი სიხარული მაქვს იმის გამოც, რომ როგორც ბევრი ქართველი, ჩემი მესამე შვილიშვილიც მისი მონათლულია.

უწმინდესს ძალიან გაუხარდა. იშვიათად მქონია ასეთი ბედნიერი დღე. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ არ მოხერხდა ეს მომენტი ფოტოზე აღბეჭდილიყო. როცა ჩემი შვილიშვილები დაიზრდებიან და თავიანთი ოჯახები ექნებათ, ამ დიდი ქართველის ფოტო უძვირფასეს რელიკვიად დარჩებოდა და თაობიდან თაობას გადასცემდნენ...

P.S. და ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენს ქვეყანაში ოდესმე მოვიდეს თაობა, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" სიყვარულს არავინ ასწავლის. არც მოვა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჟამი, როცა ამის საშიშროება დგებოდა, მაგრამ იგი გადიოდა და "ვეფხისტყაოსანი" კვლავ რჩებოდა ერის სულიერების განძად. და თუ ეს რვა საუკუნის მანძილზე ასე იყო, უეჭველია, რომ მომავალშიც ასე იქნება.