"ბოროტების იმპერიის" ნათლია, ანუ ვინ შეარქვა სინამდვილეში ასე საბჭოთა კავშირს! - კვირის პალიტრა

"ბოროტების იმპერიის" ნათლია, ანუ ვინ შეარქვა სინამდვილეში ასე საბჭოთა კავშირს!

ხშირად ხდება, საზოგადოების ცნობიერებაში კარგად დამკვიდრებული ამბავი, დროთა განმავლობაში სხვაგვარად წარმოჩნდება, - ეს იმას ნიშნავს, რომ დრო ისე შეცვლილა, რომ მოვლენისათვის ან საკუთარი ინტერპრეტაცია მიუცია, ანდა სინათლე სრულად მოუფენია. რასაც ბატონი ირაკლი ნაცვლიშვილი გვწერს, ამგვარ ამბად მიგვაჩნია. მან შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, მაგრამ როცა რაიმეზე პოლემიკა იწყება, ესეც თავისთავად კარგია.

უფროსი თაობიდან ბევრი დამეთანხმება, რომ 1982 წელს ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სიტყვებმა, - საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიააო, - ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ისეთი ხალხიც ხომ იყო, ვინც პირველად დაფიქრდა, სად დაიბადა და სად ცხოვრობდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში პოლიტიკურ ბანაკებში ატარებდა სიცოცხლის წლებს. ერთ ასეთ კაცზე მინდა გიამბოთ და თანაც ისეთი რამ გითხრათ, რაც ალბათ, გაგაკვირვებთ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ამბავი უჩინრად არ უნდა ჩაჰბარდეს წარსულს. ეს კაცი ვაჟა ჟღენტი გახლავთ, - პოლიტიკური პატიმარი, რომელიც სასჯელს საბჭოთა სპეცბანაკში, ანუ ეგრეთ წოდებულ ლიდერთა ზონაში იხდიდა, სადაც 6 თვე დასახვრეტთა კარცერში იჯდა. ეს ადამიანი, 5 პოლიტიკურ პატიმარ მეცნიერთან ერთად, ნობელის პრემიაზე წარდგენილთა სიაშიც მოხვდა, სოლჟენიცინის პრემიაზე კი უარი თქვა - შოვინისტისგან პრემიას არ მივიღებო! ამ მოკრძალებული კაცისგან ამბავი, რომელზეც გიამბობთ, ვეჭვობ, ჩემამდე ბევრს გაეგო. მოკლედ, ვაჟა სპეცბანაკში 9-წლიან სასჯელს იხდიდა ცნობილ რუს პოლიტპატიმრებთან (იური ორლოვი, მიროსლავ მარინოვიჩი, მიკოლა რუდენკო, ანტონ ტერლიაცკასი...). ისინი დაუძინებელი მტრები იყვნენ ბოლშევიკებისა, პოლიტბანაკებიდან რომ ახერხებდნენ იმპერიასთან ბრძოლას, - როცა ვინმეს ახლობლის ნახვის უფლებას მისცემდნენ, თეფშზე გადაგლესილ ცხიმზე აჩხაპნიდნენ ტელეგრამების ტექსტს, რომელიც დანიშნულებისამებრ იყო გასაგზავნი. ამ ტექსტს მნახველი იზეპირებდა, დანარჩენი კი გარეთმყოფთა საქმე იყო.

ერთ-ერთი ასეთი ტელეგრამა თურმე ამერიკის ახალ პრეზიდენტთან გასაგზავნადაც შეადგინეს, რომელზეც ხელმოწერის დაფიქსირება ბატონი ვაჟასთვისაც უთხოვიათ. მას კი კატეგორიულად უთქვამს: - ამოვიღოთ ტელეგრამიდან ფრაზა: "გისურვებთ წარმატებას კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში" და ჩავწეროთ, - "გისურვებთ წარმატებას ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაშიო"... ტელეგრამა ადრესატამდე მივიდა და ტერმინი "ბოროტების იმპერია" საყოველთაოდ დამკვიდრდა.

"კა-გე-ბემ ეს ამბავი სწრაფად გაიგო და ბანაკში მთავარმა მოსკოველმა "კაგებეშნიკებმა" ჩაატარეს დაკითხვა მართალია, მაშინვე ვაღიარე, რომ ფრაზა "ბოროტების იმპერიის" ავტორი ვიყავი, მაგრამ ამას სასჯელი არავისთვის შეუმსუბუქებია. მე კი მრავალი თვე გამოუსვლელად ვეგდე კარცერშიო", - მითხრა ბატონმა ვაჟამ.

აი, ასე! სხვათა შორის, ამ კაცის ღვაწლი ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, 1994 წელს დავით აღმაშენებლის ორდენზეც კი წარადგინეს, მაგრამ... დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ, მისცენ თუ არა?