ფრთხილად, გოგონი! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, გოგონი!

სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, მომეწერა თუ არ მომეწერა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რატომაც არა, ამ გაზეთს კითხულობენ და ამასაც უეჭველი წაიკითხავენ-მეთქი.

ამ დღეებში ისეთი ავარია ვნახე ქუჩაში, როგორც იტყვიან, თვალები შუბლზე ამივიდა, - ერთ მშვენიერ ქალბატონს ისეთი ავარია მოეხდინა, ქუჩის აქეთ და იქით ერთი-ორი ბებია იდგა და პირჯვარს იწერდა, - პირდაპირ ბორდიურზე ამხტარიყო და სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს მომავალ მანქანებში გარჭობილიყო, - იქ კი, რასაკვირველია, რამდენიმე  ჰყავდა მიჟეჟილ-მოჟეჟილი.  როგორც აღმოჩნდა, ღვედი არ ჰქონდა გადაჭერილი, მანქანიდან ბარბაცით გადმოსულმა თავად თქვა, - რომ შემეკრა, თავს არ მივარტყამდიო. ამ კურიოზულმა ავარიამ ისე დამაინტერესა, ეგრევე მობილურით გადავიღე. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცებისთვის მეჩვენებინა. ვაჩვენე კიდეც, - "ტიპებმა", - ვა, ასეთ ადგილზე ავარიის მოწყობას მაგარი მოხერხება უნდაო! ზოგმა თქვა, - ქალი რომ ზის საჭესთან, ეგ იმის ბრალია, რასაც მთვრალი  კაცი ახერხებს, ფხიზელი ქალი  "მშვენივრად ართმევს თავს", მაგათ ავარიის მოხდენის მაგარი ნიჭი აქვთო.

ერთმა, მე ვიცი ეგეთი ავარია რატომაც მოახდინა მაგ ქალმაო- ეტყობა, მობილურზე ჭორაობით ისე გაერთო, რომ ვერც კი მიხვდა ბორდიურისკენ რომ გადაუხვიაო.  ერთი სიტყვით, ცუდი ის არის, რომ ჩვენ, ალბათ, ათასი წელიწადი გავა და კანონებს ვერ მივეჩვევით. ამას მეც უცხოეთში სწავლისას მივხვდი, - იქ, იმიტომ, რომ ხალხი წესს ემორჩილება, ასეთი "კურიოზები" თითქმის არ ხდება. ვერ გამიგია, რატომ არის ასეთი ძნელი, რომ როცა საჭესთან ზიხარ, ტელეფონზე არ ილაპარაკო, ან რა დიდი შრომა სჭირდება იმას, რომ ღვედი შეიკრა? რამდენი კაცი ვიცი ისეთი, ვინც ნაღდად ღვედმა გადაარჩინა ავარიისას. უკაცრავად, მაგრამ ნამდვილად არავის ვმოძღვრავ, - უბრალოდ, ჩემს აზრს გამოვხატავ, - შენ თუ მანქანა გინდა, ხალხი ასეთ "კურიოზულ შოკში" არ უნდა ჩააგდო ... აი, სულ ეს იყო!

თქვენი ლევანი