სოფელმა რა დაგიშავათ?! - კვირის პალიტრა

სოფელმა რა დაგიშავათ?!

"იყო დრო, ფოსტალიონებს სახლის ჭიშკრამდე მიჰქონდათ გაზეთები"

"გამარჯობა "კვირის პალიტრავ". მე საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან გწერთ. სხვათა შორის, კორბოული საჩხერის რაიონში ყველაზე დიდი სოფელია (მე მგონია, ყველაზე მაგარიც!) და ძალიან კარგი ხალხიც ცხოვრობს. ამიტომაც მწყდება გული, რომ რამდენი ხანია "კვირის პალიტრას" ვკითხულობ და ჩემს სოფელზე არაფერი დაგიწერიათ. დაწერეთ, გთხოვთ, ხალხს გაუხარდება, - ჩვენთან "კვირის პალიტრას" ბევრი კითხულობს, - საჩხერიდან ამოაქვთ. მამაჩემსაც ასე მოაქვს, - საჩხერეში მუშაობს და ორშაბათობით ყიდულობს. მეორე დღეს მეზობელს ვატანთ, რომ წაიკითხოს. ხანდახან იმ მეზობლიდან სხვას მიაქვს. მოკლედ, ასე დადის თქვენი გაზეთი სოფელში. მამაჩემი კი მოდის საღამოს და გვიბრაზდება, - სანამ მე არ წავიკითხავ, ნურავის გაატანთ, რა გამოვიდა, ვყიდულობ და წაკითხვას არ მაცლიანო. ამიტომ გწერთ, - რადგან ბევრს აინტერესებს, იქნებ, შეძლოთ თავად მოიტანოთ თქვენი გაზეთი კორბოულში. სადაც გინდათ, დატოვეთ, გინდა ჯიხურში, გინდა მაღაზიაში და ხალხიც იყიდის, ვისაც შეეძლება. თორემ უკვე აღარ შემიძლია ყველა ორშაბათს იმის ძახილი, - სად წაიღეთ ჩემი გაზეთი, დამიყენეთ სახლში!

ნანა კაპანაძე".

"ბატონო რედაქტორო, მოგესალმებით და პირველ რიგში, მადლობას გეუბნებით იმის გამო, რომ "კვირის პალიტრა" აგერ უკვე რამდენი წელიწადია, ჩვენი ოჯახის მეგობარია. ჩემმა ოჯახმა თქვენი გაზეთით გადაიტანა სიბნელე, სიცივე და ზოგჯერ უპურობაც კი. ხომ გახსოვთ, რა წლები იყო. მე ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში ვცხოვრობ და ჭანიეთიდან, რამხელა გზა ფეხით გამივლია, რომ ოზურგეთში ჩავსულიყავი და "კვირის პალიტრა" მეყიდა. თქვენ გვატყობინებდით ქვეყნის ამბებს, როცა ტელევიზორსაც ვერ ჩართავდა კაცი. ახლა კი, საყვედურსაც გეტყვით, - ზემოთ ვთქვი, - ცხოვრება შეიცვალა-მეთქი. ამ ჭანიეთიდან თუ გინდა, ამერიკაში დაინახავ კაცს კომპიუტერით და, თქვე დალოცვილებო, რა გაგიხდათ ამისთანა ძნელი, რომ გაზეთი ვერ ჩამოგიტანიათ ჭანიეთში, - როგორც მაშინ დავრბოდით მის საყიდლად ოზურგეთში, ახლაც ისე დავრბივართ. ამასაც ხომ არ სჭირდება საზღვარგარეთ კურსების გავლა? ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კომუნისტებს მშვენივრად ჰქონდათ ეს საქმე მოგვარებული - ფოსტალიონები დადიოდნენ სოფლებში. თქვენც რამე მოიფიქრეთ. მარტო ჩვენთვის ხომ არ იქნება კარგი, თქვენთვისაც კარგი იქნება და  ქვეყნისთვისაც.

პატივისცემით, დავით კიღურაძე".

ეს ის წერილები რედაქციაში შემოსული ფოსტიდან ამოვარჩიეთ. რა თქმა უნდა, სხვა დროსაც მოგვდიოდა ამ სათხოვრით წერილები რეგიონებიდან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ ისევ აუწყობელ ქვეყანაში, ყველა სოფელში გაზეთების გაგზავნა არცთუ ადვილი საქმეა, მაგრამ ხალხი რომ წვალობს - ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ეხვეწებიან, ქალაქიდან გაზეთი ამოგვიტანეო. მეც მყავს სოფელში ასეთი ახლობელი, -  ორშაბათ დილას ავტობუსის მძღოლის ლოდინში ორღობეზე გადმოეკიდება ხოლმე, რომ რაიონულ ცენტრში "კვირის პალიტრა" დააბაროს. ის, მართალია, წერილს არ გზავნის, მაგრამ როცა უნდა დაურეკო, აუცილებლად გეტყვის, - რედაქციას უთხარი, სოფელში "კვირის პალიტრა" მოიტანოსო. აი, ამ წუთში რომ დარეკო, მაშინაც (და ბლიცინტერვიუც გამოდის):

- ნანა, გინდა, შენს საყვარელ "კვირის პალიტრაში" შენზე დავწერო?

- რატომ არ მინდა ვითომ, მაგრამ შენ თემა მითხარი!

- აგერ, სოფლებიდან წერილები მოგვივიდა. "კვირის პალიტრა" სოფლებშიც შემოიტანეთო და გამახსენდა, ორშაბათობით როგორ ელოდები ოზურგეთში მიმავალ ავტობუსს გაზეთის დასაბარებლად...

- აშენდეს მაგის დამწერი, მარა მაინცდამაინც სხვისი ნათქვამი რომ გჯერა, მე არ გეუბნებოდი, რა გაგიხდათ  თქვენი გაზეთის სოფლებში მოტანა-მეთქი?

...მართალია ჩემი ახლობელი. წესიერად რომ დავფიქრდეთ, საქართველომ სწორედ სოფელს უნდა უნთოს სანთელი. იქ იქსოვება ეროვნული ძარღვი, რომელიც მტერმა ვერ გაწყვიტა და ვერც გაწყვეტს, სანამ სოფელში კაცი მიწაზე მყარად იდგება, იშრომებს, იწვალებს. წვალებით კი ძალიან წვალობენ ჩვენს სოფლებში და თუკი "კვირის პალიტრა" სულიერად დაასვენებს, ამას რა სჯობია. ხშირად დავდივარ სოფლებში და საკუთარი თვალით მინახავს, ორშაბათობით როგორ დაგორგლიან ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დაბარებულ "კვირის პალიტრას" და შემოდებენ "ტორპედოზე". არის მერე ხვეწნა-მუდარა სალონიდან: - ბიჭო, მათხოვე ერთი მაი გაზეთი, სანამ სახლამდე მივალთ, წევიკითხავ პატარა, ახალ ამბავს გევიგებ...

- დამანებე ახლა თავი. მაი გაზეთი იმფერმა ქალმა დამაბარა,  დაჭმუჭნილი რომ მივუტანო, ცოცხალი ვერ გადვურჩები და ცოდვა ვარ!

- მათხოვე, ბიჭო და არ მივაკარებ ცივ ნიავს!

რა დამავიწყებს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურში, ერთ ნამდვილ ქართულ, ნოდარ თალაკვაძის ოჯახს, სადაც თავად ბატონმა ნოდარმა მაჩვენა წლობით შენახული "კვირის პალიტრა",  - აი, ჩემი გაზეთიო. რად გინდათ, რომ ინახავთ, ახალ-ახალი წაიკითხეთ-მეთქი. და, - ვერ ველევიო, - მითხრა. მერე მოდგა და ყველა ჟურნალისტის სახელი და გვარი ჩამომითვალა, ისე სწორად ახასიათებდა ყველას, სახტად დავრჩი... ან ის როგორ დამავიწყდება, საჩხერის რაიონის სოფელ პერევის სკოლაში როგორ მოიკითხეს "კვირის პალიტრა". სკოლის დირექტორმა, - სული შეგვეხუთებოდა, "კვირის პალიტრას" რომ არ ვკითხულობდეთ, საჩხერიდან ამოგვაქვსო. პერევის ცაში აჭრილი მთების პატრონს სული რამ უნდა შეუხუთოს, მაგრამ ვინც პერევის შესასვლელთან რუსი ჯარისკაცების პოსტს აივლის, კარგად მიხვდება, - რა უხუთავს სულს აქაურ კაცს. მერე გამახსენდება, რამდენჯერ წაიკითხავენ პერეველები,  44-გვერდიან "კვირის პალიტრაში" თუნდაც მარტო ერთ სიტყვა "საქართველოს" და მეიმედება ისე, როგორც ქართული სოფელი, სადაც ეროვნული ძარღვი იქსოვება. "კვირის პალიტრაც" სხვას რას აკეთებს და ეს ძარღვი სოფლის გულთან ახლოს მისვლით რატომ არ უნდა დაჭიმოს?

p.s რედაქციაში არ წყდება სატელეფონო ზარები, - სოფლად მცხოვრები ადამიანები პრესის მიწოდების თაობაზე დახმარებას გვთხოვენ. პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა ჯი" რეგიონებში მცხოვრებ ყველა მსურველს სთავაზობს ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას სოფლად, გარკვეული ანაზღაურებით.

დაინტერესებული პირები

დაგვიკავშირდით: 38-26-73; 38-26-74

ეთერ ერაძე