ჩუმი სიკეთე - კვირის პალიტრა

ჩუმი სიკეთე

რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც  გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება...

ხშირად დრო ისე მიდის, თითქოს ვეღარც კი ამჩნევ, ხარ თუ არა. ამ დროს რაღაც ხდება ისეთი, რაც თითქოს მთლიანად გცვლის და  გაფიქრებს.

ერთი ასეთი ამბავი უნდა გიამბოთ. არა მგონია, თქვათ, - ასე აუცილებელი რატომ არის, რომ ჩვენც გავიგოთო, მაგრამ რასაც გიამბობთ, ჩემი აზრით, ისეთი "წინ მიდევნებული" ლამპარია, რომელიც სხვასაც გზას გაუნათებს და იმედსაც მისცემს.

არის ერთი მშვენიერი ქალი, რომელსაც საზრუნავი არ აკლია, მაგრამ მიუხედავად ამისა,  უცხო უსახლკარო მოხუცი შეიფარა და უვლის. ამას რომ ვწერ, კარგად ვიცი, იმ ხალხს ვერ გავახარებ, ვისაც ახლობელი მოხუცები უპატრონოთა თავშესაფარში ჰყავს მიბარებული...

ისინი ჩემს მეზობლად ნაქირავებ ბინაში გადმოვიდნენ. მივედი და მოვინახულე. გაოგნებული შევყურებდი, რა სიყვარულით ეფერებოდა გაქათქათებულ საწოლში ჩაწოლილ 81 წლის ბებოს ქალბატონი ლამზირა, - ზოგჯერ ასე მშობელ დედასაც ვერ მოუვლის კაცი, არ გამოუვა. ეს ბებოც, ამ მშვენიერ ქალს, ოთახიდან ფეხს გადგამს თუ არა, მაშინვე დაადევნებს, - მალე მოდი, შვილოო. არ ვიცი, როგორ მოახერხა ქალბატონმა ლამზირამ, მაგრამ მისი 27 წლის ვაჟიც კი, მოხუცს ისე მზრუნველობს, თითქოს გამზრდელი ბებია ჰყავდეს ლოგინად ჩავარდნილი. უფრო დიდი საოცრება ის არის, რომ ამ ოჯახის შემოსავალი ფაქტობრივად მხოლოდ პურის ფულს თუ სწვდება, მაგრამ მოხუცს, რაც სჭირდება, არაფერს აკლებენ.

მე სხვა არაფერი მინდა, მოინახულეთ ეს ადამი

ანები, - ჩვენს თანამედროვეობაში იმდენ ცუდზე ლაპარაკობენ, რომ დროა, კარგზეც ამოვიღოთ ხმა, რათა ხალხს დაკარგული რწმენა დაუბრუნდეს.

მანანა შენგელიძე

ქალბატონმა ლამზირა აბაკელიამ კარი გამიღო და ლოგინში ჩათბუნებულ მოხუცთან შემიყვანა...

- ეს ქალბატონი ლამარა ჩარკვიანი გახლავთ. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც თავის დროზე ყველა პატივს სცემდა, - ბაგა-ბაღების მთავარი მეთოდისტი გახლდათ. დღესაც ისეთი სიყვარულით ლაპარაკობს ბავშვებზე, ხვდები, რომ ამ საქმეს სიცოცხლე პატიოსნად შესწირა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.  როცა დედა გარდაეცვალა, თავის უზარმაზარ ბინაში მარტოობის შიში დასჩემდა. იფიქრა, ამ ბინას სახელმწიფოს ჩავაბარებ, სანაცვლოდ ისეთ ადგილას გადავალ, სადაც ასე იზოლირებული აღარ ვიქნები ხალხისგანო. მოკლედ, ჩააბარა. მაგრამ უკვე 1991 წელი იყო, სახელმწიფომ ბინა ვეღარ მისცა, სამაგიეროდ, 2004 წელს 70.000 ლარად შეფასებულ ბინაში 20.000  ლარი მისცეს. ეს იმით დასრულდა, რომ ახლობელს ასესხა და იმან აღარ დაუბრუნა. მას შემდეგ, რადგან ქვეყნად არავინ ჰყავს, ნაქირავები ბინიდან ნაქირავებ ბინაში გადადიოდა.

-  როგორ შეხვდით ერთმანეთს?

- მეც მის მეზობლად მქონდა ბინა ნაქირავები.

- თქვენ როგორღა აღმოჩნდით ამ დღეში?

- ამაზე ლაპარაკი მიჭირს. მეუღლემ მიგვატოვა და მას შემდეგ შვილებთან ერთად მეც კარიდან კარად დავდიოდი.

ჩვენი მოხუცი 77 წლის იყო, დიასახლისმა რომ უთხრა, ბინა დამიცალეო. სადღა უნდა წასულიყო, ბარგის გადატანა კი არა, უკვე სიარული უჭირდა. მე ხომ ვიცნობდი, - მებრალებოდა და ცხელი კერძები შემქონდა. მერე მთხოვა, - იქნებ შემიფაროთო. რომ არ მოგატყუოთ, შემეშინდა, - ჩვენ თვითონაც გვიჭირს და მოხუცს როგორ უნდა მოვუარო-მეთქი. მოძღვართან წავედი. იმან, - თუკი რაიმე სიკეთე გინდა გქონდეს, მოხუცის დახმარებაზე უარი არ თქვაო.

მას შემდეგ ასე ვცხოვრობთ. ახლა, როცა მოხუცს აზიარებს ხოლმე, მოძღვარი ამბობს, - ასეთი რამეები გამეგონა, მაგრამ თვალით არ მენახაო.

იქნებ ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ მთელი გულით მიყვარს. საწოლი მის გვერდით დავიდგი და ღამღამობით თვითონ თუ არ დამიძახა, თავად მეღვიძება და დავყურებ, როგორ სუნთქავს-მეთქი.

- ლოგინად ჩავარდნილ ადამიანს, რომელსაც დღეში სამი ცალი პამპერსი  სჭირდება, როგორღა ინახავთ?

- ლოგინად ჩავარდნილ ადამიანს უამრავი პამპერსი სჭირდება, თუმცა ამისთვის პენსია ჰყოფნის.  მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა ვაჟმა დაიწყო მუშაობა. მართალია, მხოლოდ 300 ლარი აქვს, მაგრამ ესეც უფლის საჩუქარია. ერთ რამეზე ძალიან მტკივა გული, - როგორც კი ვორონცოვზე ნაქირავები ბინა დავტოვეთ, ჩემს მოხუცს სოციალური დახმარება - 30 ლარი - მოუხსნეს. ასეთია კანონი, თუ დახმარება ისევ გჭირდებათ, ახლა სადაც ცხოვრობთ, იმ გამგეობას მიმართეთო. გლდანის გამგეობაში კი ვეღარ შევაღწიე - რამდენჯერაც მივედი, უამრავი კაცი იდგა რიგში.

- გისმენთ და უნებურად ვფიქრობ, განგება ამ სიკეთისთვის უსათუოდ დააჯილდოებს-მეთქი.

- ჩემი ჯილდო ჩემი შვილები არიან. როგორც ყველა დედას, მინდა ისინი მყავდნენ კარგად და გზაზე დამდგარნი. ძნელი საყურებელია, როცა ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა შესაფერის სამსახურს ვერ შოულობს.

მინდა ჩემმა მოხუცმა იცოცხლოს, - ჩვენი გზები რახან გადაიკვეთა, ესე იგი, უფალს უნდოდა ასე. კიდევ ერთი რამ მინდა გავიხსენო: ცოტა ხნის წინ ისე ცუდად გამიხდა, სასწრაფოს ექიმმა მითხრა, - საეჭვოა, რომ მოიხედოსო. ამ დროს რაიონიდან სტუმრად მყავდა დეიდაშვილი, ხუთი შვილი ჰყავს და ბოლო ორს  - ბიჭს და გოგონას პატრიარქი უნათლავდა. სტუმრებს ყურადღება ვერ მივაქციე, მოხუცს ვედექი თავზე და წამლებს ვასმევდი. ჩაეძინა და დაახლოებით ღამის თერთმეტზე დამშვიდებულმა გამოიღვიძა, - ჩვენს სტუმარ ბავშვებში იასონი ან იაკობი რომელიაო? ვუთხარი, არც ერთი არ არის-მეთქი. არ ამბობ მართალს, როგორ თუ არ არისო, - აიჩემა და თანაც ისე, რომ სტუმრებს ვუთხარი, - რა ვქნა, ასე გაიძახის, ბიჭს ნათლობის სახელად იასონი ან იაკობი ჩავუწეროთ, ეტყობა, ასეა საჭირო-მეთქი. მოკლედ, ბექას იაკობი დავარქვით ნათლობის სახელად. მერე  მოძღვარმაც მითხრა, ორივე წმინდანის სახელიაო...

...აი, ასე  ვცხოვრობთ მე, ჩემი შვილები და ჩვენი ბებო.