უკანასკნელი სადღეგრძელო - კვირის პალიტრა

უკანასკნელი სადღეგრძელო

ახლახან გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სერიით, "გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება" ჰამლეტ გონაშვილის ბიოგრაფია გამოსცა - ძალიან ლამაზი წიგნი. ამ გამოცემით ჰამლეტ გონაშვილის სახელი თაობებს გადაეცემა, ჩვენ კი ამ წიგნით მოხიბლული ერთი კარგი კახელი კაცის მოგონებას შემოგთავაზებთ ჰამლეტ გონაშვილზე.

ჩემო "კვირის პალიტრავ". ამას წინათ ჰამლეტ გონაშვილზე ისეთ მშვენიერ საბავშვო წიგნს წავაწყდი, გულში ათასგზის მადლობა შემოგითვალეთ - არა მგონია, ვინმეს გაეგონოს ჰამლეტის ხმა და გულში სამუდამოდ არ ჩარჩენოდეს, - ეს კაცი განძი იყო ქართული სულიერებისა, გაგრძელება წინაპრებისა, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით სავსენი წავიდნენ იმ ქვეყნად. ჰამლეტიც ასე წავიდა და თავისი უკანასკნელი სადღეგრძელოც ასეთი წაიღო. ამაზე აუცილებლად უნდა მოგიყვეთ...

ზაფხული იყო და ანსამბლი "რუსთავი" კახეთში მართავდა კონცერტებს. წინანდალშიც ამოვიდნენ და მერე, როგორც ჩვეულებრივად ხდებოდა, სცენიდან სუფრაზე გადაინაცვლეს, ბოლოს თელავში ამოვყავით თავი, სადაც სუფრაზე, ასევე სცენაზე უკეთესი თუ არა, ნაკლები კონცერტი არ ყოფილა - თელავის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლთან ერთად ქართული ჰანგების ნამდვილი შეჯიბრება გაიმართა. იმ ღამეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობდა, - ალბათ სამოთხეში ვარო. თავზე როგორ დაგვათენდა, ვერ  გავიგეთ. ღამენათევმა მომღერლებმა ისეთი "ჩაკრულო" ჩაახვიეს, გარშემო ფანჯრები ერთბაშად გაიღო და ხალხი მოსასმენად გამოეფინა. ჰამლეტმა თქვა, - დედასთან უნდა წავიდე, მაგრამ ხელცარიელი ვერ წავალ, ჯერ ბაზარში უნდა შევიაროო. მარტო როგორ გავუშვებდი და გავყევი. ბაზრის შესასვლელშივე საზამთროს გროვები ეწყო, - ჰამლეტი ერთთან მივიდა და, - აბა, ერთი ამიწონე, რას აფასებო? რას ამბობ, კაცო, შენა ჰამლეტი არ ხარ, გონაშვილიო, - უცებ შესძახა გამყიდველმა, - შენა საზამთროს ვინ მოგყიდის, კაცო, აბა, მანქანა სად გიდგათო და ხელი არ მოგვაკიდებინა, ისე მიიტანა მანქანამდე საზამთრო. ჰამლეტმა უყურა, უყურა და... აი, ახლა მომინდა და დახლზე ძველებურად გავშალოთ სუფრაო. ერთი კი ვუთხარი, - აგერ სასაუზმეა და იქ შევიდეთ-მეთქი. მაგრამ, - რას ამბობ, აქ უნდა ვახსენო მამა-პაპათა სულიო! დატრიალდნენ ბაზარში გამოსული კახელები და უცებ გაიშალა სახელდახელო სუფრა. სად იყო და სად არა, - თითქოს თავად განგებამ დაიბარაო, ბაზარში "ქუხილით მომღერალი" ილია ზაქაიძეც გამოჩნდა თავისი ფანდურით და... სიმართლე რომ ვთქვა, ამ ორი ბუმბერაზის გვერდით სრულიად დავივიწყე ის ამბავი, რომ თანამდებობის პირი ვიყავი და დახლზე გაშლილი პურმარილის გამო შეიძლებოდა სამსახურიც დამეკარგა.

სულ ბოლოს კი, როცა კახური ღვინით სისხლი, ხოლო გული ბოლომდე სიყვარულით აივსო, ჰამლეტმა შეავსო სასმისი, წელში გაიმართა, თავისი ჩვეულებრივი მანერით ოდნავ მიიხედა, ქუდი მოიხადა, ჭიქა მაღლა ასწია და, - ეს არის ჩემი უკანასკნელი სადღეგრძელო - საქართველოს გაუმარჯოსო.

უკანასკნელი იყო ეს სადღეგრძელოც და ჩვენი შეხვედრაც...

ჯემალ ჩოთალიშვილი