"ბიჭებო, რაიმე რომანტიკული მოვუწყოთ ჩვენს გოგოებს" - კვირის პალიტრა

"ბიჭებო, რაიმე რომანტიკული მოვუწყოთ ჩვენს გოგოებს"

ვალენტინობაც მოვიდა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორც ყველაფერმა ევროპულმა, ვალენტინობის დღესასწაულმაც დაიწყო ჩვენში დამკვიდრება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი კამათობს, ღირს თუ არა ვალენტინობის აღნიშვნა, ქართველი თინეიჯერები მაინც დიდის ამბით აღნიშნავენ.

სიმართლე გითხრათ, სულ არ ვიცი, ვალენტინობას ევროპაში როგორ აღნიშნავენ, მაგრამ არა მგონია ჩვენგან დიდად განსხვავდებოდეს, - რა მნიშვნელობა აქვს, სიყვარული ყველგან სიყვარულია.

ერთი სიტყვით, ამას წინათ მე და ჩემი ძმაკაცი დიდხანს ვბჭობდით, რა საჩუქარი  მიგვერთმია ვალენტინობაზე შეყვარებულებისთვის. ხან რა ვთქვით და ხან -რა. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადავწყვიტეთ, - ცოტა ფულს მოვუყაროთ თავი და გუდაურში შეყვარებულებთან ერთად წავიდეთ-მეთქი. მართლა ჭკვიანი ხარო, გაუხარდა, იმ წუთშივე მეგობრებს გადაურეკა და დაიწყო ფულის შეგროვება.

ასე რომ, ვალენტინობას ჩვენ გუდაურში მივდივართ. მჯერა, ჩვენს გოგონებს ეს სიურპრიზი ძალზე მოეწონებათ და იქიდან  კმაყოფილები დავბრუნდებით.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ქართველ ბიჭებს, ვალენტინობას თავს რომ გაიგიჟებენ და ლამის ბანკის ვალს იღებენ შეყვარებულების საჩუქრებისთვის: - ბიჭებო, თუ ნამდვილი ოჯახები გინდათ შექმნათ, საჩუქარზე თავს ნუ გაიგიჟებთ. ცოლად რომ მოიყვანთ, მერეც ასეთ რამერუმეებს  მოგთხოვენ. გვინდა ახლა ეს ჩვენ? ჰოდა, დაანებეთ თავი ბანკის ვალებს და რაიმე რომანტიკული მოიფიქრეთ. თუ გუდაურში არა, შეყვარებულთან ერთად კაფეს ესტუმრეთ.  სანთლების შუქზე რაიმე ორიგინალური საჩუქარი მიართვით და ცოლობაც შეიძლება სთხოვოთ, ეს თქვენი საქმეა. იცით, კიდევ რა შეიძლება? სახლის სახურავზე (რა მაგარია, თქვენს მეტი იქ არავინ იქნება}), სანთლების შუქზე აუხსენით სიყვარული. ისე, ახლა ცოტა კი ცივა, მაგრამ  არა მგონია, ამან შეგაშინოთ, სამაგიეროდ, სუპერრომანტიკული იქნება.

P.S. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენში სიყვარულისა და ოჯახის მფარველად წმინდა დავითგარეჯელი ითვლება და არა ვალენტინი.

თქვენი ბექა