რაჭის ახალი ხვანჭკარა? - კვირის პალიტრა

რაჭის ახალი ხვანჭკარა?

ვაზის ჯიში, რომელსაც ყინვის არ ეშინია

ჩვენ რომ ისევ ჩვენს მთა-ბარში გაფანტული და უყურადღებოდ მიტოვებული გლეხობის ნაამაგრით ვართ, აქამდეც არაერთხელ გვითქვამს. ჩვენი ბრძენი გლეხის მადლი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. ამ წერილის ავტორს, უბრალო რაჭველ კაცს, ისეთი რამ აქვს ნამოქმედარი, სახელმწიფოებრივი ჭკუა რომ გვქონდეს, ხელებზე სამთხვევი კაცია. ის კი იქით გვეკითხებოდა, - მე კი მოგწერეთ წერილი, მაგრამ ვითომ ამ წერილისგან გამოვა რამეო?

"მე ვანო სულთანიშვილი გახლავართ, მამა-პაპით ქართველი, სოფელ გლოლიდან. იქ დავიბადე 1937 წელს. სულით და გულით მინდოდა განათლება მიმეღო, მაგრამ იმ ოხერმა სამამულო ომმა შემიშალა ხელი - მამაჩემი ომში წავიდა, მასთან ერთად საკუთარი სურვილით წავიდა ჩემი უფროსი ძმაც, ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ დაიკარგა.

ექვსი დედმამიშვილიდან მეხუთე მე ვიყავი, ყველანი ნასწავლები იყვნენ და ალბათ მეც ვისწავლიდი, მაგრამ... მთელი ჩემი ცოდნა შოფრობა იყო. ვენახი გვქონდა სოფელ  ხურუთში (ონის მიმდებარე სოფელია), გლოლიდან ხურუთამდე 32-33 კმ-ია და სამამულო ომი რომ დაიწყო, ვიღას სცხელოდა ვენახისთვის, ამიტომ თავი მივანებეთ. მე კი არ მინდოდა, მაგრამ პატარა ვიყავი და ყურს ვინ დამიგდებდა. ასე იყო თუ ისე, ვაზის სიყვარული გულში ჩამივარდა და რომ შევიქენი თორმეტი წლის, შემოდგომის მიწურულს ვენახში ღამე ჩემი ამხანაგებით ჩავედი, სამი ძირი ვაზი ამოვთხარე და წამოვიღე. ძალიან გამიწყრა მამაჩემი, მაგრამ ბოლოს დამშვიდდა. ვაზი სამი-ოთხი წელი გვქონდა, მაგრამ ვერ ასწრებდა შემოსვლას. მერე ყინვამ გაახმო. იმის შემდეგ საიდან არ მოვიტანე ნერგები, თუმცა იზაბელას მეტი ვერაფერი გავახარე, იზაბელა კიდევ, თუ კარგი შემოდგომა არ იქნა, ვერ მწიფდება. სულმოუთქმელად ველოდებოდი კარგ შემოდგომას, რომ ვაზზე გამობმული ჯიშიანი მტევანი მენახა და დამეწურა.

აი, ამგვარ განცდაში ვიყავი და აქ დამეხმარა ჩემი შოფრობა - გეოლოგიურ პარტიაში ვმუშაობდი, დავდიოდი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოში და ყველა კუთხიდან მომქონდა ვაზის ნერგები. მივიტანდი შინ და მერე ხან როგორ ვაჯვარებდი და ხან როგორ. ბოლოს, ერთმა ძირმა მომცა ნიშანი. პირველ წელს მოიბა სამი მტევანი, მეორე წელს - თვრამეტი. მერე ერთი უბედურება დამემართა, - ეს ობოლი ვენახი გაზაფხულზე გავსხალი ჩემი უცოდინარობით და გახმა. როგორც ახლობელს, ისე დავტიროდი. მერე - ლერწიდანაც ხომ შეიძლება ვაზის გახარება-მეთქი და აი, ამ ლერწით ისეთი ვენახი გავაშენე, მტერს თვალი დავუყენე - ჩემს თოვლიან-ყინვიან რაჭაში ისეთი ვაზი გამოვიყვანე, მთის სუსხი და ნაადრევი ზამთარი ნირსაც ვერ აცვლევინებს, კიდევაც ისხამს, კიდევაც მწიფდება და კიდევაც ღვინოს ვწურავთ.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ დღეს ჩემი ვენახი პოპულარული გახდა რაჭაში. თუ სახელმწიფოც მოინდომებს, შემიძლია უღვინო მთის რაჭაში ორ-სამ წელიწადში გავაშენო ვაზი. ამჟამად გლოლაში 100 ძირი მაქვს დარგული, 60 ძირი სოფელ ღებში ვაჩუქე ერთ კაცს. ყველას უკვირს, ის დალოცვილი ისე ბარაქიანად ისხამს მეცხრე წელია.

თქვენც გეპატიჟებით, ინახულეთ ჩემი ვენახი. ნათქვამია: "გაგონილს ნანახი სჯობიაო". ისე ჩემს ლექსსაც გიგზავნით, თუ არ მოგეწონებათ, რა ბედენაა მერე, "კვირის პალიტრაში" ჩემი ვენახის ამბავი თუ დაიწერება, სიხარულად ისიც მეყოფა და კიდევ იმ გლეხის სიხარულად, ჩემსავით მთაში რომ ცდილობს და შეჰხარის ქართულ ჯიშსაც და ქართულ ღვინოსაც!

ვანო სულთანიშვილი

P.S. გაიხარეთ, ბატონო ვანო! თქვენისთანა გლეხი უმრავლოს ღმერთმა ჩვენს მთასა და ბარს. ჩვენ კი თქვენი ლექსებიდან ერთ სტროფს მაინც დავბეჭდავთ, - მართალია, ამ ლექსში წერთ, ჩემს გვარსა და სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ აქვს და თანაც როგორი! აი, ეს სტროფიც: "გვარს მნიშვნელობა არ აქვს, არც სახელსა აქვს აზრიო, ქართველი მიჩურინი ვარ, მთაში გამომყავს ვაზიო".